საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 14.02.2023
საქმის ნომერი
2კ-1256აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.02.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100122005676312

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1256აპ-22 14 თებერვალი 2023 წელი

ფ–ი ტ., №1256აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ტ. ფ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ს–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ტ. ფ–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შეძენა და შენახვა), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. ტ. ფ–მა უკანონოდ შეიძინა ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“ (საერთო წონით 5,4 გრამი), რასაც 2022 წლის 15 მარტს, ასევე უკანონოდ ინახავდა საცხოვრებელ სახლში, ქ. თ–ში, თავისუფლების ქუჩა N..-ში. აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს ტ. ფ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.

1.3. 2022 წლის 9 მარტს, ქ. თ–ში, სოფელ ფ–ში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ტ. ფ–სმა და ა. პ–მა უკანონოდ შეძენილი და შენახული დიდი ოდენობით - 0,5615 გრამი ნარკოტიკული საშუალება - „ჰეროინი“ და 0,0602 გრამი „მორფინი“ უკანონოდ გაასაღეს რ. მ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

1.4. 2022 წლის 9 მარტს, ქ.თ–ში, სოფელ ფ–ში, ტ. ფ–სმა უკანონოდ შეძენილი და შენახული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1,08939 გრამი ნარკოტიკული საშუალება - „ჰეროინი“ უკანონოდ გაასაღა რომან მამედოვზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივნისის განაჩენით ტ. ფ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით -1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ტ. ფ–სს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

ტ. ფ–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ტ. ფ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. ს–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ტ. ფ–სთვის დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ¼-ის პირობით ჩათვლა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ტ. ფ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ო. ს–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 21 ნოემბერს მსჯავრდებულ ტ. ფ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. ს–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა - ტ. ფ–სთვის დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ¼-ის პირობით ჩათვლა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, ვინაიდან ტ. ფ–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავო გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, კმაყოფაზე ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, იგი თავისი შრომით არჩენდა შვილებს და პენიტენციურ დაწესებულებაშიც განწესებულია სამეურნეო ნაწილში.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა ტ. ფ–სთვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, კერძოდ: ტ. ფ–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, მისი წარსული არ არის შებღალული და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ტ. ფ–ს ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენისთვის განუსაზღვრა თითოეული მუხლის შესაბამისი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური ან მინიმუმთან მიახლოებული სასჯელი, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

5.5. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. მოცემულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ტ. ფ–სთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლა.

5.6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ტ. ფ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ს–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე