საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100122006134397
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№526აპ-23 ქ. თბილისი
გ–ი კ., 526აპ-23 4 ივლისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აპრილის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის ჯემალ ლომსაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა ჯემალ ლომსაძემ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, კ. გ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ჯ. ფ–მა და მოწმეებმა - გ. და ნ. გ–ებმა სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება კ. გ–ს ბრალეულობა, კერძოდ, შემაკავებელი ორდერის ოქმის მიხედვით, 2022 წლის 4 ივნისს მეუღლეზე ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, კ. გ–ს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და დაუწესდა სხვადასხვა შეზღუდვები, ხოლო იმის მხედველობაში მიღებით, რომ შემაკავებელი ორდერის ოქმი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, მასში ასახული გარემოებები, სახელდობრ, მითითება, რომ 2022 წლის 30 მაისს ჯ. ფ–ს მეუღლე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, სასამართლოს უნდა მიეღო, როგორც მხარეებს შორის შეთანხმებული უდავო ფაქტი. თავის მხრივ, მოწმე რ. ფ–ს ჩვენებით, რომელიც მართალია არ შესწრებია კარლო გოზალიშივლისათვის ბრალად წარდგენილი მუქარის ფაქტს, დადგენილია, რომ თავისი დისგან - ჯ. ფ–სგან შეიტყო, რომ მას მეუღლე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც იყო შეშინებული და შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ძმასთან, რაც ცხადყოფს, რომ ჯ. ფ–მა რეალურად აღიქვა მუქარა და გაუჩნდა მისი განხორციელების შიში.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ. გ–ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის 30 მაისის მდგომარეობით, კ. გ–ი მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს ფიზიკურ პირთა დაცვის ქვედანაყოფის სს „რ–ს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის - დ. ნ–სა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის/წევრის - რ. ფ–ის პირადი დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე. შესაბამისად, 2021 წლის 1 სექტემბრის №....... ბრძანებით, მიკუთვნებული ჰქონდა „ჩზ-ს“ ტიპის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი (№..........) 2 მჭიდითა და 30 ვაზნით.
2.2. 2022 წლის 30 მაისს, დილის საათებში, კ. გ–სი მეუღლესთან - ჯ. ფ–სთან და შვილებთან - გ., მ. და ნ. გ–ებთან ერთად იმყოფებოდა ქ.თ–ში, ჩ–ს ქუჩა №..-ში მდებარე №.. საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც შეკამათება მოუვიდა მეუღლესთან, რომელსაც კამათის დროს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კ. გ–ს მუქარა ჯ. ფ–მა აღიქვა რეალურად, გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში და მიადგა მორალური ზიანი.
3. კ. გ–ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2023 წლის 1 თებერვლის განაჩენით კ. გ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2023 წლის 1 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა ჯემალ ლომსაძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, კ. გ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2023 წლის 1 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის - ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რამეთუ არ ემყარება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად შეფასებას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა, საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადგინდა კ. გ–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. დაზარალებულმა ჯ. ფ–მა და მოწმეებმა - გ. და ნ. გ–ებმა სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმეების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; დაზარალებულის ძმის, მოწმე - რ. ფ–ს ჩვენება ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ კონკრეტულ ქმედებასთან - ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარასთან - მიმართებით, რომლის ჩადენასაც ბრალდების მხარე ედავებოდა კ. გ–ს, ირიბია და ვერ დაედება საფუძვლად მის მსჯავრდებას, ხოლო სხვა მტკიცებულებები, რომლებიც შექმნიდნენ საკმარის და უტყუარ ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის ჯემალ ლომსაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი