საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100121004742170
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1115აპ.-22 14 თებერვალი, 2023 წელი
გ–ი რ., №1115აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. გ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ცეცხლის წაკიდებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2021 წლის 14 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–შიი, .... ქუჩის №..–ში მდებარე გ–ის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის სამზარეულოში, რ. გ–სი სახლიდან წასვლის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სიცოცხლის მოსპობითა და პირადი ნივთების დაწვით დაემუქრა დას - ა. ნ–მას, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. 2021 წლის 5 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–შიი, .... ქუჩის №..–ში მდებარე გ–ის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, რ. გ–მა სახლიდან წასვლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, ცეცხლის წაკიდებით დააზიანა თავისი დის - ა. ნ–მას საძინებელ ოთახში განთავსებული ავეჯი და პირადი მოხმარების ნივთები, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა 9000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა რ. გ–ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
2.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის განაჩენით რ. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
2.3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, რ. გ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 13 ოქტომბერს მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, რ. გ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს რ. გ–ის ბრალეულობას. ამასთან, დაზარალებულის ქცევა ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ ქცევას. გასათვალისწინებელია, რომ ამ კატეგორიის საქმეები თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა, ამიტომ საჭიროა შეფასდეს სხვა დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც ქმნიან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და ადასტურებენ პირის ბრალეულობას. მოწმეებმა - რ. ბ–მ, ფ. დ–მა, კ. კ–მ და ნ. ქ–მ დეტალურად აღწერეს შემთხვევის ადგილზე მისვლისას ნანახი და შემდეგ განვითარებული მოვლენები, შესაბამისად, მათი ჩვენებები წარმოადგენს დაზარალებულის ჩვენებისგან დამოუკიდებელ, პირდაპირ მტკიცებულებებს, რაც ერთმანეთის მიმართ თანხვდენილია.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რ. გ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბარალდებებში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.3. დაზარალებულმა ა. ნ–მ (დამ) უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, რ. გ–ის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.
5.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.5. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება რ. გ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ მოწმეებმა - რ. ბ–მ, ბ. გ–მა, ქ. ჰ–მა, ფ. დ–მა და კ. კ–მ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და სისწორე. ამასთან, მოწმე რ. ბ–მ დამატებით განმარტა, რომ გამოკითხვისას ა. ნ–მ უამბო, რომ ძმამ - რ. გ–მა დაუწვა საცხოვრებელი ოთახი და დაემუქრა მოკვლით, თუ არ წავიდოდა სახლიდან. მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები სიცოცხლის მოსპობის მუქარასთან და ცეცხლის წაკიდებით ნივთების დაზიანების ფაქტის დასადასტურებლად წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგან ისინი გადმოსცემენ ა. ნ–ის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ამ უკანასკნელმა კი სასამართლოში ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. შესაბამისად, ამ ნაწილში მათი ჩვენებები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა რ. გ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას, წარმოდგენილი არ არის. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა. რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, აღსანიშნავია, რომ ა. ნ–ს გამოკითხვის დასრულების შემდეგ, შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარების აღდგენის მიზნით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც დაზარალებულმა მიუთითა მის ოთახსა და დამწვარ ნივთებზე და განაცხადა რ. გ–ის ქმედებების შესახებ, თუმცა დამატებით რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რაც მიუთითებდა რ. გ–ის ბრალეულობაზე, საგამოძიებო ექსპერიმენტისას არ აღმოჩენილა. შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ წარმოადგენს დაზარალებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელ, სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებას და ვერ იქნება გამოყენებული რ. გ–ის ბრალეულობის დამადასტურებელად.
5.7. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 24 ივნისის ექსპერტიზის N.... დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–შიი, .... ქუჩის №..–ში მცხოვრებ ა. ნ–ს სახლში, ნივთების (შეფასებული) დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, ჯამურად შეადგენს 340 ლარს. ფოტომასალიდან ირკვევა, რომ დაზიანებულ-დამწვარია სხვადასხვა სახის საქონელი, რომლებიც ექპერტიზაზე ვერ წარადგინეს, ფოტოსურათებით კი ვერ დადგინდა მათი საბაზრო ღირებულება, შესაბამისად, ვერ განისაზღვრა დაზიანებით გამოწვეული მატერიალური ზიანის ოდენობა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 15 ივლისის ექსპერტიზის N.... დასკვნით კი დგინდება, რომ ექსპერტიზაზე საკვლევად წარდგენილ ნამწვის ნიმუშზე არ აღინიშნება ნავთობპროდუქტების კვალი; საცხოვრებელ სახლში, კედლებზე არსებული თერმული ზემოქმედების შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ ხანძრის გაჩენის კერის ნიშნები მდებარეობს საძინებელ ოთახში შესასვლელი კარიდან მარჯვენა მხარეს, კედლების ზედა ნაწილში. შემთხვევის ადგილზე არსებული თერმული ზემოქმედებისა და წარმოდგენილი საკვლევი ობიექტის დათვალიერება-გამოკვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზია ღია ცეცხლის წყაროს კონტაქტი წვად მასალასთან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მართალია ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–შიი, .... ქუჩის №..–ში მცხოვრებ ა. ნ–ს სახლში ხანძრის გაჩენის მიზეზი და ამის შედეგად დაზარალებულისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა (არასრულად), თუმცა აღნიშნულით უტყუარად არ დასტურდება, ვინ გააჩია ხანძარი. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
5.8. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება რ. გ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.11. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე