საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 24.06.2024
საქმის ნომერი
2კ-253აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.06.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100122006548824

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №253აპ-24 24 ივნისი, 2024 წელი

კ–ი თ., №253აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. თ. კ–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2022 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 09:45 საათზე, ქალაქ ბ–ში, .........ის გამზირი N..-ში ა–ს დაცვის პოლიციის სამმართველოს ქალაქ ბ–ს ობიექტების დაცვის განყოფილების, საზოგადოებრივი მაუწყებლის, ა–ს ტელევიზიისა და რადიოს დაცვის ინსპექტორი გ. მ–ე თ. კ–ს მოუწოდებდა სიმშვიდის შენარჩუნებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ, რის გამოც, თ. კ–მა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, იძალადა გ. მ–ზე, კერძოდ, თავი ჩაარტყა თავის არეში, რამაც გამოიწვია გ. მ–ს ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ივნისის განაჩენით თ. კ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

თ. კ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1000 ლარი ჯარიმა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თ. კ–ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 6 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით თ. კ–ის განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1000 ლარი ჯარიმა და 6 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ თ. კ–ს სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2022 წლის 6 ნოემბრიდან და პატიმრობაში ყოფნის ვადის – 2022 წლის 6 ნოემბრიდან 2023 წლის 29 მაისის ჩათვლით – გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და მოსახდელად დარჩა ჯარიმა 1000 ლარი.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. კ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.3. 2022 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 09:45 საათზე, ბ–ში, .........ის გამზირი N..-ში, თ. კ–მა, მისთვის სიგარეტის მიცემაზე უარის თქმით განაწყენებულმა, ფიზიკურად იძალადა გ. მ–ზე, კერძოდ, თავი ჩაარტყა მას თავის არეში, რამაც გამოიწვია გ. მ–ს ფიზიკური ტკივილი.

2.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ივნისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2023 წლის 30 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, თ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა და სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განაჩენით ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

3.2. 2024 წლის 5 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა, რომელმაც მოითხოვა თ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა და სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი თ. კ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების ნაწილში უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს თ. კ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. დაზარალებულ – გ. მ–სა და მოწმე ი. ჭ–ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებების ანალიზით უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ თავდაპირველად თ. კ–ს აგრესია გამოიწვია აღნიშნული პირების მიერ სიგარეტის მიცემაზე უარის თქმამ, თუმცა მას ამის გამო ძალადობა არ განუხორციელებია. მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ გ. მ–ე იყო პოლიციის კაპიტანი და შენიშნა მისი სამხრე ნიშნები, სწორედ აღნიშნულის გამო გახდა აგრესიული. ორივე მოწმემ, როგორც გ. მ–მ, ასევე ი. ჭ–მ დაადასტურეს, რომ თ. კ–ი თავს დაესხა მხოლოდ გ. მ–ეს და მას ი. ჭ–ს მიმართ აგრესია არ ჰქონია. მისი აგრესია კი სწორედ გ. მ–ს ე.წ. „პაგონებმა“ გამოიწვია. თ. კ–ს მიერ მოხდა აქტიური ქმედების, თავდასხმის განხორციელება გ. მ–ეის სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე და მისი კომენტარებიც ამასვე მიუთითებს. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ თ. კ–ს ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო, არ იზიარებს პროკურორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ თ. კ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

5.3. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თ. კ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და კანონის მოთხოვნათა დაცვით, მსჯავრდებულის ქმედებას სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა.

5.4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეებს შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ თ. კ–მა 2022 წლის 6 ნოემბერს ფიზიკურად იძალადა გ. მ–ზე, კერძოდ, თავი ჩაარტყა მას თავის არეში, რამაც გ. მ–ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, თავდასხმაში, რაც გულისხმობს აგრესიულ აქტს, რასაც თან ახლავს ძალადობა ან ძალადობის მუქარა. თავდასხმის ადრესატი შეიძლება იყოს პოლიციელი ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი, მათი სამსახურეობრივი ან საცხოვრებელი შენობა, მათი სატრანსპორტო საშუალება ანდა მათი ოჯახის წევრი. ამავე დროს პოლიციელზე თავდასხმას ადგილი აქვს მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

5.6. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქმედების პოლიციელზე თავდასხმად კვალიფიკაციისთვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა და მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლის გარეშეც ქმედების პოლიციელზე თავდასხმად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს იქნება მოკლებული. დანაშაულებრივი ქმედების სწორად კვალიფიკაციისათვის სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, ასევე ის გარემოება როგორ ვითარებაში იქნა აღნიშნული მიყენებული, რა უძღოდა წინ და შემდგომ, ადგილი ხომ არ ჰქონდა შეურაცხმყოფელ შეძახილებს მსხვერპლის საქმიანობასთან დაკავშირებით და სხვა.

5.7. საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მითითება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადასტურებული თ. კ–ს მიერ გ. მ–ზე განხორციელებული თავდასხმის მიზანი - მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და არ ეთანხმება პროკურორის პოზიციას, რომ აღნიშნული დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, ასევე, იმას რომ აღნიშნულზე მიუთითებს ის გარემოება, რომ გ. მ–ს ეცვა სამსახურებრივი უნიფორმა.

5.8. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ მსჯავრდებულმა თ. კ–მა ფიზიკურად იძალადა გ. მ–ზე, კერძოდ, თავი ჩაარტყა მას თავის არეში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, ამასთან ცალსახად არ დასტურდება, რომ მსჯავრდებულის აგრესიული ქმედება კავშირში იყო გ. მ–ს, როგორც პოლიციელის სტატუსთან ან/და მის სამსახურებრივ საქმიანობასთან. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თ. კ–მა გ. მ–ზე ფიზიკურად იძალადა მის მიერ სიგარეტის მიცემაზე უარის თქმით გამოწვეული უკმაყოფილების გამო, კონფლიქტი წარმოიშვა ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად და იგი კონკრეტულ შემთხვევაში არ მოქმედებდა პოლიციელზე თავდასხმის მიზნით.

5.9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად განმარტეს, როდესაც კანონით დადგენილი წესით დადასტურებულ მთელ რიგ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, დაადგინეს, რომ მსჯავრდებული დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების პროცესში მოქმედებდა წყენის გამო და არა დაზარალებულის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

5.10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ თ. კ–ს ქმედებას, სუბიექტური შემადგენლობის გათვალისწინებით, სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა, როდესაც მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, რომელსაც შედეგად ფიზიკური ტკივილი მოჰყვა დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

5.11. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 59-ე, 61-ე და 67-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, თ. კ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.14. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე