საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის
საქმის ნომერი
2კ-373აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100121005282852

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №373აპ-23 31 ივლისი, 2023 წელი

ა. ს., №373აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ს. ა. (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა (გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, სამი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2021 წლის ივნისიდან 2021 წლის 25 ოქტომბრამდე დროის პერიოდში თანაცხოვრებისას, ქ-ში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლის, როგორც მასზე დამოკიდებულ პირის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ს. ა. არასრულწლოვანი შვილის - დ. ა-ს თანდასწრებით, სისტემატიურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლე თ. ჭ-ს, ეუბნებოდა მას, რომ იყო უპატრონო, არარაობა და არაფერს წარმოადგენდა. ს. ა-ს ქმედებების შედეგად თ.ჭ. განიცადა ტანჯვა.

1.3. 2021 წლის 25 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ.-ში გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლის, როგორც მასზე დამოკიდებული პირის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ს. ა-მ არასრულწლოვანი შვილის, დ. ა-ს თანდასწრებით, იატაკზე დაგდებით და სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში ფეხების მრავალჯერადი დარტყმით ძალადობა განახორციელა მეუღლის - თ. ჭ-ს მიმართ, რომელმაც აღნიშნული ქმედებების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.4. 2021 წლის 25 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ-ში გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლის, როგორც მასზე დამოკიდებული პირის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ს. ა-მ მეუღლის, თ. ჭ-ს მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა. კერძოდ, უთხრა მას, რომ მოკლავდა. აღნიშნული ქმედების შედეგად თ. ჭ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.5. 2021 წლის 24 ოქტომბერს, ღამის საათებში, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ-ში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლის როგორც მასზე დამოკიდებული პირის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ს. ა-მ არასრულწლოვანი შვილის - დ. ა-ს თანდასწრებით, სახისა და ხელების მიდამოში მუშტების არაერთხელ დარტყმით ძალადობა განახორციელა მეუღლის - თ. ჭ-ს მიმართ, რომელმაც აღნიშნული ქმედებების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.6. 2021 წლის 24 ოქტომბერს, ღამის საათებში, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ-ში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლის, როგორც მასზე დამოკიდებული პირის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ს. ა-მ მეუღლის, თ. ჭ-ს მიმართ დანის დემონსტრირებით განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა. კერძოდ, უთხრა მას, რომ მოკლავდა. აღნიშნული ქმედების შედეგად თ. ჭ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.7. 2021 წლის 25 ოქტომბერს, დილის საათებში, დაახლოებით 10:30 საათზე, ქ-ში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლის, როგორც მასზე დამოკიდებული პირის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ს. ა-მ, მუშტების სახეში დარტყმითა და ყელში ხელების ძლიერად მოჭერით ძალადობა განახორციელა მეუღლის - თ. ჭ-ს მიმართ, რომელმაც აღნიშნული ქმედებების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.8. 2021 წლის 25 ოქტომბერს, დილის საათებში, დაახლოებით 10:30 საათზე, ქ-ში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლის, როგორც მასზე დამოკიდებული პირის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ს.ა-მ მეუღლის, თ. ჭ-ს მიმართ დანის დემონსტრირებით განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა. კერძოდ, მას უთხრა, რომ მოკლავდა. აღნიშნული ქმედების შედეგად თ. ჭ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2021 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ს. ა-ას დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, ვერ იქნა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს შექმნიდა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ა-მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის სექტემბერ-ოქტომბერში თანაცხოვრებისას, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლის, როგორც მასზე დამოკიდებული პირის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ს. ა არასრულწლოვანი შვილის - დ. ა-ს თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს - თ. ჭ-ს, ეუბნებოდა მას, რომ იყო უპატრონო, არარაობა და არაფერს წარმოადგენდა. ს. ა-ს ქმედებების შედეგად თ. ჭ-მა განიცადა ტანჯვა.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ივნისის განაჩენით ს. ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2021 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ს. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ს. ა- წარდგენილ ბრალდებებში სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ჯ-*მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ს. ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2021 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ს. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

3.2. 2023 წლის 21 მარტს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, წარდგენილ ბრალდებებში ს. ა.-ს სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი ს. ა-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2021 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლების ნაწილში უკანონოა, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ ს. ა-ს ბრალეულობას. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები - მ. გ., დ. ა., თ. ბ., თ. კ., გ. ტ. და სხვები, გამოკვლეული იქნა სასამართლო სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, წერილობითი მტკიცებულებები, ხოლო მტკიცებულებათა ნაწილი მხარეებმა მიიჩნიეს უდავოდ. მოწმე მ. გ-მ დაადასტურა, რომ იგი შეესწრო ფიზიკური ძალადობის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს და ნახა დაზარალებულის სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალი. ამასთან, არასრულწლოვანმა დ. ა-მ განმარტა, რომ მამა - ს. ა. ეჩხუბებოდა დედას - თ.ჭ-ს, რომელსაც ურტყამდა და ეუბნებოდა ცუდ სიტყვებს. აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვნი გამოძიებაში დაიკითხა ფსიქოლოგის მონაწილეობით. ფსიქოლოგური ექსპერტიზის დასკვნით კი დადგინდა, რომ არასრულწლოვნის განვითარება შეესაბამება მის ასაკს, აქვს შესაძლებლობა სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და გადმოსცეს ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ დ. ა. ს. ა-ს მხრიდან თ. ჭ-ზე ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს მრავლობითში, რაც მიუთითებს, რომ იგი აღნიშნულს მხოლოდ ერთხელ არ შეესწრებია. მართალია დ. ა-მ მისი ასაკიდან გამომდინარე ვერ მიუთითა კონკრეტული პერიოდები და ვითარება, თუმცა მისი ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი ფიზიკური ძალადობის ფაქტს შეესწრო ერთზე მეტჯერ. შეკითხვაზე თუ რა ხდება ოჯახში, მან პირველივე შესაძლებლობისთანავე მიუთითა ძალადობის ფაქტებზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს საკითხი მას ახსოვს ნათლად. გასათვალისწინებელია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისმა ოჯახის წევრებმა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ს. ა-ას საწინააღმდეგო ჩვენება, არასრულწლოვანმა მოწმემ სასამართლოს დაუბრკოლებლად მისცა ჩვენება და დანაშაულის ჩადენაში ამხილა მამა. გარდა ამისა, დ. ა-ს ჩვენება, რომ ნახა მამა ურტყამდა დედას თანხვედრილია მოწმე მ. გ-ს ჩვენებასთან, რომელმაც განმარტა, რომ კონფლიქტის დროს იქ იყო არასრულწლოვანი, რომელიც ტიროდა. კასატორი ასევე უთითებს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ დაზარალებულ თ. ჭ-ს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, რომელთა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღებს. ექსპერტმა კი დაადასტურა, რომ დაზარალებულმა უთხრა, რომ დაზიანებები მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად მიიღო. აღსანიშნავია, რომ 112-ში შესული შეტყობინებებით ირკვევა, რომ 2021 წლის 24-25 ოქტომბერს ადგილი ჰქონდა კონფლიქტს. აღნიშნული შეტყობინებებით უტყუარად დასტურდება, რომ დაზარალებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას. კასატორის პოზიციით, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის ქცევა კლასიკურად ჰგავს ოჯახში ძალადობის მსხვეპლთა ქცევას, მითუფრო, რომ დაზარალებული წარსულშიც დაექვემდებარა ძალადობას და საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე არ მისცა ჩვენება. ამასთან, ვიდეოჩანაწერებში დაზარალებული განმარტავს, რომ სასამართლო სხდომებზე მისმა მშობლებმა და დამ არ მისცეს სწორი ჩვენება. იგი დაექვემდებარა ძალადობას და მხოლოდ იმიტომ არ მისცა ჩვენება, რომ ადგილი ჰქონდა დაპირებებს, რომ კარგად მოექცევიან, რაც ბრალდებულის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ არ სრულდება, მან დაკარგა მნიშვნელობა და აღარავის სჭირდება, რადგან ჩვენების მიცემაზე უკვე თქვა უარი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით კი დასტურდება, რომ სახლში არის არეულობის კვალი. ამასთან, საძინებელ ოთახში განთავსებულ საწოლსა და კარადას შორის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული იქნა დანა, რაც ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა კონფლიქტსა და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობის მუქარას, წინააღმდეგ შემთხვევაში დანა იმ ადგილზე ვერ მოხვდებოდა. 112-ში შესული შეტყობინებებით ასევე დადასტურდა, რომ მსხვერპლი იყო აღელვებული და ტიროდა, რის მიზეზადაც ასახელებდა მეუღლესთან კონფლიქტს. აღნიშნულით კი უტყუარად დასტურდება, რომ მუქარის შედეგად დაზარალებულმა განიცდა შიში. რაც ასევე დასტურდება ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის აღწერილობით ნაწილშიც მითითებულია, რომ დაზარალებულის განმარტებით, მას აქვს შიშები. ყოველივე ზემოაღნიშნული კი უტყუარად ადასტურებს ს. ა-ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს ს. ა-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2021 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.

5.3. დაზარალებულმა თ. ჭ-მა (მეუღლემ) უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ს. ა-ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.

5.4. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ არასრულწლოვანი მოწმის დ. ა-ს ჩვენებაზე, რომელმაც დაადასტურა, რომ მამა - ს. ა. ეჩხუბებოდა დედას - თ. ჭ-ს, რომელსაც ურტყამდა და ეუბნებოდა ცუდ სიტყვებს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანმა მოწმემ ვერ მიუთითა კონკრეტული პერიოდი და გარემოებები, მისი ჩვენება, სხვა პირდაპირი მტკიცებულებების გარეშე საფუძვლად ვერ დაედება ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ეპიზოდებში ს. ა-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.7. მოცემულ შემთხვევაში მართალია მოწმე მ. გ-მ აღწერა ს. ა-ს ბრალად წარდგენილი ფიზიკური ძალადობის 2021 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდის შემდეგ განვითარებული მოვლენები და დაადასტურა, რომ დაზარალებულის სხეულზე ნახა ფიზიკური ძალადობის კვალი, ასევე, ნახა რომ ამ დროს იქ იმყოფებოდა არასრულწლოვანი ბავშვი, რომელიც ტიროდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ იგი უშუალოდ არ შესწრებია ს.ა-ს მხრიდან მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს და იგი ამის შესახებ ინფორმაციას ფლობს დაზარალებულისგან, რომელმაც სასამართლოს არ მისცა ჩვენება, ხოლო ბრალდების სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი არ არის. შესაბამისად, მოწმე მ. გ-ს ჩვენება 2021 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა თ. ჭ-მ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა.

5.8. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 10 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნაზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2021 წლის 25 ოქტომბერს თ. ჭ-ს პირადი შემოწმებისას გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს 2021 წლის 24-25 ოქტომბერს. მართალია ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დასტურდება დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება ამ დასკვნის საფუძველზე უტყუარად იმის დადგენა ვინ მიაყენა ან რა ვითარებაში მიიღო მან დაზიანებები შეუძლებელია. მხოლოდ ექსპერტის განმარტება, რომ შესამოწმებლის გადმოცემით 2021 წლის 24 და 25 ოქტომბერს მას მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე არ არის საკმარისი ფიზიკური ძალადობის ეპიზოდებში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.9. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ შეტყობინებებზე. კერძოდ, N.... შეტყობინებით ირკვევა, რომ 2021 წლის 25 ოქტომბერს, 00:41:31 საათზე დაზარალებულმა განახორციელა სატელეფონო ზარი და განაცხადა, რომ თ-ში, ქმარმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. იგი ტირის და არის აღელვებული. N...... შეტყობინებით კი ირკვევა, რომ 2021 წლის 25 ოქტომბერს, 11:57 საათზე, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოში შევიდა პატრულ-ინსპექტორ გ. ტ-ს შეტყობინება, რომ თ. ჭ-ს განცხადებით თ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში დილის საათებში შეუვარდა მეუღლე - ს. ა., რომელმაც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე, წაართვა 100 ლარი და პასპორტი. მართალია აღნიშნულ შეტყობინებებში საუბარია მეუღლის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე, თუმცა კონკრეტულად როდის და რა ფორმით იძალადა ს. ა-მ დაზარალებულზე მითითებული არ არის. ამასთან, აღნიშნული შეტყობინებები მუქარის ეპიზოდებთან დაკავშირებით არაინფორმაცულია. გარდა ამისა, ამ შეტყობინებებში მითითებული ინფორმაცია ეწინააღმდეგება თ. ჭ-ს 2021 წლის 25 ოქტომბრის განცხადებას, რომლითაც ირკვევა, რომ 2021 წლის 25 ოქტომბერს მას და მეუღლე ს. ა-ს მოუხდათ სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც ძალიან განერვიულდა და დარეკა 112-ში, თუმცა კონფლიქტი შეეხებოდა საოჯახო ურთიერთობებს, რაც აღმოფხვრილია სრულად. მას ს. ა-ს მიმართ პრეტენზია არ აქვს და ითხოვს მისი შეტყობინება დარჩეს რეაგირების გარეშე. თ. ჭ-თან 2021 წლის 25 ოქტომბრის გასაუბრების ოქმით კი ირკვევა, რომ მითითებულ დღეს მას მეუღლესთან მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს. ა. მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა მისი მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარას ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. მას მეუღლესთან წარსულშიც ჰქონდა კონფლიქტი, რის გამოც ს. ა. გაასამართლეს. იმის შემდეგ ს. ა. ცდილობს ნორმალურად მოიქცეს. ვინაიდან იმ დღეს მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მან პრევენციის მიზნით დარეკა პოლიციაში, თუმცა ს. ა. მიმართ პრეტენზია არ აქვს. ამავე ოქმით ირკვევა, რომ თ. ჭ. განემარტა შემაკავებელი ორდერის შესახებ, რაზეც მან განაცხადა უარი და განაცხადა, რომ არ არის შემაკავებელი ორდერის გამოცემის საჭიროება. მან პოლიცია მხოლოდ პრევენციის მიზნით გამოიძახა, რათა ს. ა-ს ჰქონოდა ოჯახის რიდი და პატივისცემა. ს. ა-ს მხრიდან, კი მითითებულ დღეს ძალადობრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

5.10. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ უდავო მტკიცებულებაზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე, რომლითაც დგინდება, რომ 2021 წლის 25 ოქტომბერს, 13:45-14:20 საათზე დათვალიერდა ბინა №..., სადაც შეინიშნება არეულობა. დათვალიერებისას მაგიდიდან ამოღებული იქნა შავტარიანი სამზარეულოს დანა, ხოლო საძინებელ ოთახში, საწოლსა და კარადას შორის არსებული იატაკიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი მოყავისფროტარიანი (ხის) სამზარეულოს დანა. მოცემულ შემთხვევაში ის, რომ სახლი იყო არეული და იატაკიდან ამოღებული იქნა დანა, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე არ ადასტურებს ს. ა-ს მიერ დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებს.

5.11. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ს. ა-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2021 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.14. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე