საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100121005167715
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№909აპ-22 ქ. თბილისი
ჭ. მ. 909აპ-22 28 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
მ. ჭ–ი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 111,1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2021 წლის 27 სექტემბერს, დღისით, ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ....ში მყოფი მ. ჭ–სი, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, სატელეფონო კომუნიკაციის დროს, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ოჯახის წევრს, მეუღლეს - მ. ს–ს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის განაჩენით მ. ჭ–სი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, მ. ჭ–სის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა შესაბამის დაწესებულებაში მოხდით.
4. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარადგინა შესაგებელი და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილემ ალექსანდრე ძირკვაძემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, მ. ჭ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა შესაბამის დაწესებულებაში მოხდით.
7. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
8. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. ჭ–სის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
9. დაზარალებულმა მ. ს–მ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც უტყუარად დაადასტურებდა მ. ჭ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტს. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ დაზარალებულის შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, შეტყობინებაში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით.
10. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, თუ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერი ( რომელიც არ არის ხელმოწერილი განსასჯელის მიერ) ან/და ის მტკიცებულებები, რომელთა პირველწყარო არის დაზარალებული, დაცვის მხარის მიერ არ იქნება უდავოდ ცნობილი (არ ეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომელიც არ უკავშირდება დაზარალებულის ჩვენების ადგილზე შემოწმებას) და შესაბამისად - სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული - დაუშვებელია, გამოყენებულ იქნეს გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებისათვის, რადგან არსებითი განხილვის ფარგლებში დაცვის მხარეს არ მიეცა საქართველოს სსსკ-ით და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით ინფორმაციის პირველწყაროს (მაგ: შემაკავებელი ორდერის შემთხვევაში - დაზარალებულის) დაკითხვისა და შესაბამისად - მტკიცებულებაში ასახული ინფორმაციის სარწმუნოობისა და ინფორმაციის მიმწოდებლის სანდოობის გამოკვლევის შესაძლებლობა (იხ.: მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 9 აგვისტოს N619აპ.-22 განჩინება).
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია (იხ.: მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის N545აპ.-20 განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 20 ივლისის N232აპ-21 განჩინება). შესაბამისად, შემაკავებელ ორდერში (სადავო მტკიცებულება) ასახული, დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან იგი შინაარსობრივად იმეორებს დაზარალებულის მიერ გამოკითხვის ოქმში მიწოდებულ ინფორმაციას, რაც დაზარალებულმა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას არ დაადასტურა.
12. სასამართლო ითვალისწინებს რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი N97აპ-20).
13. სასამართლო ვერ გაიზიარებს გამომძიებელ კ. ძ–ის გამოკითხვის ოქმის (უდავო მტკიცებულება) იმ ნაწილს, რომელიც გადმოსცემს დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რადგან წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
14. რაც შეეხება გ. ც–სა და ნ. დ–ს გამოკითხვის ოქმებს (უდავო მტკიცებულებები), საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულ პირთა გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაცია, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენის თვალსაზრისით, არარელევანტურია, რადგან გამოსაკითხმა პირებმა, მართალია, დაადასტურეს, რომ უცნობმა პირმა ისარგებლა მათი ტელეფონით და დარეკა მათთვის უცხო ნომერზე, რა დროსაც იყო აგრესიული და აღელვებული, თუმცა, მათ ვერ გაიგეს და შესაბამისად, ვერ დაადასტურეს საუბრის შინაარსი, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების დადასტურების თვალსაზრისით.
15. კასატორი საკასაციო საჩივარში მ. ჭ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის დამადასტურებელ ერთ-ერთ მტკიცებულებად ასევე უთითებს მ. ს–ს კუთვნილი მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმს (სადავო მტკიცებულება), რომლის თანახმად დასტურდება, რომ დაზარალებულის ტელეფონში შემავალ ზარებში ფიქსირდება ორი უცხო ნომერი. მ. ს–ს განმარტებით, სწორედ აღნიშნული ნომრებიდან დაურეკა მეუღლემ და 2021 წლის 27 სექტემბერს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ კომპიუტერულ სისტემაში ასახული ინფორმაცია - მოიპოვა დაზარალებულის ტელეფონში დაცული ინფორმაციის დათვალიერებით, რაც ვერ შეცვლის ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვას საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლით დადგენილი წესით. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ოქმი ადასტურებს მხოლოდ დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომერზე განხორციელებულ ზარებს და არა - საუბრის შინაარსს. რაც შეეხება ოქმში (სადავო მტკიცებულება) მითითებულ დაზარალებულის განმარტებას მეუღლის მუქარაზე, იგი საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, რადგან შინაარსობრივად იმეორებს დაზარალებულის მიერ გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციას, რაც დაზარალებულმა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას არ დაადასტურა.
16. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
17. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა მ. ჭ–ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
18. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში არსებულ ტექნიკური ხასიათის უზუსტობას. კერძოდ, პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. ჭ–სი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ადევნებას, მაშინ, როდესაც ინკრიმინირებული ქმედების აღწერა შეიცავს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.
19. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე