საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 190100121005039367
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №169აპ-24 18 ივნისი, 2024 წელი
ს–ი ა., №169აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. ს–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 239-ე მუხლის მე-3 ნაწილითა (ხულიგნობა, ესე იგი, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობის მუქარით, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) და საქართველოს სსკ-ის 19,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის დაზიანების მცდელობა, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2021 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. რ–ში, კ–ს ქუჩის N..-ში მდებარე, ბ. კ–ს კუთვნილ და გ. ძ–ს მფლობელობაში არსებულ რესტორანში – „.....ი“ (... R–i) მყოფმა ა. ს–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რესტორნის მფლობელს, გ. ძ–ს, რის შემდგომაც, რესტორანში მყოფმა პირებმა – გ. ძ–მა, თ. ც–მ და მ. მ–მა, ა. ს–ს მოსთხოვეს, დაეტოვებინა რესტორნის ტერიტორია.
ამის შემდეგ, დაახლოებით 20:40 საათზე, ქ. რ–ში, ..........სა და ს–ს ქუჩების კვეთაზე მდებარე „.........ის“ ბენზინგასამართ სადგურზე, ა. ს–მა შეიძინა, დაახლოებით 800 გრამი ბენზინი, ხოლო 21:00 საათისათვის კვლავ მივიდა ქ. რ–ში, კ–ს ქუჩის N..-ში მდებარე რესტორან „... რ–ში“ და ბენზინით სავსე, ცეცხლმოკიდებული პლასტმასის ბოთლი შეაგდო რესტორანში, ასევე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა იქ მყოფ პირებს – გ. ძ–ს, ვ. ძ–ს, თ. ც–ას, მ. მ–ს და დაემუქრა, რომ დაწვავდა ყველას. რესტორანში გაჩნდა ხანძარი, ცეცხლი წაეკიდა რესტორნის იატაკს, თუმცა იქ მყოფმა მ. მ–მა და თ. ც–მ წყლით შეძლეს ხანძრის ჩაქრობა.
ა. ს–ს მიერ განხორციელებული ქმედებით, რომლითაც მან გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და 1 საათით (21:00 საათიდან – 22:00 საათამდე დროის პერიოდში) შეჩერდა რესტორნის მუშაობის პროცესი.
1.3. 2021 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. რ–ში, კ–ს ქუჩის N..-ში მდებარე, ბ. კ–ს კუთვნილ და გ. ძ–ს მფლობელობაში არსებულ რესტორან „... რ–ში“ (Old R–i) მყოფმა ა. ს–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რესტორნის მფლობელს გ. ძ–ს, რის შემდგომაც, რესტორანში მყოფმა პირებმა – გ. ძ–მა, თ. ც–მ და მ. მ–მა, ა. ს–ს მოსთხოვეს დაეტოვებინა რესტორნის ტერიტორია.
ამის შემდეგ, დაახლოებით, 20:40 საათზე, ქ. რ–ში, .......სა და ს–ს ქუჩების კვეთაზე მდებარე „........ის“ ბენზინგასამართ სადგურზე, ა. ს–მა შეიძინა, დაახლოებით 800 გრამი ბენზინი, ხოლო 21:00 საათისთვის კვლავ მივიდა ქ. რ–ში, კ–ს ქუჩის N..-ში მდებარე რესტორან „.... რ–ში“ და ბენზინით სავსე, ცეცხლმოკიდებული პლასტმასის ბოთლი შეაგდო, ასევე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა იქ მყოფ პირებს – გ. ძ–ს, ვ. ძ–ს, თ. ც–ს, მ. მ–ს და დაემუქრა, რომ დაწვავდა ყველას. რესტორანში გაჩნდა ხანძარი, ცეცხლი წაეკიდა რესტორნის იატაკს, თუმცა იქ მყოფმა მ. მ–მა და თ. ც–მ წყლით შეძლეს ხანძრის ჩაქრობა. ა. ს–ს მიერ განხორციელებული ქმედებით, რომლითაც მან გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და 1 საათით (21:00 საათიდან – 22:00 საათამდე დროის პერიოდში) შეჩერდა რესტორნის მუშაობის პროცესი.
ა. ს–ს მიერ ცეცხლის წაკიდებით, გ. ძ–ს მფლობელობაში არსებული რესტორნის „... რ–ი“ დაზიანების შემთხვევაში, რესტორნის მესაკუთრეს, ბ. კ–ს, შესაძლოა მისდგომოდა 10000 ლარის ოდენობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული, საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა. ს–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია ა. ს–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ხულიგნობა, ესე იგი, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით) და საქართველოს სსკ-ის 19,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მცდელობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.3. 2021 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. რ–ში, კ–ს ქუჩის N..-ში მდებარე, ბ. კ–ს კუთვნილ და გ. ძ–ს მფლობელობაში არსებულ რესტორან “... რ–ში“ (.... R....) მყოფმა ა. ს–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რესტორნის მფლობელს, გ. ძ–ს, რის შემდგომაც, რესტორანში მყოფმა პირებმა – გ. ძ–მა, თ. ც–მ და მ. მ–მა ა. ს–ს მოსთხოვეს, დაეტოვებინა რესტორნის ტერიტორია.
ამის შემდეგ, დაახლოებით, 20:40 საათზე, ქ. რ–ი, ........ოს და ს–ს ქუჩების კვეთაზე მდებარე „...........ის“ ბენზინგასამართ სადგურზე, ა. ს–მა შეიძინა, დაახლოებით 800 გრამი ბენზინი, ხოლო 21:00 საათისთვის კვლავ მივიდა ქ. რ–ში, კ–ს ქუჩის N..-ში მდებარე რესტორან “... რ–ში“ და ბენზინით სავსე, ცეცხლმოკიდებული პლასტმასის ბოთლი შეაგდო რესტორანში, ასევე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა იქ მყოფ პირებს – გ. ძ–ს, ვ. ძ–ს, თ. ც–ს, მ. მ–ს და დაემუქრა, რომ დაწვავდა ყველას. რესტორანში გაჩნდა ხანძარი, ცეცხლი წაეკიდა რესტორნის იატაკს, თუმცა იქ მყოფმა მ. მ–მა და თ. ც–მ, ხანძრის ჩაქრობა წყლით შეძლეს.
ა. ს–ს მიერ განხორციელებული ქმედებით, რომლითაც მან გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და 1 საათით (21:00 საათიდან – 22:00 საათამდე დროის პერიოდში) შეჩერდა რესტორნის მუშაობის პროცესი.
2021 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. რ–ში, კ–ს ქუჩის N..-ში მდებარე, ბ. კ–ს კუთვნილ და გ. ძ–ს მფლობელობაში არსებულ რესტორან “... რ–ში“ (... R....) მყოფმა ა. ს–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რესტორნის მფლობელს, გ. ძ–ს, რის შემდგომაც, რესტორანში მყოფმა პირებმა – გ. ძ–სმა, თ. ც–მ და მ. მ–მა, ა. ს–ს მოსთხოვეს, დაეტოვებინა რესტორნის ტერიტორია. ამის შემდეგ, დაახლოებით, 20:40 საათზე, ქ. რ–ში, ....ს და ს–ს ქუჩების კვეთაზე მდებარე „...ის“ ბენზინგასამართ სადგურზე, ა. ს–მა შეიძინა დაახლოებით 800 გრამი ბენზინი, ხოლო 21:00 საათისთვის კვლავ მივიდა ქ. რ–ში, კ–ს ქუჩის ...ში მდებარე რესტორანში „........ი“ და ბენზინით სავსე, ცეცხლმოკიდებული პლატსმასის ბოთლი შეაგდო რესტორანში, ასევე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა იქ მყოფ პირებს – გ. ძ–ს, ვ. ძ–ს, თ. ც–ს, მ. მ–ს და დაემუქრა, რომ დაწვავდა ყველას. რესტორანში გაჩნდა ხანძარი, ცეცხლი წაეკიდა რესტორნის იატაკს, თუმცა იქ მყოფმა მ. მ–მა და თ. ც–მ, ხანძრის ჩაქრობა შეძლეს წყლის გამოყენებით. ა. ს–ს მიერ განხორციელებული ქმედებით, რომლითაც მან გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და 1 საათით (21:00 საათიდან – 22:00 საათამდე დროის პერიოდში) შეჩერდა რესტორნის მუშაობის პროცესი.
ა. ს–ს მიერ ცეცხლის წაკიდებით გ. ძ–სის მფლობელობაში არსებული რესტორნის “......“ი“ დაზიანების შემთხვევაში, რესტორნის მესაკუთრეს, ბ. კ–ს, შესაძლოა, მისდგომოდა 10000 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.
2.4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 აპრილის განაჩენით ა. ს–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
ა. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 19,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 19,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ს–ის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – სალომე ქემაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ა. ს–ს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 19,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2024 წლის 10 იანვარს, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, სალომე ქემაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, ა. ს–ს წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა ა. ს–ს ქმედებას, როდესაც საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე. მოწმეების – გ. ძ–ს, თ. ც–ს, მ. მ–სა და ვ. ძ–ს ჩვენებებით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმითა და ა. ს–ს ტანსაცმლით უტყუარად დადასტურდა, როგორც სხვისი ნივთის დაზიანების მცდელობა, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, ისე მსჯავრდებულის მიერ ხულიგნობის ჩადენა, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. ამასთან, კასატორის აზრით, გამოყენებული სასჯელი არის მსუბუქი და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების შესრულებას. მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია განზრახ დანაშაულთა ერთობლიობა, რაც განსაკუთრებული საშიშროების მატარებელია, მით უფრო, იმ პირობებში, თუ დანაშაულები ჩადენილია იარაღად ცეცხლმოკიდებული ბოთლის მეშვეობით.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. პროკურორი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლად უთითებს გამოკვლეულ მტკიცებულებათა არასათანადო და არასწორი შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უკანონობაზე. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობა გულისხმობს საპროცესო კოდექსის ისეთ დარღვევას, რაც არსებით გავლენას ახდენს საქმის შედეგსა და მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობაზე. არსებითი დარღვევა შესაძლოა ვლინდებოდეს ისეთი საპროცესო დანაწესის დარღვევით, რასაც მოიცავს სამართლიანი სასამართლოს უფლება, მათ შორის, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობის არარსებობა, მტკიცებულებათა შეფასებისას ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის („In dubio pro reo“) პრინციპის, მტკიცებულებათა უტყუარობისა და დასაშვებობის სტანდარტების დარღვევა და სხვა.
5.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. ს–ს მიერ განხორციელებული ქმედების საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციის თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და კანონის მოთხოვნათა დაცვით, ა. ს–ს ქმედებებს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა.
5.4. საკასაციო სასამართლო, არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა ა. ს–ს მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, ხულიგნობის ჩადენის ფაქტი და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულისა და მოწმეების – თ. ც–ს, ბ. კ–ს, გ. ძ–ს, მ. მ–ს ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით (ანაწმენდები და დამწვარი პოლიეთილენის გამჭვირვალე ბოთლი) – საკასაციო სასამართლოს, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულად მიაჩნია ა. ს–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 19,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.
5.5. საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ხულიგნობისთვის და შინაარსობრივად გულისხმობს ქმედებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ქმედების ხულიგნობად კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია სამი ელემენტის არსებობა, კერძოდ: ქმედება უხეშად უნდა არღვევდეს საზოგადოებრივ წესრიგს, უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და ამავდროულად, ასეთი ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან/და ძალადობის მუქარით.
5.6. დაზარალებულებისა და მოწმეების – თ. ც–ს, ბ. კ–ს, გ. ძ–ს, მ. მ–ს ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა, რომ გ. ძ–ი და ა. ს–ი სიტყვიერად შელაპარაკდნენ, რა დროსაც მსჯავრდებულს იძულებით დაატოვებინეს რესტორნის ტერიტორია. მალევე, ა. ს–მა ბენზინით სავსე, ცეცხლმოკიდებული პოლიეთილენის ბოთლი შეაგდო რესტორანში, ასევე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა იქ მყოფ პირებს - გ. ძ–ს, ვ. ძ–ს, თ. ც–ს, მ. მ–ს და დაემუქრა, რომ დაწვავდა ყველას. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დადგინდა, რომ თავდაპირველად ა. ს–ის არ ამოძრავებდა პირადი მოტივი და კეთილგანწყობის მიუხედავად, მან გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, ძალადობის მუქარით, რაც სავალდებულოა ქმედების ხულიგნობად დაკვალიფიცირებისათვის, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ დაბრუნდა რესტორნის შესასვლელთან და შესასვლელშივე ისროლა ბენზინიანი ბოთლი, რის შედეგად ცეცხლი წაეკიდა რესტორნის იატაკს, რაც იქ მყოფმა პირებმა, წყლით ჩააქრეს. მართალია, გარკვეული დროით შეჩერდა რესტორნის მუშაობის პროცესი, თუმცა გასული დროისა და წინარე მოვლენების გათვალისწინებით, ნათელია, რომ ა. ს–ი მოქმედებდა პირადი შურისძიების მოტივით და მისი მიზანი არ მოიცავდა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვას, ეს კი ქმედების საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის სავალდებულო ნიშანს წარმოადგენს. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ა. ს–მა თავისი დანაშაულებრივი განზრახვა – ცეცხლის წაკიდებით დაეზიანებინა/გაენადგურებინა რესტორანი – მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ მოიყვანა სისრულეში.
5.7. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს ა. ს–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ს–ს ქმედებების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას.
5.8. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა ა. ს–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს. რაიმე სხვა გარემოებაზე, კი რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.
5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.11. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე