დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1445-02 28 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. წიქვაძე,რ. ნადირიანი
დავის საგანი: საჯარო გზასთან დაკავშირებული გზის მოწყობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ტ. ქ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1998წ. 15 აპრილის გადაწყვეტილებით ნება დაერთო, ესარგებლა ...ის ქუჩის იმ მისასვლელი გზით, რომლითაც სარგებლობენ მოპასუხე ხ-ები. იმის გამო, რომ ამგვარი სარგებლობა ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას, მან მოითხოვა საერთო სარგებლობის გზის მოწყობა შემდეგი ვარიანტით: ვინაიდან გზის სიგანის ნორმაა 3,5 მ, ამიტომ მის ნაკვეთში შემავალი გზაც უნდა იყოს 3,5 მ. სიგანის; გზის გაფართოვება უნდა მოხდეს ხ-ების ეზოს ხარჯზე და აუცილებელი ფართი მიემატოს ა-ის გზას.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა: ტ. ქ-ეს ნება დაერთო თავისი ხარჯებით მოაწყოს მისასვლელი გზა ი. ა-ის სახლამდე მისასვლელი გზისა და ე. და მ. ხ-ების ეზოს მონაკვეთის გამოყენებით ისე, რომ ე. და მ. ხ-ების ეზოში შესასვლელი სახლის კედლიდან იარანდაგული ა-ის სახლამდე მისასვლელი გზის მიმართულებით კვანტალიანის ქუჩის მხარეს არ იყოს 3.5 მეტრზე ნაკლები. ამასთან, კვანტალიანის ქუჩის მხრიდან ეზოში შესასვლელის ჩათვლით ი.ა-ისა და მოპასუხის სარგებლობაში გადასული მისასვლელი გზა მთელ სიგრძეზე არ უნდა აღემატებოდეს 3.5 მ-ს.
სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ.ქ-ემ. აპელანტის აზრით, სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი; საკითხის გადაწყვეტის მიზნით არ ჩატარებულა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა; სასამართლო დაეყრდნო ექსპერტიზის 1994წ. დასკვნას, რომელიც გაცემულია მანამ, სანამ გადაწყდებოდა მას და ხ-ებს შორის სადავო მიწის ნაკვეთის კუთვნილებისა და საერთო სარგებლობის გზის მოწყობის საკითხი. სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვარიანტით კი არ აღმოიფხვრება ხ-შვილებთან არსებული კონფლიქტი, არამედ ამას დაემატება ა-ებთან კონფლიქტური ურთიერთობაც, რადგან საკითხის ამგვარი გადაწყვეტა მათი ნების საწინააღმდეგოდ ხდება.
აპელანტი მიუთითებდა, რომ სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ უთხოვია, რითაც დაარღვია სსკ-ს 248-ე მუხლის მოთხოვნა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ტ.ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეები არიან მეზობლები. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1998წ. 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა მხარეთა მიერ მიწის ნაკვეთით სარგებლობის წესი და ტ.ქ-ეს სარგებლობაში გადაეცა 669,1 მ2 მიწის ნაკვეთი, ხ-ებს კი სარგებლობაში დარჩათ 762,8 მ2 მიწის ნაკვეთი.
ჯერ კიდევ 1998წ. 15 აპრილს საბურთალოს რაიონის გამგეობამ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ტ.ქ-ეს მიწის ნაკვეთის საჯარო გზასთან დაკავშირების მიზნით ნება დაერთო, ესარგებლა ... ხ-ის სახელზე რიცხული საეზოვე მიწის ნაკვეთზე არსებული გზით.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სკ-ს 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. საბურთალოს რაიონის გამგებლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.
ტ. ქ-ე სარჩელით ითხოვდა საერთო სარგებლობის გზის მოწყობას იმგვარად, რომ მეზობლად მცხოვრები ა-ის, დღეს მოქმედ გზას ქუჩის დასაწყისში, ხ-ის გზის მხრიდან, დამატებოდა 1,5 მეტრი მიწის ფართობი.
პალატა მიუთითებს, რომ ისეთ პირობებში, როცა მხარეთა შორის დადგენილია საჯარო გზასთან აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად ე.ხ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობა, ამ ნაკვეთის გამოყოფა და სხვის ნაკვეთზე მიერთება, ე.ხ-ის ქ-ისაგან იზოლირების მიზნით დამოუკიდებელი გზის მოსაწყობად, უდავოდ ლახავს ე.ხ-ის, როგორც მესაკუთრის, სკ-ს 170-ე მუხლით მინიჭებულ უფლებებს და ამიტომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ტ.ქ-ემ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორი უთითებს, რომ საოლქო სასამართლომ არ გადაამოწმა ის ფაქტი, რომ სადავო იყო საერთო სარგებლობის ტერიტორია და არა ხ-ის საკუთარი მიწის ნაკვეთი. ვიდრე მოქალაქე არ გააფორმებს მიწის დეპარტამენტთან ხელშეკრულებას, არ აქვს უფლება, მიწის ნაკვეთს საკუთარი უწოდოს. ხ-ებს ხელშეკრულება მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დეპარტამენტთან ჯერ არ გაუფორმებიათ და არ მიუღიათ საკუთრების მოწმობა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეები არიან მეზობლები. ქ.თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1998წ. 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით მხარეთა შორის დადგინდა მიწის ნაკვეთით სარგებლობის წესი და ტ.ქ-ეს სარგებლობაში გადაეცა 559,1 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხ-ებს კი სარგებლობაში დარჩათ 762,8 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 2001წ. 6 ივლისს საჯარო რეესტრში ტ. ქ-ის საკუთრებად აღირიცხა ვაშლიჯვრის დასახლებაში, ... მდებარე შენობა-ნაგებობა და სასამართლოს მიერ გამოყოფილი 669,1 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
მოცემულ საქმეზე ტ.ქ-ე სარჩელით ითხოვს საერთო სარგებლობის გზის მოწყობას იმგვარად, რომ მეზობლად, ... მცხოვრები მოქალაქე ი.ა-ის ამჟამად მოქმედ გზას ქუჩის დასაწყისში ხ-ის გზის მხრიდან დაემატოს 1,5 კვ.მ მიწის ფართობი.
სკ-ს 170-ე მუხლის I ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ტ.ქ-ის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სადავო ფართის ხ-ის ნაკვეთიდან გამოყოფა და სხვის ნაკვეთზე მიერთება დამოუკიდებელი გზის მოსაწყობად უდავოდ ლახავს ხ-ების, როგორც მესაკუთრეთა, უფლებებს, რაც ტ.ქ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს. სსკ-ს 106-ე მუხლის თანახმად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომელსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ასეთ ფაქტებს განეკუთვნება ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1998წ. 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ხ-ების სარგებლობაში არის 762,8 კვ.მ, ხოლო ქ-ების 669,1 კვ.მ.
სკ-ს 1513-ე მუხლის თანახმად ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სკ-ს ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები.
მიწა, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ხ-ის სარგებლობაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთად არის მიჩნეული, სკ-ს 1513-ე მუხლის თანახმად მის საკუთრებად გამოცხადდა. ეს არის სადაო მიწის იურიდიული მდგომარეობა. ის გარემოება, რომ მიწა ჯერ საჯარო რეესტრში არ აღრიცხულა, როგორც ხ-ის საკუთრება, არ წარმოადგენს იმის მტკიცების საფუძველს, რომ მოცემულ შემთხვევაში ის არ შეიძლება ხ-ის საკუთრებად ჩაითვალოს.
ამასთან ხ-ი ვალდებულია ითმინოს ქ-ის მიერ მისი (ხ-ის) მიწის ნაკვეთის გამოყენება საჯარო გზებთან მისი კავშირის უზრუნველსაყოფად, რისი უფლებაც ქ-ეს სკ-ს 180-ე მუხლის საფუძველზე საბურთალოს რაიონის გამგეობის 1998წ. 15 აპრილის გადაწყვეტილებით აქვს მინიჭებული.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლომ სწორად გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ტ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.