გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 20.03.2003
საქმის ნომერი
3კ/1164-02
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.03.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

3კ-1164-02 20 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),თ. კობახიძე,ქ. გაბელაია

დავის საგანი: ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 20 აპრილს ც. გ-ისა და შპს სამშენებლო კომპანია “კ-ს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს “კ-მა: იკისრა ვალდებულება, რომ ც. გ-ს 2000წ. ბოლომდე ახლად აშენებულ სახლში გადასცემდა ოთხოთახიან ბინას.

2000წ. 27 ივლისის ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულების ვადა გადატანილი იქნა 2001წ. დეკემბრამდე.

ხელშეკრულების თანახმად მშენებარე ბინის ღირებულება დაიფარებოდა ქ. თბილისში ..... ¹14 კორპუსში მდებარე ც. გ-ის კუთვნილი სამოთახიანი ბინით, რომელიც შეფასდა 35000 აშშ დოლარად.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით ც. გ-ის საცხოვრებელი ბინა შპს “კ-მა” გამოიყენა ..... ¹11-ში მცხოვრები თ. თ-ის დასაკმაყოფილებლად. ამ უკანასკნელმა იკისრა ვალდებულება, რომ მის სახელზე რიცხულ ბინას სახლთმფლობელობის მრავალბინიანი სახლის ასაშენებლად გადასცემდა შპს კ-ს.

1999წ. 20 აპრილს ც. გ-სა და თ. თ-ეს შორის გაფორმდა სამოთახიანი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება.

შპს სამშენებლო კომპანია “კ-მა” ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება,2001წ. მაისში ც. გ-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში თ. თ-ის მიმართ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, იმ საფუძვლით რომ გარიგება იყო თვალთმაქცური.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ც. გ-სა და თ. თ-ეს შორის დადებული ხელშეკრულება.

თ. თ-ემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 ივნისის გადაწყვეტილებით შეიცვალა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა ც. გ-ის სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი 1999წ. 20 აპრილის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და აღდგა პირვანდელი მდგომარეობა. სააპელაციო პალატამ, ჩათვალა, რომ გარიგება ატარებდა მოჩვენებით ხასიათს.

საკასაციო საჩივრით თ. თ-ე ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას რადგან მიიჩნევს, რომ გარიგება არ ყოფილა დადებული იმ განზრახვის გარეშე, რომ მას მოჰყოლოდა შესაბამისი იურიდიული შედეგები.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ მხარეებს შორის 1999წ. 20 აპრილს დადებული მრავალმხრივი გარიგების საფუძველზე შპს სამშენებლო კომპანია “კ-ს” ც. გ-ისათვის უნდა აეშენებინა ოთხოთახიანი ბინა, რომლის ღირებულება დაიფარა ც. გ-ის მიერ შპს “კ-ისათვის” გადაცემული სამოთახიანი ბინით. აღნიშნული ბინა შპს კ-მა” გამოიყენა თ. თ-ის დასაკმაყოფილებლად. ამ უკანასკნელთან გარიგების დადების გარეშე შპს “კ-ი” მრავალბინიანი სახლის ასაშენებლად ვერ გამოიყენებდა მისი კუთვნილი სახლთმფლობელობის ტერიტორიას.

მოცემული გარიგების დადებისას რისკი გაწეული იქნა ც. გ-ის მიერ.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ც. გ-ისა და თ. თ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენდა მოჩვენებით გარიგებას.

სკ-ს 56-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია, მხოლოდ მოსაჩვენებლად იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

სადავო ბინის ყიდვა-გაყიდვის გარიგება დაიდო იმ განზრახვით, რომ თ. თ-ე გამხდარიყო ც. გ-ის სამოთახიანი ბინის მესაკუთრე. ამ ბინის ღირებულებით დაიფარა თანხა, რომელიც ც. გ-ს ოთხოთახიანი ბინის ასაშენებლად უნდა შეეტანა შპს სამშენებლო კომპანია “კ-ში”; ამდენად სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ზ” და “გ” პუნქტების თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, როდესაც დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 ივნისის გადაწყვეტილება და ხელახალი განხილვისას დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.