საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 17.06.2024
საქმის ნომერი
2კ-216აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.06.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100123007766224

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №216აპ-24 17 ივნისი, 2024 წელი

ა–ი შ., №216აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. შ. ა–ი (პირადი ნომერი: ................) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში, შ. ა–მა დაიქირავა ნ. კ–ე და თ. კ–ე, რათა თ–ს რაიონის სოფელ ყ–ში მდებარე, თავისი სამშენებლო ბლოკის საამქროში შეესრულებინათ სამუშაოები. 2022 წლის 7 აგვისტოს, როდესაც მუშები ასრულებდნენ სამუშაოს, შ. ა–ს მიერ სამუშაოების დაწყებამდე, არ ჩატარებიათ უსაფრთხოების ტექნიკაში სწავლება და ინსტრუქტაჟი სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარებაზე, რითაც შ. ა–მა დაარღვია სამუშაოების წარმოების უსაფრთხოების წესები. სამუშაოს წარმოებისას ნ. კ–მ აიღო, შ. ა–ს კუთვნილი, დენის წყაროსთან მიერთებული „დევალტის“ ფირმის ელექტრო სადემონტაჟო ჩაქუჩი, რომელიც იყო გაუმართავ მდგომარეობაში და მისი ლითონის ზედაპირზე ხდებოდა ელექტროენერგიის გადატანა, ჩავიდა საამქროს ტერიტორიაზე არსებულ ბეტონის საზელ მოწყობილობაში, რადგან უნდა განეხორციელებინა გამშრალი ბეტონის დანგრევა და საზელი მოწყობილობის გასუფთავება. ნ. კ–მ ჩართო ზემოაღნიშნული გაუმართავი სადემონტაჟო ჩაქუჩი, რა დროსაც დაარტყა დენმა და ელექტროდენის მოქმედების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. შესაბამისად, შ. ა–მა დაარღვია მშენებლობისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით, შ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი.

2.2. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვალერი გიორგაშვილმა, რომლითაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2024 წლის 18 იანვარს, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვალერი გიორგაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

3.3. მსჯავრდებულ შ. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ც–მ წარმოდგენილი შესაგებლით მოითხოვა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა შ. ა–ს პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის შედეგი და მსჯავრდებულს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათს. გასათვალისწინებელია, რომ შ. ა–ს ქმედებამ გამოიწვია ნ. კ–ს გარდაცვალება. ამასთან, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს გააჩნია პრეტენზია და ითხოვს შ. ა–ს უმკაცრესად დასჯას. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და სამართლიანობის აღდგენას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა შ. ა–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.4. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოხსენებული მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ქმედების დამამძიმებელ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აღნიშნული სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება. მოცემულ შემთხვევაში, შ. ა–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სწორედ იმიტომ, რომ მის მიერ უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია ნ. კ–ს სიცოცხლის მოსპობა. შესაბამისად, მითითებული გარემოებით მის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავო გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, შ. ა–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, შ. ა–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს.

5.6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა მსჯავრდებულს განუსაზღვრეს მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით, ჩაეთვალა პირობით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განმეორებითი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს.

5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

5.8. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე