საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №433აპ-23 თბილისი
გ-ი ჯ., 433აპ-23 24 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიასა და მსჯავრდებულ ჯ. გ-ის ადვოკატების – მ. ი-ისა და დ. ნ-ის – საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ჯ. გ-ს ბრალად დაედო ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), რაც გამოიხატა შემდეგით: 2021 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით, 19:30 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-ში, ჯ. გ-ი ავტომანქანით მოძრაობასთან დაკავშირებით შელაპარაკდა გ. ს-ვთან, რა დროსაც მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. საკითხის გასარკვევად ადგილზე შეიკრიბა რამდენიმე პიროვნება, რომლებიც სასაუბროდ სოფლის შესასვლელთან გადავიდნენ. საუბარი გადაიზარდა ჩხუბში. დაპირისპირებისას, ი. ი-მა ჯ. გ-ს ხელი დაარტყა თავის არეში. ამაზე განაწყენებულმა ჯ. გ-მა ჯიბიდან ამოიღო დანა და მოკვლის მიზნით მუცელში დაარტყა – ჯერ ი. ი-ს, შემდეგ, ასევე მოკვლის მიზნით – რამდენჯერმე დაარტყა გ. მ-ს. დანის დარტყმების შედეგად, დაზარალებულებმა მუცლისა და გულმკერდის არეში მიიღეს მძიმე ხარისხის დაზიანებები, რომლებიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, თუმცა მათი გადარჩენა მოხერხდა დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის პირველი ნოემბრის განაჩენით:
· ჯ. გ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (დაზარალებულ ი. ი-ის მიმართ) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
· ჯ. გ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (დაზარალებულ გ. მ-ის მიმართ) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 19,108-ე მუხლზე;
· ჯ. გ-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ი. ი-ის მიმართ) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 19,108-ე მუხლით (დაზარალებულ გ. მ-ის მიმართ) – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ. გ-ს განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2021 წლის 5 თებერვლიდან.
3. განაჩენის მიხედვით, ჯ. გ-ს მსჯავრად დაედო:
ü ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი, სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი (დაზარალებულ ი. ი-ის მიმართ);
ü განზრახ მკვლელობის მცდელობა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი (დაზარალებულ გ. მ-ის მიმართ).
4. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
o 2021 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით, 19:30 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-ში, ჯ. გ-ი ავტომანქანით მოძრაობასთან დაკავშირებით, შელაპარაკდა გ. ს-ვთან, რა დროსაც ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. საკითხის გასარკვევად ადგილზე შეიკრიბა რამდენიმე პიროვნება, რომლებიც სასაუბროდ სოფლის შესასვლელთან გადავიდნენ. საუბარი გადაიზარდა ჩხუბში. დაპირისპირებისას ი. ი-მა ჯ. გ-ს ხელი დაარტყა სახეში. ამაზე განაწყენებულმა ჯ. გ-მა ჯიბიდან ამოიღო დანა და ი. ი-ს, არაპირდაპირი განზრახვით, მუცელში, ერთხელ დაარტყა, რითაც მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა;
o 2021 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით, 19:30 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-ში, ჯ. გ-ი ავტომანქანით მოძრაობასთან დაკავშირებით შელაპარაკდა გ. ს-ვთან, რა დროსაც ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. საკითხის გასარკვევად ადგილზე შეიკრიბა რამდენიმე პიროვნება, რომლებიც სასაუბროდ სოფლის შესასვლელთან გადავიდნენ. საუბარი გადაიზარდა ჩხუბში. დაპირისპირებისას განაწყენებულმა ჯ. გ-მა ჯიბიდან ამოიღო დანა და გ. მ-ს, მოკვლის მიზნით, მუცლისა და გულმკერდის არეში რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად.
5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის პირველი ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
- მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ზაზა ცქვიტარიამ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; ჯ. გ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა;
- მსჯავრდებულ ჯ. გ-ის ადვოკატმა – დ. ნ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ჯ. გ-ის გამართლება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის პირველი ნოემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:
· ჯ. გ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (დაზარალებულ ი. ი-ის მიმართ) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
· ჯ. გ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (დაზარალებულ გ. მ-ის მიმართ) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 19,108-ე მუხლზე;
· ჯ. გ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ი. ი-ის მიმართ) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; ხოლო 19,108-ე მუხლით (დაზარალებულ გ. მ-ის მიმართ) – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ. გ-ს განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2021 წლის 5 თებერვლიდან.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:
- მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ზაზა ცქვიტარიამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და ჯ. გ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
- მსჯავრდებულ ჯ. გ-ის ადვოკატებმა – მ. ი-მა და დ. ნ-მა, რომლებიც ითხოვენ: ჯ. გ-ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან და 19,108-ე მუხლიდან ამავე კოდექსის 122-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებასა და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი; წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მოსაზრებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ჯ. გ-ი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება (როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში), რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას – მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
11. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
12. ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ. Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიასა და მსჯავრდებულ ჯ. გ-ის ადვოკატების – მ. ი-ისა და დ. ნ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე