საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 21.08.2024
საქმის ნომერი
2კ-567აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.08.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100123007372901

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№567აპ-24 ქ. თბილისი

ნ–ე ჯ., 567აპ-24 21 აგვისტო, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 3 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. ნ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 3 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ. ნ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. გ–მ, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევისას არ გამოკვეთილა და, შესაბამისად, არ დადგენილა ჯ. ნ–ს ბრალეულობა, რომელიც, კასატორის მითითებით, უდანაშაულოა და უნდა გამართლდეს.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 იანვრის განაჩენით ჯ. ნ–ე, – დაბადებული, .... – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 215 საათით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 200 საათით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4, მე-2 ნაწილების საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივნისის განაჩენით შეფარდებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ბოლო განაჩენით შეფარდებული სასჯელი და, საბოლოოდ, ჯ. ნ–ს მიესაჯა – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 1 წელი.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ ჯ. ნ–მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:

3.1. 2023 წლის 25 აპრილს, დაახლოებით, 22:00 საათზე, ქ. რ–ში, მე-.. მიკრორაიონის №.. კორპუსის მე-.. სადარბაზოში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ჯ. ნ–მ, არასრულწლოვანი შვილის – 2020 წელს დაბადებული მ. ნ–ს –თანდასწრებით, შელაპარაკებისას, იძალადა მეუღლის – თ. კ–ს – მიმართ. კერძოდ, ვინაიდან მათ არასრულწლოვან შვილს, მარიამ ნ–ს ჰქონდა ინფექციური დაავადება, თ. კ–მა უთხრა მეუღლეს, რომ არ მიეღო ალკოჰოლური სასმელი ან ისინი გაეშვა თ–ში, რის გამოც ჯ. ნ–მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მარცხენა ფეხი დაარტყა მარჯვენა ბარძაყის არეში, ხოლო გაშლილი ხელი ორჯერ დაარტყა სახის არეში და მოუჭირა ყელზე. ჯ. ნ–ს ძალადობრივი ქმედებების შედეგად თ. კ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ნუგზარ მახათაძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, სასჯელის დამძიმების კუთხით, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ ჯ. ნ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. გ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 3 აპრილის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დგინდება ჯ. ნ–ს ბრალეულობა, რამეთუ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ დასტურდება მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედების ჩადენა, კერძოდ: მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა თ. კ–მა სასამართლოს არ მისცა ჩვენება, საქმეში წარმოდგენილი სხვა სამხილების ერთობლიობით იქმნება უტყუარი და საკმარისი საფუძველი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ: სადავოდ არ გამხდარა, რომ სწორედ დაზარალებულმა თ. კ–მა შეატყობინა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს „112-ს“ მეუღლის ძალადობის შესახებ. ამასთან, ვერც კასატორი უთითებს და არც საქმის მასალებით გამოკვეთილა რაიმე დამაჯერებელი მოტივი, რატომ უნდა ემხილა დაზარალებულს ცრუდ თავისი მეუღლე ოჯახური დანაშაულის ჩადენაში. აღსანიშნავია, რომ თ. კ–ი შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებთან გასაუბრებისას არ მალავდა, რომ ჯ. ნ–მ იძალადა მასზე, რასაც ცხადყოფს, როგორც სამართალდამცავ ვანო მეტრეველის გამოკითხვის ოქმი, ასევე – პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერების ჩანაწერები, რომლებშიც ნათლად ჩანს, როგორ უთითებს თ. კ–ი მეუღლის მიერ ხელის დარტყმის არეებს – ტუჩსა და სახის მარცხენა მხარეს, ასევე დასძენს, რომ ჯ. ნ–მ ყურთანაც დაარტყა და მიანარცხა, რის შემდეგაც ხელით მიანიშნებს კედელზე; ამავდროულად, ადასტურებს, რომ ინციდენტს ბავშვიც შეესწრო. ვიდეოჩანაწერით ირკვევა, რომ თ. კ–მა ჯ. ნ–ს მიერ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე მიუთითა შემაკავებელი ორდერის გამოცემის დროსაც. თავად შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი, რომლის შინაარსი დადასტურებულია დაზარალებულის ხელმოწერით და არ გასაჩივრებულა, საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს მინიჭებული. დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერების ოქმსა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გაცემულ ცნობაში, რომლებიც ასევე უდავო მტკიცებულებებად არის მიჩნეული, აღწერილია სწორედ იმგვარი დაზიანებები, როგორზეც უთითებდა თ. კ–ი, კერძოდ, დათვალიერების ოქმის მიხედვით, დაზარალებულ თვალბუდის არეში აღენიშნებოდა სილურჯე, ხოლო ტუჩის მარცხენა მხარეს – სილურჯე, მცირედი ნახეთქით, რაც, ცხადად ჩანს საგამოძიებო მოქმედების ოქმზე თანდართულ ფოტოსურათებშიც, ხოლო სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო ბარათის თანახმად, თ. კ–ს ზედა ტუჩსა და მუხლზე აღენიშნებოდა მცირე ზომის ექსკორიაციები, რაც დასტურდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის, ი. გ–ს გამოკითხვის ოქმითაც. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ერთობლივად იძლევა იმის სარწმუნოდ მტკიცების შესაძლებლობას, რომ ჯ. ნ–მ ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედება და, შესაბამისად, მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – კანონიერი და დასაბუთებულია.

9. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ჯ. ნ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. გ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: მ.გაბინაშვილი

ლ. ფაფიაშვილი