საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 08.08.2023
საქმის ნომერი
2კ-493აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.08.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 240100122006003494

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №493აპ-23 ქ. თბილისი

მ. მ. 493აპ-23 8 აგვისტო, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 31 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ხ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. მ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით(სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. მ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2022 წლის 8 ივნისს, ს–ს რაიონის სოფელ ძველ ს–ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას და ასევე, იმავე დღის განმავლობაში, როგორც პირდაპირი ასევე სატელეფონო კომუნიკაციისას მ. მ–ი, ყოფილი მეუღლის, გ. ნ–ს მიმართ ახორციელებდა ფსიქიკურ იძულებას, კერძოდ, სიცოცხლის მოსპობის მუქარის გზით კატეგორიულად მოითხოვდა, რომ მათი არასრულწლოვანი შვილი მ. მ–ი გ. ნ–ს მათსავე საცხოვრებელ სახლში უნდა მიეყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არაერთხელ დაემუქრა მოკვლით, რაზეც გ. ნ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.2. 2022 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 18:30 საათზე, ს–ს რაიონის სოფელ ძველ ს–ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას მ. მ–სი ყოფილ მეუღლეს გ. ნ–ს გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ხელში ჩანგლის დემონსტრირებით, მ. მ–მა უთხრა, რომ ვინაიდან გ. ნ–სა არ იქცეოდა ისე, როგორც მ. მ–ს სურდა, ამიტომ ჩანგალს გაუყრიდა მუცელში და მოკლავდა. აღნიშნული ქმედების შედეგად, გ. ნ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.3. 2022 წლის 3 ივნისს, ღამის საათებში, ს–ს რაიონის სოფელ ძველ ს–ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, მ. მ–სი ყოფილ მეუღლეს, გ. ნ–ს, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ: მათ არასრულწლოვან შვილებს მ. და გ. მ–ებს დააკავებინა ხელში დანა და მოუწოდა, რომ დაერტყათ დედისთვის, საბოლოოდ, კი აღნიშნულ პროცესს თავად გააგრძელებდა და დაასრულებდა. მ. მ–ს მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად გ. ნ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.4. 2022 წლის მაისის დასაწყისში, შუადღის საათებში, ს–ს რაიონის სოფელ ძველ ს–ში, საჯარო სკოლის მიმდებარედ ყოფნისას, მ. მ–სი ყოფილ მეუღლეს, გ. ნ–ს, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, გ. ნ–ს მოუღერა დანა და ამავდროულად კატეგორიულად მოსთხოვა, გამოეტანა მის წინააღმდეგ არსებული საჩივარი, ასევე, არ უნდა ჰქონოდა მის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია და ამავდროულად მ. მ–ს უნდა გაჰყოლოდა თავის საცხოვრებელ სახლში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკლავდა. მ. მ–ს მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად გ. ნ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.5. 2022 წლის მაისში, ს–ს რაიონის სოფელ ძველ ს–ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, მ. მ–მა ყოფილი მეუღლის, გ. ნ–ს მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით იძალადა ფიზიკურად, კერძოდ, კატეგორიულად გააფრთხილა, რომ მათი ოჯახის საქმეები არავისთვის ეთქვა და მარჯვენა ხელის მუშტი ერთხელ ძლიერად დაარტყა თავში, რის შედეგადაც გ. ნ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.6. 2022 წლის 8 ივნისს, საღამოს საათებში, ს–ს რაიონის სოფელ .......ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, მ. მ–მა თავისი არასრულწლოვანი შვილის, მ. მ–ს თანდასწრებით, არასრულწლოვანი შვილის - 3 წლის ა. მ–ს მიმართ ჩაიდინა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ: რამდენჯერმე ხელი დაარტყა სახეში, რის გამოც ა. მ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და დაიწყო ტირილი;

2.7. 2022 წლის მაისში, საღამოს საათებში, ს–ს რაიონ სოფელ .............ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, მ. მ–სმა თავისი არასრულწლოვანი შვილი მ. მ–ი დააყენა ოთახის კუთხეში, შემდეგ კი არასრულწლოვანი შვილის მ. მ–ს თანდასწრებით, მ. მ–ეის მიმართ ჩაიდინა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ: რამდენჯერმე დაარტყა მუშტი მუცელში და ეუბნებოდა, რომ მ. მ–ი მას ატყუებდა და დასმულ შეკითხვებზე პასუხობდა არასწორად. აღნიშნული ქმედების შედეგად, მ. მ–ა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.8. 2022 წლის ივნისის დასაწყისში, საღამოს საათებში, ს–ს რაიონის სოფელ ........ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, მ. მ–სმა ჩაიდინა ფიზიკური ძალადობა თავისი არასრულწლოვანი შვილების, გ. და მ. მ–ების მიმართ. კერძოდ, რამდენჯერმე ორივე მათგანს დაარტყა მუშტი მუცელში, რა დროსაც გ. და მ. მ–ებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

3. სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით მ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (2022 წლის 3 ივნისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (მაისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (მაისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2022 წლის 8 ივნისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.1. საქართველოს სსკ-ის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (2022 წლის 8 ივნისის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.3. საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (2022 წლის 3 ივნისის ეპიზოდი) -1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (მაისის ეპიზოდი)- 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.5. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (მაისის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.6. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2022 წლის 8 ივნისის ეპიზოდი) – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.7. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.8. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესის შესაბამისად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.10. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ. მ–ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 09.06.2022 წლის 03:09 საათიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. მ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ხ–მ და მოითხოვა სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მ. მ–სათვის დანიშნული სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა, კერძოდ, 3 წლით თავისუფლების აღკვეთის შემცირება 2 წლით თავისუფლების აღკვეთამდე.

4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ წულაიამ, რომელმაც მოითხოვა სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 31 იანვრის განაჩენით სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ხ–მ, რომელიც ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 31 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანას და მ. მ–სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას (კერძოდ, 3 წლით თავისუფლების აღკვეთის შემცირებას 2 წლით თავისუფლების აღკვეთამდე).

6.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ წულაიამ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 31 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს მ. მ–სისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, იმ მოტივით, რომ მ. მ–მა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

9. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მ. მ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით(სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულები.

10. რაც შეეხება კასატორის პოზიციას მ. მ–სათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (დანაშაულის აღიარება და მონანიება, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა), რისი გათვალისწინებითაც მ. მს სასჯელის სახით საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით(გარდა საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისა) დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს, ასახავს მიდგომას, რომლის თანახმად, „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

12. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმრავლისა და სასჯელის ლეგიტიმური მიზნების გათვალისწინებით, მ. მ–ს მიმართ სასჯელის სახით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით, დანაშაულთა ერთობლიობის წესით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა წარმოადგენს პროპორციულ ღონისძიებას, რომელიც ემსახურება სასჯელის კერძო და საჯარო პრევენციის, ასევე - მ. მ–ს რესოციალიზაციის მიზანს.

12.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სასჯელის სახით განუსაზღვრეს - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც არ შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას, დამამძიმებელი გარემოების არსებობისას სასჯელის განსაზღვრისას საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. შესაბამისად, აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვრათ 1 წლის ვადით, ნაცვლად 9 თვისა. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის დანაწესისა და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდების მხარე არ ითხოვს მ. მ–სათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, სასამართლო მოკლებულია სასჯელის საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის შესაძლებლობას.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

14. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ მ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ხ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე