საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 160100123007028897
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1348აპ-23 ქ. თბილისი
ვ–ი მ., 1348აპ-23 13 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო პაპაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო პაპაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მ. ვ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 ,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი არგუმენტებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და არასამართლიანია, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა მ. ვ–მა და მოწმეებმა უარი თქვეს მ. ვ–ს წინააღმდეგ ჩვენებების მიცემაზე, ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის – დანაშაულის შესახებ შეტყობინება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და გამომძიებელ ვ. ბ–ს ჩვენება, საკმარისი იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. ვ–ს ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.
მ. ვ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:
2023 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 09:00 საათზე, ბ–ს რაიონის სოფელ .....ში, მე-.. ქუჩა N..-ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური სასმელის დალევასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის გამო, მ. ვ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას – მ. ვ–ს და უთხრა, რომ მოკლავდა, რაც მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის განაჩენით მ. ვ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა მ. ვ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ მ. ვ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო პაპაშვილმა. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მ. ვ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და არასამართლიანია, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში აღწერილია ის ფაქტობრივი გარემოებები და მოტივები, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დაასკვნა, რომ მ. ვ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდებისათვის არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, კერძოდ:
9. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა პირმა – მ. ვ–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და სასამართლოს არ მისცა თავისი ახლო ნათესავის, შვილის – მ. ვ–ს წინააღმდეგ ჩვენება. ამავე უფლებით ისარგებლეს მოწმეებმა – ა. ა–მ (მ. ვ–ს მეუღლე) და ა. ვ–მ (მ. ვ–ს დედა) და მათაც არ მისცეს მ. ვ–ს წინააღმდეგ ჩვენებები. დაზარალებული და აღნიშნული მოწმეები არიან ის პირები, რომელთაც, შესაძლოა, სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, მაგრამ, ვინაიდან არ არსებობს მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მათ მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია გამოიყენოს მტკიცებულებად და საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს.
10. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს: დანაშაულის შესახებ დაზარალებულის შეტყობინება არის ზოგადი ხასიათის და არ შეიცავს ინფორმაციას მ. ვ–ის მიერ მუქარის შედეგად საფუძვლიანი შიშის განცდის თაობაზე; დაზარალებულ მ. ვ–ის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების, მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება, ხოლო იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში დაზარალებულმა უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, აღნიშნული ოქმი არ წარმოადგენს ცალკე, დამოუკიდებელ, პირდაპირ მტკიცებულებას და საფუძვლად ასევე ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს; გამომძიებელ ვ. ბ–ს ჩვენება არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, ვინაიდან იგი არ არის ფაქტის თვითმხილველ პირი და ინფორმაციას ფლობს მხოლოდ გამოძიების პროცესში დაზარალებულ მ. ვ–სთან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე; პროკურორი საკასაციო საჩივარში ასევე უთითებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე, რომლის დროსაც ამოიღეს დანა, მაგრამ აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მ. ვ–ს ბრალდების მხარე საერთოდ არ ედავება მუქარის ჩადენას დანის დემონსტრირებითა და გამოყენებით, რის გამოც ამოღებული ნივთმტკიცება ვერ იქნება მიჩნეული დანაშაულის საგნად და, ამდენად, არც ეს მტკიცებულება წარმოადგენს გამართლებულის ბრალეულობის დამადასტურებელ საკმარის საფუძველს, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც მ. ვ–ს ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, საქმის მასალებში არ მოიპოვება.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო პაპაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი