გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹3კ-464-03 27 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე,ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. მ-ი მუშაობდა ზესტაფონის ....... ფაბრიკაში მკერავად. მას 1990წ. მარტიდან პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის გამო დაენიშნა დახმარება და შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი 60 პროცენტით განესაზღვრა. ნ. მ-მა 1991 წლიდან 1994 წლამდე კვლავ გააგრძელა ფაბრიკაში მუშაობა. ამ პერიოდში იგი ფაბრიკიდან იღებდა როგორც პენსიას, ასევე – დახმარებას პროფესიული დაავადებისათვის. 1994 წლიდან აღარ უმუშავია; მას 994-1998 წლამდე არ მიუღია არავითარი დახმარება ........ ფაბრიკიდან. ნ. მ-მა სს “გ-იდან” (....... ფაბრიკის უფლებამონაცვლე), 1998 წლიდან 2002წ. ჩათვლით მიიღო მხოლოდ 273 ლარი. 2002წ. აპრილში სარჩელი მან აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს “გ-ას” მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 1994-2002წ. მარტის ჩათვლით 13914 ლარის დაკისრება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე სს “გ-ას” დაეკისრა ნ. მ-ის სასარგებლოდ მიუღებელი თანხის 1988 ლარისა და 92 თეთრის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “გ-ას” დირექტორმა გ. მ-ემ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს “გ-ას” დირექტორ გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა მოცემულ საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება – სს “გ-ას” ნ. მ-ის სასარგებლოდ 2002წ. 1 აპრილამდე სარჩოს სახით დროულად გადასახდელად დაეკისრა 1988 ლარისა და 92 თეთრის გადახდა.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნეს “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობის დავის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება. ამ ბრძანებულების მე-11 პუნქტის თანახმად, ნ. მ-ისათვის მისაცემი სარჩო უნდა გამოანგარიშდეს მის მიერ ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი, ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან. ნ. მ-ს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა 1989წ. დეკემბერსა და 1990წ. იანვარში, ამიტომ ეს თვეები არ შეიძლება სრულად ნამუშევრად ჩაეთვალოს. მან უნდა მიიღოს 1989წ. სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის ხელფასი – 19,33+245,3+265,81, რაც შეადგენს 213 მანეთს.
სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობის თანახმად, 1990წ. იანვრის 100 მანეთი, მანეთის, კუპონისა და ლარის ინფლაციის გათვალისწინებით, 2002წ. 1 მარტის მდგომარეობით 42 ლარი იყო; 213 ლარის შესაბამისი იქნება 89,46 ლარი, რომლის 60% შრომის უნარის დაკარგული ხარისხის მიხედვით შეადგენს 53 ლარსა და 67 თეთრს. სასამართლომ არ გაიზიარა ნ. მ-ის მტკიცება იმის შესახებ, რომ მას სარჩო უნდა განესაზღვროს ინვალიდობის მუდმივი ჯგუფის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენის პერიოდის – 1997წ. სამი თვის – სშუალო ხელფასის მიხედვით, რადგან ზემოაღნიშნული ბრძანებულების 50-ე, 51-ე მუხლების თანახმად, ასეთი წესით ზიანის ანაზღაურება საწარმოს ევალება იმ შემთხვევაში, თუ შრომის უნარის ხარისხის დარღვევიდან მხოლოდ სამი წლის გასვლის შემდეგ მიმართა დაზარალებულმა საწარმოს სარჩოს დანიშვნის მოთხოვნით. ნ. მ-ი დახმარებას იღებდა 1994წ. ჩათვლით. მან საწარმოს ხელახლა მიმართა სარჩოს მიღების მოთხოვნით 1997წ. ბოლოს, ამიტომ არ გაუშვია შრომისუუნარობის დადგენიდან საწარმოსათვის მიმართვის სამწლიანი ვადა. ვინაიდან ნ. მ-მა საწარმოს არ წარუდგინა სამედიცინო აქტი 1997 წლამდე, ამიტომ ამ პერიოდში მოპასუხე ორგანიზაციას თანხის გადახდა ვერ დაეკისრება. მას უნდა მიეცეს სარჩო-ყოველთვიურად 53,67 ლარი – 1998წ. 1 იანვრიდან 2002წ. 1 აპრილამდე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სხვაობა აჭარბებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სს “გ-ასათვის” ნ. მ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრებულ თანხას, მაგრამ ნ. მ-ს არ გაუსაჩივრებია სააპელაციო წესით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 აგვისტოს გადაწყვეტილება და არც მოპასუხეს შეუტანია შეგებებული სააპელაციო საჩივარი (51 თვეში _ 2737 ლარი, რასაც გამოაკლდება 1998-2002 წლებში გაცემული 272 ლარი).
ნ. მ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის. საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ მან 1994 წლიდან თავი დაანება მოპასუხე ორგანიზაციაში მუშაობას და სამედიცინო შემოწმების დასკვნა მიჰქონდა ....... ფაბრიკაში, მაგრამ პენსიას არ ღებულობდა იმის გამო, რომ, ადმინისტრაციის განმარტებით, არ ჰქონდათ თანხები, მას ჰპირდებოდნენ, როგორც კი საშუალება ექნებოდათ, გამოუწერდნენ ერთიან თანხას, მაგრამ ამის თაობაზე ადმინისტრაციისათვის მას ხელწერილი არ ჩამოურთმევია.
საკასაციო საჩივარში ნ. მ-ი მიუთითებს, რომ მან სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს კანცელარიაში, მაგრამ ქუთაისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას მისი სააპელაციო საჩივარი არ აღმოჩნდა საქმეში, რის გამოც მისი მოთხოვნები არ იქნა განხილული და გაზიარებული.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე შეგებებული საკასაციო საჩივარი შეიტანა სს “გ-ას” დირექტორმა გ. მ-ემ. შეგებებული საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავა არასწორად გადაწყვიტა “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების საფუძველზე. რადგან ნ. მ-მა მოპასუხე ორგანიზაციას ზიანის ანაზღაურება მოთხოვა 1997წ. დეკემბერში, ე.ი. ზემოხსენებული ბრძანებულების მიღებამდე. ამიტომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა იმ დროს მოქმედი საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 26 ივნისის ¹502 დადგენილება. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება და არასწორად გამოიანგარიშა ნ. მ-ისათვის მისაცემი სარჩოს ოდენობა 1989წ. სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული ხელფასიდან. ნ. მ-ის მიერ მიღებული ბოლო სამი თვის ნამუშევარი საშუალო ხელფასი გამოანგარიშებული უნდა ყოფილიყო 1994წ. იანვრის, თებერვლისა და მარტში მიღებული ხელფასიდან, რომელიც 1998 წელს გადაანგარიშდებოდა მოპასუხე ორგანიზაციაში დასაქმებული იმავე კატეგორიის მუშაკის ხელფასის მიხედვით. სააპელაციო პალატამ საშუალო ხელფასი გამოიანგარიშა 1989წ. სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის ფაქტობრივად ნამუშევარი ხელფასის მიხედვით, მაგრამ ფულის კურსის დასადგენად მიუთითა 1990წ. იანვარზე, რაც არასწორია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის საკასაციო საჩივრის და შეგებებული საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს სს “გ-ას” დირექტორი გ. მ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარიც და მოცემული საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ნ. მ-ი მუშაობდა ზესტაფონის ...... ფაბრიკაში და მას პროფესიული შრომისუნარის დაკარგვის გამო 1990წ. მარტიდან დაენიშნა დახმარება, შრომის უნარის დაკარგვის ხარისხი განესაზღვრა 60 პროცენტით. იმის გამო, რომ ზესტაფონის ....... ფაბრიკიდან ნანული მ-ს არ მიუღია სარჩო 1994 წლიდან, მან სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს “გ-ას” (ზესტაფონის ....... ფაბრიკის უფლებამონაცვლე) და მოითხოვა ამ პერიოდში მისაღები სარჩო. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა ნ. მ-ის სარჩელი და მოპასუხე ორგანიზაციას დააკისრა მის სასარგებლოდ 1988 ლარისა და 92 თეთრის გადახდა. ნ. მ-ი სულ მოითხოვდა სს “გ-ასათვის” 13914 ლარის დაკისრებას. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სს “გ-ას” დირექტორმა გ. მ-ემ. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნული აღნიშნული სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ განიხილა მხოლოდ სს “გ-ას” დირექტორი გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი, მაგრამ როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ნ. მ-მა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში 2002წ. 23 სექტემბერს, რომლითაც მან მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება. ამდენად, ნ. მ-მა შეასრულა სსკ-ს 367-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა, რომ წერილობითი ფორმით შედგენილი სააპელაციო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება. მაგრამ ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ გადააგზავნა საქმის მასალებთან ერთად საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში, რითაც დაარღვია სსკ-ს 371-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სააპელაციო საჩივრის შესვლის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუყოვნებლივ გადაუგზავნის სააპელაციო სასამართლის მთლიანად საქმეს, აგრეთვე დამატებით შემოსულ ყველა მასალას.
ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავა გადაწყვიტა ნ. მ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად, ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად იგი უნდა გაუქმდეს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სს “გ-ას” დირექტორ გ. მ-ის შეგებებული საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატას მოცემული დავის გადაწყვეტილებისას არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” რადგან სადავო ურთიერთობა მხარეთა შორის ამ ბრძანებულების მიღებამდე წარმოიშვა.
ამ წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალა “საწარმოო ორგანიზაციების მიერ საწარმოო ტრამვით გამოწვეული შრომითი დასახიჩრებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 28 ივნისის ¹502 და “უბედური შემთხვევის შედეგად მიყენებული წარალის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 12 აგვისტოს ¹619 დადგენილება. “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” 63-ე მუხლში კი აღნიშნულია, რომ შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესების ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ამ წესების ნორმები, გარდა 22-ე, 33-ე, 34-ე, 39-ე, 40-ე პუნქტებისა.
“შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” მე-11 მუხლი ეხება ზიანის ასანაზღაურებელი სარჩოს ოდენობის განსაზღვრას. ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნულია, რომ ზიანი ანაზღაურდება იგივე ან იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული აქვს შრომის უნარის ხარისხი. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი სარჩოს ოდენობის განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოს ის, რომ სადავო პერიოდში შეიცვალა მოპასუხის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საქართველოში შეიცვალა ფულის ერთეული, ამიტომ უნდა მოხდეს მოსარჩელისათვის მისაცემი სარჩოს გადაანგარიშება ზემოაღნიშნული წესების მე-12 მუხლის შესაბამისად იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სს “გ-ას” დირექტორი მ. მ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილება და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.