დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად
დატოვების შესახებ
საქმე №71-23 ქ. თბილისი
თ-ი ს., 71-23 23 თებერვალი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის – მერაბ მერაბიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. 2023 წლის 9 თებერვალს ბრალდებულ ს. თ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – მ. ღ-ამ და თ. ს-ემ შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და მოითხოვეს ბრალდებულ ს. თ-ის სისხლის სამართლის №-- საქმის რუსთავის საქალაქო სასამართლოსათვის განსახილველად გადაცემა, ასევე – წინასასამართლო სხდომის რუსთავის საქალაქო სასამართლოში ჩატარება მიმდინარე წლის 7 მარტს, 14:00 საათზე.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 16 თებერვლის განჩინებით ბრალდებულ ს. თ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების შუამდგომლობა სისხლის სამართლის №- საქმის რუსთავის საქალაქო სასამართლოსათვის განსახილველად გადაცემის შესახებ დაკმაყოფილდა; სისხლის სამართლის №- საქმე ბრალდებულ ს. თ-ის მიმართ განსახილველად გადაეცა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
3. 2023 წლის 20 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 16 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსმა მერაბ მერაბიშვილმა. კასატორმა მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და ს. თ-ის ბრალდების სისხლის სამართლის №- საქმის ახალციხის რაიონულ სასამართლოში განსახილველად დაბრუნება.
4. დაცვის მხარემ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა წერილობითი პოზიცია, რომლითაც ადვოკატები ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 16 თებერვლის განჩინებაზე ბრალდების მხარის საჩივრის განუხილველად დატოვებას.
5. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა წრეს და მკაფიოდ ადგენს, რომ საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. მოცემული ნორმის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი შემაჯამებელი გადაწყვეტილების – განაჩენის კანონიერება (ასევე – საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლით დადგენილი წესით სააპელაციო სასამართლოს განჩინება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ და 314-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენი).
6. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 16 თებერვლის განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა ს. თ-ის ბრალდების სისხლის სამართლის №- საქმის რუსთავის საქალაქო სასამართლოსათვის განსახილველად გადაცემის თაობაზე და რომელიც საკასაციო წესით გასაჩივრებას არ ექვემდებარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს სასამართლოს მიერ გამოტანილი იმ აქტის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შესახებ, რომლის გადასინჯვა სცდება საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 16 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის – მერაბ მერაბიშვილის მიერ შეტანილი საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
8. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლით, 303-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის – მერაბ მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე