საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100121004842905
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №880აპ-22 ქ. თბილისი
ა. ო. 880აპ-22 1 მარტი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუასა და მსჯავრდებულ ო. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. მ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ო. ა–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:
1.1. განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;
1.2. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით;
1.3. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ო. ა–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2021 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 08:45 საათზე, თ-ში, მჭიდროდ დასახლებულ .........ის ქუჩაზე, სადაც გადაადგილდებოდნენ მოქალაქეები, ო. ა–მ შურისძიების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან ლ. ა–ს მიმართულებით ისროლა რვაჯერ. შედეგად, ლ. ა–მა მიიღო დაზიანებები ხელისა და ფეხის არეში, ასევე, საფრთხე შეექმნა სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
2.2. გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ო. ა–მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2021 წლის 20 აპრილამდე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა №....... ქარხნული წესით დამზადებულ, 9მმ კალიბრიან ,,მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტის საშტატო ნიმუშს „ПМ“, რომლის ლულის ნაწილში ჩაჭირხნულ მილაკზე მორგებულია მაყუჩი და ქარხნული წესით დამზადებულ, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრიან 16 ცალ ვაზნას. პისტოლეტი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის; თექვსმეტი ობიექტიდან 8 წარმოადგენს ვაზნას, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად, ასევე 8 წარმოდგენს ვაზნის შემადგენელ ნაწილს - მასრას და გასროლილია ზემოაღნიშნული №.... პისტოლეტიდან.
2.3. 2021 წლის 20 აპრილს, დილის საათებში, თ–ში, .......ის ქუჩაზე გადაადგილებისას, ო. ა–ე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერვე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ და შენახულ №..... ქარხნული წესით დამზადებულ, 9მმ კალიბრიან ,,მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტის საშტატო ნიმუშს „ПМ“, რომლის ლულის ნაწილში ჩაჭირხნულ მილაკზე მორგებულია მაყუჩი და ქარხნული წესით დამზადებულ, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრიან 16 ცალ ვაზნას. პისტოლეტი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის; თექვსმეტი ობიექტიდან 8 წარმოადგენს ვაზნას, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად, ასევე 8 წარმოდგენს ვაზნის შემადგენელ ნაწილს - მასრას და გასროლილია ზემოაღნიშნული №....... პისტოლეტიდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 იანვრის განაჩენით ო. ა–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება - ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით;
3.1. ო. ა–სე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.2. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
3.3. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
3.4. საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
3.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ ო. ა–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
3.6. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ო. ა–ს დაეწყო ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან - 2021 წლის 20 აპრილიდან.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ 2021 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 08:45 საათზე, თ–ში, ........ის ქუჩაზე, შურისძიების ნიადაგზე მოკვლის განზრახვით, ო. ა–მ ლ. ა–ს მიმართულებით ხელთ ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა რვაჯერ. შედეგად, ლ. ა–მა მიიღო დაზიანებები ხელისა და ფეხის არეში.
4.1. გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ო. ა–მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2021 წლის 20 აპრილამდე მართლსაწინაამღდეგოდ ინახავდა და 2021 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 08:45 საათზე, თ–ში, ..........ის ქუჩაზე უკანონოდ ატარებდა №........ ქარხნული წესით დამზადებულ, 9მმ კალიბრიან მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტის საშტატო ნიმუშს „ПМ“, რომლის ლულის ნაწილში ჩაჭირხნულ მილაკზე მორგებულია მაყუჩი და ქარხნული წესით დამზადებულ, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრიას 16 ცალ ვაზნას. პისტოლეტი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის; თექვსმეტი ობიექტიდან 8 წარმოადგენს ვაზნას, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად, ასევე 8 წარმოდგენს ვაზნის შემადგენელ ნაწილს - მასრას და გასროლილია ზემოაღნიშნული №......... პისტოლეტიდან.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:
5.1. მსჯავრდებულ ო. ა–სის ადვოკატმა - დ. მ–მ მოითხოვა მსჯავრდებულის გამართლება;
5.2. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა მედეა ცირამუამ მოითხოვა ო. ა–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
7.1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორი მედეა ცირამუა ითხოვს ო. ა–ის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით დამნაშავედ ცნობას.
7.2. მსჯავრდებულ ო. ა–ის ადვოკატი დ. მ–ე ითხოვს ო. ა–ის უდანაშაულოდ ცნობას.
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ: პროკურორმა, რომელიც ითხოვს ო. ა–ის დამნაშავედ ცნობას თავდაპირველი კვალიფიკაციით, ხოლო ადვოკატი ითხოვს მსჯავრდებულის გამართლებას.
9.1. ამდენად, მხარეებს შორის დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა, ო. ა–მ ჩაიდინა თუ არა დანაშაულებრივი ქმედებები, ხოლო აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, რომელი მუხლით უნდა დაკვალიფიცირდეს, ბრალად წარდგენილი - საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, თუ მსჯავრად შერაცხული - საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით.
10. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ო. ა–ს მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ო. ა–მ ჩაიდინა მსჯავრად შერაცხული დანაშაულები, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით დასტურდება ო. ა–ს მიერ მკვლელობის მცდელობის ჩადენა დამამძიმებელ გარემოებაში - ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ო. ა–ს მიმართ წარდგენილი ბრალდების - ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დაკვალიფიცირდა, ასევე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად მტკიცებულებასა და არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
13. რაც შეეხება დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ასევე ადვოკატმა დ. მ–მ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იდენტურ არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული, მათ შორის, მიუთითა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღთან ო. ა–ის რაიმე შეხება ან/და კუთვნილება დადგენილი არ არის. საქმეში არ მოიპოვება ბიოლოგიური ექსპერტიზა ან/და რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულის კავშირს ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალასთან.
13.1. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სხდომაზე დაკითხული ექსპერტების - ნ. მ–ს, ე. ს–სა და ლ. მ–ს ჩვენებებისა და საექსპერტო კვლევების შედეგად მიღებული დასკვნების მხედველობაში მიღებით, ვერ გაიზიარებს ადვოკატის მითითებულ მტკიცებას და, ერთი მხრივ, ითვალისწინებს ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, რომლის თანახმადაც, ო. ა–ე დააკავეს 2021 წლის 20 აპრილის 09:10 საათზე თში, ....ის ქუჩა №..-ის მიმდებარედ და პირადი ჩხრეკისას ამოუღეს: მარჯვენა ხელზე გაკეთებული მოწითალო-მოშავო ხელთათმანი და მის ქვეშ გაკეთებული მოთეთრო ხელთათმანი, ასევე, ორივე ხელის მაჯაზე გაკეთებული მონაცრისფრო ფერის წებოვანი ლენტები, ხოლო, მეორე მხრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეულ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 11 აპრილის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №......... დასკვნას, რომლის თანახმად, მათ შორის, პაკეტში, წარწერით: „პირადი ჩხრეკისას ხელთათმანები“ (ლუქი №.......), მოთავსებულ მარჯვენა ხელთათმანზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები; პაკეტში, წარწერით: „ხელთათმანი, მასში არსებული ერთჯერადი რეზინის ხელთათმანით“ (FC............), მოთავსებულ მარცხენა ხელთათმანზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები.
13.2. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №........ დასკვნას, რომლის თანახმად, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზის შედეგად, მათ შორის, დადგინდა, რომ:
პაკეტში, წარწერით: „...პისტოლეტიდან, მჭიდიდან, მასრებიდან, ტყვიებიდან, ვაზნებიდან და პოლიეთილენის პაკეტიდან აღებული ანაწმენდები...“, მოთავსებულ პისტოლეტის მაყუჩიდან აღებულ ანაწმენდზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.№..) გენეტიკური პროფილი და პისტოლეტის ჩარჩოდან აღებულ ანაწმენდზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. №..) შერეული პროფილის ერთ-ერთი წილი ეკუთვნის ო. ა–სეს (ობ. №..);
პაკეტში, წარწერით: „...ხელთათმანი, მასში არსებული ერთჯერადი რეზინის ხელთათმანით...“, მოთავსებულ შავი ფერის ხელთათმანზე არსებული მოწითალო- მოყავისფრო ლაქა (ობ. №..) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. №..-ის გენეტიკური პროფილი, აღნიშნულ ხელთათმანზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. №.., ..) გენეტიკური პროფილი და პაკეტში მოთავსებულ ერთჯერად ხელთათმანზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. №..) შერეული პროფილის ერთ-ერთი წილი ეკუთვნის ო. ა–სეს (ობ. №..);
პაკეტში, წარწერით: „...ყვითელი ფერის საწვიმარი ლაბადა, ღია ფერის 1 ცალი კაპიშონიანი მაისური, 1 ცალი შავი ფერის ნაჭრის ნიღაბი, 1 ცალი ჩაფხუტი....“, მოთავსებულ:
ქუდზე, შიდა ზედაპირზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. №..,..) გენეტიკური პროფილი და ქუდის გარე ზედაპირზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.№..) შერეული პროფილის ერთ-ერთი წილი ეკუთვნის ო. ა–სეს (ობ. №..).
საწვიმარ ლაბადაზე (ობ. №..-..) აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა, შერეული გენეტიკური პროფილებით. ობ. №..-ის პროფილში არ ვლინდება ლ. ა–სის (ობ. №..) გენეტიკური თანამონაწილეობა, ო. ა–ის (ობ. №..) გენეტიკური თანამონაწილეობა გამორიცხული არ არის.
პაკეტში, წარწერით: „...პირადი ჩხრეკისას ხელთათმანები...“, მოთავსებულ შავი ფერის ხელთათმანზე (ობ. №..) და ერთ-ერთი წებოვანი ლენტის ფრაგმენტზე (ობ. №..) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. №.., ..-ის გენეტიკური პროფილი, აღნიშნულ ხელთათმანზე და წებოვან ლენტებზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. №.. ,.. ,..) და წებოვანი ლენტებიდან ამოღებულ თმებზე (ობ. №..) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ო. ა–ს (ობ. №..).
პაკეტში, წარწერით: „მ. ც-ს ტანსაცმელი“, მოთავსებულ ჟაკეტზე (ობ. №..-..), შარვალზე (ობ. №.., ..) და ფეხსაცმელებზე (ობ. №.., ..) არსებული მოწითალო- მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ო. ა–ს (ობ. №...);
13.3. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ ო. ა–ს არ ჰქონია კავშირი დანაშაულის იარაღთან და იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
15. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
17. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუასა და მსჯავრდებულ ო. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. მ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე