საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 190100121004882154
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე N765აპ.-22 26 დეკემბერი, 2022 წელი ბ-ი ნ. , 765აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პროცედურა:
1.1. 2022 წლის 21 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვითაც, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 მარტის განაჩენი სასჯელის ნაწილში შეიცვალა, კერძოდ: ნ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით (2016 წლიდან 2021 წლის მარტამდე ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის მარტის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის ივნისიდან 2021 წლის 2 ივლისამდე ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 2 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლისა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.
1.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულ ნ. ბ-ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება, პირობითი მსჯავრის გამოყენების გარეშე.
2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებები:
2.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ:
- 2016 წლიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით ნ. ბ-ი მეუღლეს - ნ. ბ-ს არასრულწლოვანი შვილების: ბ., ნ. და გ. ბ-ის თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ეჭვიანობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების გავლენით, ყოველდღიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ნ. ბ-ი ნ. ბ-ს მისი გავლენისა და შიშის ქვეშ მოქცევის, ოჯახში მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების სურვილით, უფლებას არ აძლევდა დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილება ისეთ საკითხებზე, რაც მის პირად ცხოვრებას ეხებოდა, ასევე, ჩარეულიყო ოჯახთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, რადგან მისი აზრით, ცოლის მოვალეობა მხოლოდ ბავშვების აღზრდა იყო. ნ. ბ-ი მეუღლეს უკრძალავდა მისი ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლასა და სხვა ადამიანებთან, მათ შორის ნათესავებთან კომუნიკაციას. 2021 წლის მარტში, გვიან ღამით, მორიგი კონფლიქტისას, ნ. ბ-მა ნ. ბ-ი დააგდო იატაკზე და ყელზე მოუჭირა ხელები, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ნ. ბ-ი მეუღლეს - ნ. ბ-ს ყელში ხელის მოჭერის პარალელურად ეუბნებოდა, რომ უნდა მოეკლა, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.
- 2021 წლის ივნისიდან 2021 წლის 2 ივლისის ჩათვლით ნ. ბ-ი იმავე საფუძვლებით მეუღლეს - ნ. ბ-ს არასრულწლოვანი შვილების: ბ., ნ. და გ. ბ-ის თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ეჭვიანობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების გავლენით, კვლავ ყოველდღიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. გარდა ამისა, ნ. ბ-სათვის მიუღებელი აღმოჩნდა ნ. ბ-ის გადაწყვეტილება - დაშორებოდა მას და თანაცხოვრების გაგრძელების შემდეგ, მის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა მუქარის ტონით გააგრძელა, რის გამოც ნ. ბ-მა განიცადა ტანჯვა.
- 2021 წლის 2 ივლისს, დაახლოებით 17:30 საათზე ნ. ბ-მა მეუღლეს - ნ. ბ-ს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მისი გავლენისა და შიშის ქვეშ მოქცევის მიზნით, მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების სურვილით, იმის გამო, რომ ნ. ბ-ი მის დაუკითხავად ჩავიდა ეზოში, უთხრა, რომ დაასახიჩრებდა და მოკლავდა, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
- 2021 წლის 2 ივლისს, 20:40 საათზე, ნ. ბ-ი მივიდა რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც მოწმის სტატუსით იმყოფებოდა მისი მეუღლე - ნ. ბ-ი, რითიც არ შეასრულა მის მიმართ 2021 წლის 2 ივლისს, 18:50 საათზე, გამოცემული №- შემაკავებელი ორდერით დაკისრებული მოთხოვნა, რომლის თანახმად, მას, როგორც მოძალადეს, 30 დღის ვადით აეკრძალა იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი - ნ. ბ-ი იმყოფებოდა.
2.2. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელები შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულებსა და ნ. ბ-ის პიროვნულ მახასიათებლებს, რის გამოც მიზანშეწონილად არ მიიჩნია ამ ნაწილში ცვლილების შეტანა. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეფარდებულ სასჯელებს, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი, კერძოდ, ის ფაქტი, რომ ნ. ბ-მა აღნიშნული დანაშაულები ჩაიდინა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, რის გამოც ცვლილება შეიტანა რუსთავის რაიონული სასამართლოს განაჩენში და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) ნ. ბ-ს განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ორივე შემთხვევაში ჩაუთვალა პირობით.
2.3. სააპელაციო სასამართლოს აზრით, სასჯელი სამართლიანია პირობითი მსჯავრის გამოყენების ნაწილშიც, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საქმეში გამოკვეთილი იყო საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა.
3. კასატორის არგუმენტები:
3.1. კასატორ ხატია გოგრიჭიანის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში უკანონოა, ვინაიდან სასამართლოებმა სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინეს ის გარემოებები, რომ ნ. ბ-ი სისტემატურად ძალადობდა ნ. ბ-ზე, რამაც მსხვერპლს მძიმე ფიზიკური და ფსიქიკური ტრავმა მიაყენა, აგრეთვე დანაშაული ჩადენილია არასრულწლოვანი ბავშვების თანდასწრებითა და ასევე - თავად არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ.
3.2. კასატორ ხატია გოგრიჭიანის მოსაზრებით, სასამართლოებმა ასევე ყურადღების მიღმა დატოვეს ის გარემოება, რომ ნ. ბ-მა დანაშაული ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რაც, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორის აზრით, განაჩენი უკანონოა. შესაბამისად, კასატორმა კვალიფიციურად და არგუმენტირებულად უნდა მიუთითოს განაჩენის უკანონობის რომელიმე კრიტერიუმზე, კერძოდ, სასჯელის უკანონობაზე მსჯელობისას მხარემ უნდა ამტკიცოს, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.
4.2. განსახილველ შემთხვევაში ნ. ბ-სთვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით (2016 წლიდან 2021 წლის მარტამდე ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის მარტის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის ივნისიდან 2021 წლის 2 ივლისამდე ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 2 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით როგორც დამოუკიდებლად, ასევე დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელები ვერ ჩაითვლება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან აშკარად შეუსაბამოდ, ვინაიდან სასჯელის შეფარდებისას სააპელაციო სასამართლომ სრულად გაითვალისწინა ნ. ბ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (ნ. ბ-მა სრულად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები), სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით, აგრეთვე ის ფაქტი, რომ ცალკეული დანაშაულები ჩადენილია გენდერული დისკრიმინაციის მოტივით.
4.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ. ბ-ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებით მიიღწევა სასჯელის მიზნები, ვინაიდან პირობითი მსჯავრის გამოყენებისას პირი არ თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი რეალურად არ იხდის დანიშნულ სასჯელს, თუმცა გამოსაცდელი ვადის პერიოდში მის სათანადო ქცევაზე ზედამხედველობით გრძელდება ზემოქმედება ისეთი მიზნების განსახორციელებლად, როგორიცაა: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
4.4. პროკურორის მიერ მითითებული გარემოებები (დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით და ძალადობის სისტემატურობა) მოცემულ შემთხვევაში ვერ გახდება სასჯელის დამძიმების საფუძველი, ვინაიდან აღნიშნულმა გარემოებებმა განსაზღვრეს დანაშაულის შემადგენლობები, ხოლო საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამ კონტექსტში პალატა კვლავაც მიუთითებს, რომ სასჯელის შეფარდების დროს სასამართლო ბრალის შინაარსს იყენებს არა როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, არამედ - როგორც ჩადენილ ქმედებასთან დასანიშნი სასჯელის პროპორციულობის განმსაზღვრელ კატეგორიას, რისი მხედველობაში მიღებითაც, ნ. ბ-ის მიმართ სწორად იქნა გამოყენებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთის სახით. რაც შეეხება ბრალდების მხარის არგუმენტს, რომ სასამართლოებმა სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ დანაშაული ჩადენილია არასრულწლოვანი ბავშვის მიმართ, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე ნ. ბ-ს არ ედავება არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილ დანაშაულს, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულია მხოლოდ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ჩადენილ დანაშაულებზე.
4.5. უსაფუძვლოა პროკურორის მიერ საკასაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტი, რომ თითქოსდა, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ნ. ბ-მა დანაშაული ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციული მოტივით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ნ. ბ-ს სწორედ ამ საფუძვლით დაუმძიმა სასჯელი. ამდენად, საკასაციო სასამართლოსთვის გაუგებარია, საკასაციო წესით საჩივრის წარდგენისას ბრალდების მხარე რატომ აპელირებს იმავე საფუძველზე, რაც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა, ან საჩივრის აღწერილობით ნაწილში რატომ უთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
4.6. საკასაციო სასამართლოს აზრით, საჩივარში განვითარებული ზოგადი მსჯელობები, სამართლებრივი და მექანიკური შეცდომები (გარდა ზემოაღწერილი შეუსაბამობებისა, საკასაციო საჩივარში მითითებულია სხვა პირის სახელი და გვარი, არასწორია სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოტანის თარიღიც) ვერ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სტანდარტს და საკასაციო სასამართლოს აფიქრებინებს, რომ საჩივრის შემოტანას აქვს ფორმალური ხასიათი.
4.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ს 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე შ. თადუმაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე