საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 120100121004713319
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №654აპ-23 24 ოქტომბერი, 2023 წელი
ბ–ი ს., 654აპ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ბ–ს ადვოკატ კ. ლ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენით ს. ბ–ი (პირადი ნომერი: ...............), ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 200 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. მასვე ამავე კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარი.
2. განაჩენის მიხედვით, ს. ბ–ს მსჯავრი დაედო ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში, რაც გამოიხატა შემდეგში: ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებითა და ამავე სასამართლოს მიერ 2020 წლის 17 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად, ს. ბ–ს აეკრძალა ა–ს რაიონის სოფელ წ–ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის სარდაფსა და სადგომში პირუტყვის დაბინავება. აღნიშნულის მიუხედავად, ს. ბ–მა არ შეასრულა ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება სასჯელის ნაწილში და ს. ბ–სათვის კანონიერი და უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება;
მსჯავრდებულ ს. ბ–ს ადვოკატებმა - კ. ლ–მა და ნ. ს–მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ს. ბ–სის გამართლება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 მაისის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ბ–ს ადვოკატმა კ. ლ–მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ს. ბ–ს გამართლებას.
6. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორი გელა მაღრაძე საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს, რომ სასამართლომ არ დაუშვას დაცვის მხარის საჩივარი და უცვლელად დატოვოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 მაისის განაჩენი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი; წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ს. ბ–ი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამავე დროს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას - მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
10. ამასთან, ს. ბ–ს წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერებასთან მიმართებით კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ამ კოდექსით დადგენილი წესით, განსჯადობის მიხედვით განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს, შუამდგომლობასა და საჩივარს, ხოლო მე-20 მუხლის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო), სააპელაციო სასამართლოებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის კომპეტენციას წარმოადგენს ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
11. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს, სისხლის სამართლის საქმეთა განმხილველ სასამართლოს ასეთი მოთხოვნის განხილვის საკანონმდებლო საფუძველი არ გააჩნია, რის გამოც პალატა, მოცემულ შემთხვევაში, მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს ს. ბ–ს მიმართ მიღებული ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებაზე.
12. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
13. ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა - ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო, საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, საქმეს არ იხილავს, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 2016 წლის 21 ივნისი, აგრეთვე - Moreira Ferreira, §84; და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 2015 წლის 21 ივლისი).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ს. ბ–ს ადვოკატ კ. ლ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე