საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 26.01.2023
საქმის ნომერი
2კ-1089აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.01.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100122005536427

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1089აპ-22 26 იანვარი, 2023 წელი

კ-ე გ., №1089აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 სექტემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. კ–სე (პირადი N..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 ივლისის განაჩენით ოჯახის წევრის მიმართ მუქარისთვის ნასამართლევი გ. კ–ე 2022 წლის 28 იანვარს, ქ.ბ–ში,....ის დასახლება №..–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, არაერთგზის, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს - მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ. წ–ს, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა გ. კ–სის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 აპრილის განაჩენით გ. კ–სე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 აპრილის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ. კ–სის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 28 სექტემბერს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 სექტემბრის განაჩენის გაუქმება, გ. კ–სის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან დაზარალებულ ლ. წ–სისა და მოწმე ნ. კ–სის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ გ. კ–სის ბრალეულობას, კერძოდ, მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო დაზარალებულის შეტყობინება გ. კ–სის მუქარის შესახებ, რომლითაც ითხოვა პოლიციის დახმარება. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულმა მოწმე მ. ლ–მ კი განმარტა, რომ დაზარალებული იყო აღელვებული, შეშინებული და ითხოვდა პოლიციის დახმარებას. დაზარალებულ ლ. წ–სისა და მოწმე ნ. კ–სის გამოკითხვის ოქმებით დადასტურდა გ. კ–სის მუქარა დაზარალებულის მიმართ. თავად გ. კ–მ კი საბოლოო სიტყვისას განმარტა, რომ ,,ცუდად მოიქცა და მისი მხრიდან ასეთი საქციელი აღარ განმეორედებოდა“, რითაც ფაქტობრივად აღიარა დანაშაულის ჩადენა.

4.2. კასატორის პოზიციით, წარდგენილ ბრალდებაში გ. კ–სის გამართლება ეწინააღმდეგება დადგენილ პრაქტიკას და უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის N258აპ-19 გადაწყვეტილებაზე, რომელშიც განმარტებულია: „განსახილველ შემთხვევაში, მართალია, დაზარალებულმა მ.მ-მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლო განხილვისას არ მისცა ჩვენება მეუღლის - შ. მ-ს წინააღმდეგ, თუმცა პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შემთხვევიდან (ძალადობიდან და თავისუფლების უკანონო აღკვეთიდან) მცირე დროის გასვლის შემდეგ დაზარალებული ეკონტაქტებოდა შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებს, შესაბამისად, წერილობით მტკიცებულებებში დაფიქსირებული განმარტებები განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს მნიშვნელოვან ინფორმაციას და პალატას გონივრულად აფიქრებინებს, რომ დროის ამ მცირე მონაკვეთში მსხვერპლს ობიექტურად არ ჰქონდა შესაძლებლობა ფაქტები დაემახინჯებინა. გარდა ამისა, ი.ფ-სა და კ.ბ-ს დანაშაულებრივ ფაქტთან ჰქონდათ მყისიერი შეხება, კერძოდ, 112-ის გამოძახებაზე მოახდინეს სწრაფი რეაგირება და იმდენად მცირე დროში მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, რომ იქ დახვდათ ფრინველების სადგომში გარედან, ცულის მიბჯენით ჩაკეტილი მ.მ. გარდა ამისა, ისინი ჩვენებაში დეტალურად გადმოსცემდნენ განვითარებულ მოვლენებსა და მ.მ-ს ფსიქოემოციურ მდგომარეობას, შესაბამისად, მათი ჩვენებები განსახილველ საქმეში წარმოადგენს უტყუარ და სანდო მტკიცებულებას ბრალის დასადასტურებლად. გასათვალისწინებელია, რომ დასახელებულ მოწმეთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ქმნის იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის N97აპ-20 გადაწყვეტილებაში კი მითითებულია, რომ: „საკასაციო პალატამ ყურადღება მიაქცია დაზარალებულის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, რომელიც იყო მოტივირებული, რათა ხელი შეეწყო ობიექტური გამოძიებისათვის - თავად შეატყობინა სამართალდამცავებს დანაშაულის შესახებ, ნებაყოფლობით გამოიკითხა, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში, მათ შორის „112-ში“ მისი ზარის აუდიოჩანაწერის დათვალიერებაში, რაც სრულიად განსხვავდება მისი შემდგომი ქცევისგან, როდესაც უარი განაცხადა სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულის ქმედებები ნამდვილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ ქცევას, რომლებიც ძალადობის შემდგომ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას და ფაქტად იღებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებული, რომელიც არის ძალადობის მსხვერპლი, უკიდურესად შეშინებულია და მოძალადისაგან მომავალი საფრთხის განეიტრალებას (თვითგადარჩენას), მის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაკავებაში ხედავს, რამაც განაპირობა მისი პირვანდელი მტკიცე ნების - ხელი შეეწყო მართლმსაჯულების განხორციელებისათვის - რადიკალურად შეცვლა და სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა.“

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. კ–სის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბარალდებაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. დაზარალებულმა ლ. წ–მ (მეუღლემ) და მოწმე ნ. კ–მ (დედამ) უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მათ ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, გ. კ–სის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.

5.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.5. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.6. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს 112-ში შესულ შეტყობინებაზე, რომელშიც მითითებულია, რომ 2022 წლის 28 იანვარს ლ. წ–მ დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ ქუჩაში დანით მოკვლით დაემუქრა მეუღლე გ. კ–ე, რომელიც არის თამაშზე დამოკიდებული და ოჯახს თანხის გამოძალვის მიზნით აშინებს. N....... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმში კი მითითებულია, რომ 2022 წლის 28 იანვარს ლ. წ–სეს ნასვამი მეუღლე - გ. კ–ე დაემუქრა დანით სიცოცხლის მოსპობით, თუმცა აღსანიშნავია, რომ შეტყობინებასა და შემაკავებელ ორდერში აღწერილი არ არის გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. შესაბამისად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. კ–ს ბრალეულობა. ამასთან, კასატორის მიერ მითითებული მოწმის - მ. ლ–ს განმარტებით, შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე გამოცხადებისას, მას კორპუსის ეზოში მყოფმა ლ. წ–მ უთხრა, რომ რამდენიმე წუთის წინ ნასვამმა მეუღლემ სახლში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც ასევე დაუდასტურა იქვე მყოფმა ნ. კ–მ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოწმე არ არის მუქარის ფაქტის თვითმხილველი და მომხდარის შესახებ ინფორმაციას ფლობს უშუალოდ დაზარალებულისგან, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. შესაბამისად, მოწმის ჩვენება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გ. კ–ის მხრიდან დაზარალებულზე სიცოცხლის მოსპობის მუქარას, წარმოდგენილი არ არის, თავად დაზარალებულს კი სასამართლოში ჩვენება არ მიუცია. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა.

5.7. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ, ცალკე აღებული, შეტყობნინებასა და შემაკავებელ ორდერში მითითებული მწირი ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად და არ გააჩნია მტკიცებულებითი ღირებულება. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.8. კასატორი ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის N258აპ-19 და 2020 წლის 14 ივლისის N97აპ-20 გადაწყვეტილებებზე, თუმცა მითითებულ გადაწყვეტილებაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებებისგან, შესაბამისად, აღნიშნული არგუმენტებიც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

5.9. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. კ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე