საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100122006516822
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №793აპ-23 ქ. თბილისი
ჭ. რ. 793აპ-23 24 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 მარტის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: რ. ჭ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. ჭ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2021 წლის 19 თებერვლის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) ნასამართლევმა რ. ჭ–მ 2022 წლის 25 ოქტომბერს ზ–ს რაიონის სოფელ ნ–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის, ც. ჭ–ს თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – თ. ბ–ს, კერძოდ: მოუჭირა ხელი ძლიერად ყელზე, ასევე ფეხი დაარტყა სხეულზე, რის შედეგადაც, თ. ბ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.2. 2021 წლის 19 თებერვლის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) ნასამართლევი რ. ჭ–ე, 2022 წლის 25 ოქტომბერს, ზ–ს რაიონის სოფელ ნ–ი მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – თ. ბ–ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. თ. ბ–მა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძველიანი შიში.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 იანვრის განაჩენით:
3.1. რ. ჭ–ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.2. რ. ჭ–ე საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.3 გამართლებულ რ. ჭ–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ, მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, რ. ჭ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის საქართველოს სსკ-ით დადგენილი წესით დანიშვნა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 მარტის განაჩენით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, რ. ჭ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის საქართველოს სსკ-ით დადგენილი წესით დანიშვნა.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს რ. ჭ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მისთვის შესაბამისი სასჯელის შეფარდებას.
9. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც რ. ჭ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა - თ. ბ–მა და მოწმე ლ. ჭ–მ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მათი ახლო ნათესავის (თ. ბ–მ - მეუღლის, ლ. ჭ–მ – მამის) – რ. ჭ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ რ. ჭ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისთვის – უნდა დასტურდებოდეს, რომ დამნაშავის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.
13. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში, დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმის ჩვენებების არარსებობის პირობებში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რ. ჭ–ს ქმედებებით დაზარალებულისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის მიყენება და მუქარის განხორციელების შიშის საფუძვლიანობა.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმე გ. გ. არ არის შემთხვევის თვითმხილველი და გადმოსცემს მისთვის დაზარალებულ თ. ბ–მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას რ. ჭ–ს მიერ მის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის შესახებ, აღნიშნული მოწმის ირიბი ჩვენება კი ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება).
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ N........ შემაკავებელი ორდერითა და მისი ოქმით არ დასტურდება, რომ თ. ბ–მა რ. ჭ–ს მიერ ჩადენილი ქმედებებით განიცადა ფიზიკური ტკივილი ან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, სავარაუდო ძალადობის ფაბულაში გადმოცემულია მხოლოდ 2022 წლის 25 ოქტომბრის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, ამასთან, ოქმი ხელმოწერილია მხოლოდ დაზარალებულ თ. ბ–სა და ოქმის შემდგენი პირის მიერ (იხ.: ტ.1, ს.ფ. 20-31).
16. დაზარალებულმა თ. ბ–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით; ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებით, საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით, არ დგინდება რ. ჭ–ს მიერ დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენება და დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა - არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რაც დაზარალებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, ობიექტურად დაადასტურებდა შიშის საფუძვლიანობას ან დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდას. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ დაზარალებულის შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, შეტყობინებაში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი უდავოდ ცნობილი 2022 წლის 3 ნოემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვით დგინდება, რომ 26.10.22წ. 16:17 - 16:27 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მოქ.: თ. ბ–ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექანიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება (იხ. ტ.1, ს.ფ. 182-185).
18. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობასა და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v. Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად, და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
19. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა რ. ჭ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
20. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ოჯახში ძალადობის ინციდენტის საპასუხოდ მტკიცებულებების შეგროვებისას ხარვეზებმა შეიძლება გამოიწვიოს რეალურად განხორციელებული ძალადობის ხარისხის არასათანადოდ შეფასება“ (Tkhelidze v Georgia, no. 33056/17, par.54, ECtHR, 8/07/2021). “ყოველთვის, როდესაც საეჭვოა ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, საჭიროა დაუყოვნებლივი რეაგირება და შემდგომი განსაკუთრებული გულმოდგინება ხელისუფლების მხრიდან, რათა გაუმკლავდნენ ძალადობის სპეციფიკურ ხასიათს ეროვნული საქმის წარმოების პროცესში (Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, par. 48, ECtHR, 8/07/2021; იხ. ასევე Kurt v. Austria [GC], no. 62903/15, paras. 165-66, 1/06/2021; Volodina v. Russia, no. 41261/17, par. 92, 9/07/2019).
20.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით (მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 581-ე მუხლით) გათვალისწინებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მონაწილეობის მნიშვნელობაზე და მათ როლზე აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოებაში.
21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
22. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
23. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
25. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 მარტის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე