საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№486აპ-23 თბილისი
პ–ი პ., 486აპ-23 8 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ჭურღულიასა და მსჯავრდებულ პ. პ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, პ. პ–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
2. პ. პ–ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 5 სექტემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, პ. პ–მა თ–ში, გ–ს მე-..მიკრორაიონის მე-.. კორპუსის ბინა №..-ში მცხოვრებ მ. ბ–ს შელაპარაკებისას რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახის, თავისა და გულმკერდის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულს განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, კერძოდ: მარცხნივ, ქვედა ყბის გვირგვინოვანი მორჩის, მარჯვნივ, ქვედა ყბის ტოტის (ქვედა ყბის კუთხესთან), ორმხრივ ყვრიმალის რკალის, თვალბუდის ქვედა (ზედა ყბა), ცხვირისა და ეთმოდიური ძვლების მაგარი სასის მრავლობითი ხაზოვან-ფრაგმენტული მოტეხილობები, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ასევე – მეხუთე მალის ნეკნის მოტეხილობა, მარცხნივ, ცდომით. პ. პ–ს ქმედებით მ. ბ–ს მიადგა ფიზიკური ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით პ. პ–ს, –ნასამართლევის, – ქმედება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე. პ. პ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2022 წლის 19 ოქტომბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2020 წლის 6 სექტემბრიდან 2021 წლის 12 თებერვლის ჩათვლით.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პ. პ–სს დანიშნული სასჯელის ვადა შეუმცირდა 45 დღით.
5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ. პ–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 5 სექტემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, პ. პ–მა თ–ში, გ–ს მე-.. მიკრორაიონის მე-.. კორპუსის ბინა №..-ში მცხოვრებ მ. ბ–ს შელაპარაკებისას რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტკივილი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორი თინათინ ჭურღულია საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩეში ცვლილების შეტანას, მსჯავრდებულის ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და კანონიერი, სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის განსაზღვრას, ხოლო მსჯავრდებული – სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას, კერძოდ – ნაცვლად შეკრებითობის პრინციპისა, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებას.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება პ. პ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რამაც განაპირობა პ. პ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირება.
10. საკასაციო პალატის შეფასებით, საქმეში არსებული რაიმე უტყუარი მტკიცებულებით – სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და სხვა მასალებით ვერ დგინდება, პ. პ–ს მიერ მ. ბ–სათვის მიყენებული დაზიანებები იყო თუ არა მძიმე ხარისხის და სიცოცხლისათვის სახიფათო, რის გამოც არ არსებობს მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკვალიფიცირების ფაქტობრივი საფუძველი.
11. ამდენად, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი საკმარისი დამაჯერებლობითა და გულმოდგინებით არის შესწავლილი და პასუხგაცემული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლო ასევე მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული. ამასთან, განსახილველი საკითხების ირგვლივ უკვე არსებობს ჩამოყალიბებული, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. საკასაციო საჩივრის დასაბუთება კი არ წარმოაჩენს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას კანონის არსებით დარღვევას, ასევე არ ვლინდება პ. პ–ს ქმედების კვალიფიკაციისას ისეთი სამართლებრივი პრობლემის არსებობა, რაც საკასაციო სასამართლოს მხრიდან დადგენილი პრაქტიკის განვითარებისათვის დამატებით ან ახლებურ შეფასებას საჭიროებს.
12. რაც შეეხება სასჯელს, სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ პ. პ–ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა კანონით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც მისი შეცვლის საფუძველი პალატას არ გააჩნია.
13. რაც შეეხება მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარს, რომლითაც იგი ითხოვს სასჯელის განსაზღვრისას, ნაცვლად შეკრებითობის პრინციპისა, შთანთქმის პრინციპის გამოყენებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პ. პ–ს სასჯელი დანიშნული აქვს მხოლოდ ერთი მუხლით – საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და არა – დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობით, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს სასჯელთა შეკრების ან შთანთქმის პრინციპის გამოყენების კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევის გარეშე (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე), საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა და კანონიერად დააკვალიფიცირა მსჯავრდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
15. ამრიგად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ჭურღულიასა და მსჯავრდებულ პ. პ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე