საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100122006156628
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №660აპ-23 30 ოქტომბერი, 2023 წელი
შ–ე ი., 660აპ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. შ–ს ადვოკატ ზაქრო გვიშიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 დეკემბრის განაჩენით ი. შ–ე (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი – 2022 წლის 24 ივლისის: 22:00; 22:10 და 22:20 საათების ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულისათვის განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. შ–ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 25 ივლისიდან. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ი. შ–ს შეფარდებული სასჯელის მოხდა განესაზღვრა შპს „.................ის სახელობის ........... ცენტრში“ (........) გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა უნდა გააგრძელოს საერთო წესით.
2. განაჩენის მიხედვით, ი. შ–ს მსჯავრად დაედო ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით (სამი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ–ში, ა–ს ქუჩის №..ა-ში მდებარე შპს „.........ს“ აფთიაქში, ი. შ–სე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხა აფთიაქის ფარმაცევტს – ქ. დ–ს, რომელსაც გახსნილი დანის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, მოსთხოვა ფულის გადაცემა, რა დროსაც, დაზარალებულმა მუქარა აღიქვა რეალურად და შემთხვევის ადგილიდან მაღაზია „ს–ში“ გაქცევით უშველა თავს. მას დანით შეიარაღებული ი. შ–ე უკან დაედევნა, თუმცა მაღაზია „ს–ში“ მოქალაქეთა მხრიდან მისთვის გაწეული წინააღმდეგობის გამო, ვერ დაეუფლა ფულს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა;
2022 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 22:10 საათზე, თ–ში, ჭ–ს ქუჩის №..-ში მდებარე შპს „ზ–ს“ მაღაზია „ზ–ში“, ი. შ–ე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხა მაღაზიის მოლარე-კონსულტანტს – ნ. გ–ს, რომელსაც გახსნილი დანის დემონსტრირებით, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, მოსთხოვა მაღაზიის სალაროს უჯრის გახსნა და მასში არსებული, შპს „ზ–ს“ კუთვნილი, ფულის გადაცემა, რა დროსაც, დაზარალებულს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში და გაქცევით უშველა თავს, ხოლო ი. შ–მ, მაღაზიის სხვა თანამშრომელთა მხრიდან გაწეული წინააღმდეგობისა და იმის გამო, რომ სალაროს უჯრა დაკეტილი იყო, ვერ დაეუფლა ფულს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა;
2022 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 22:20 საათზე, თ–ში, ა–ს ქუჩის №..-ში მდებარე სს „ფ–ს“ მაღაზია „ს–ში“, ი. შ–ე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, თავს დაესხა მაღაზიის მოლარე-კონსულტანტს – თ. კ–ს, რომელსაც დანის დემონსტრირებით, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, მოსთხოვა მაღაზიის სალაროს უჯრის გახსნა და მასში არსებული, სს „ფ–ს“ კუთვნილი, ფულის გადაცემა, რა დროსაც, დაზარალებულს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში და ქუჩაში გაქცევით უშველა თავს, ხოლო ი. შ–ე, იმის გამო, რომ სალაროს უჯრა დაკეტილი იყო, ვერ დაეუფა ფულს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ჟანა ერემაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა სასჯელის ნაწილში და ი. შ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა და მსჯავრდებულ ი. შ–ს ადვოკატმა – მ. წ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ი. შ–სის გამართლება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარემ, ალტერნატივის სახით, მოითხოვა ი. შ–სათვის განსაზღვრული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე. დაცვის მხარემ ალტერნატიული მოთხოვნის დაკმაყოფილების არგუმენტად მიუთითა ი. შ–ს ჯანმრთელობის მდგომარეობასა და იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულებს ი. შ–ს მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ი. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი – 2022 წლის 24 ივლისის: 22:00; 22:10 და 22:20 საათების ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულისათვის განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. შ–ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 25 ივლისიდან.
6. მსჯავრდებული ი. შ–ე 2023 წლის 24 მარტს გაეწერა შპს „აკადემიკოს .........ის სახელობის .......... ცენტრიდან“ (........) და სასჯელის საერთო წესით მოხდის მიზნით გადაიყვანილ იქნა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. შ–ს ადვოკატმა – ზ. გ–მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და ი. შ–სისათვის შესაბამისი მუხლით დადგენილი მინიმალური სასჯელის – 5 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას თითოეული ეპიზოდისათვის.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი; წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
10. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ი. შ–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
11. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ ამომწურავად მიუთითა იმ გარემოებებზე, რომელთა გამო არ შეუმსუბუქა სასჯელი ი. შ–ს და რატომ მიიჩნია მიზანშეწონილად მისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის დამძიმება, რასაც საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
12. ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ. Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. შ–ს ადვოკატ ზ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე