საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 170100122005504487
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№368აპ-24 ქ. თბილისი
ბ–ი მ., 368აპ-24 18 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენისათვის და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით – დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, შემაკავებელი ორდერითა და მოწმე ა. შ–ს ჩვენებით – უტყუარად დასტურდება მ. ბ–ს ბრალეულობა.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. ბ–ს, – დაბადებულს 1... წლის 7 ივლისს, – ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. 2021 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით, 13:00 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის
სოფელ დ–ში მდებარე ო. გ–სა და მ. ბ–ს მფლობელობაში არსებულ სახლში, მ. ბ–მა განქორწინებასთან დაკავშირებული კონფლიქტისას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, რადგან თვლის, რომ ქალს არ აქვს განქორწინების უფლება, ხელის მარჯვენა ლოყაში გარტყმითა და თმის მოქაჩვით ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე – ო. გ–ზე, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2. 2021 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით, 13:00 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ–ში მდებარე ო. გ–სა და მ. ბ–ს მფლობელობაში არსებულ სახლში, მ. ბ–ი, განქორწინებასთან დაკავშირებული კონფლიქტისას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, რადგან თვლის, რომ ქალს არ აქვს განქორწინების უფლება, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს – ო. გ–ს, უთხრა: ,, – სადაც დაგინახავ, მოგკლავ!“, რის შედეგადაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.3. 2021 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით, 13:00 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ–ში მდებარე ო. გ–სა და მ. ბ–ს მფლობელობაში არსებულ სახლში, მ. ბ–მა, განქორწინებასთან დაკავშირებული კონფლიქტისას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, რადგან თვლის, რომ ქალს არ აქვს განქორწინების უფლება, იატაკზე დაანარცხა და გაანადგურა თავისი მეუღლის – ო. გ–ს – კუთვნილი, „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რითაც დაზარალებულს მიადგა – 450 ლარის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
3. მ. ბ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.
4. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 სექტემბრის განაჩენით მ . ბ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
5. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მ . ბ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენისათვის და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განაჩენით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ ვერ დადგინდა მ. ბ–ს მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, კერძოდ: დაზარალებულმა ო. გ–მა სასამართლოს არ მისცა ჩვენება მეუღლის – მ. ბ–ს წინააღმდეგ და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციისა და ამავე ინფორმაციის შინაარსის შემცველი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; მოწმეების სახით დაკითხული პოლიციელების: ა. შ–ს, თ. მ–სა და ნ. მ–ს ჩვენებები, მ. ბ–სათვის ბრალადშერაცხილ კონკრეტულ ქმედებებთან მიმართებით – ირიბია, ხოლო დაზარალებულის მშობლების – ს. და ვ. გ–ების განმარტებები – არაფრისმთქმელი და, შესაბამისად, ვერ დაედება საფუძვლად მ. ბ–ს მსჯავრდებას; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და ვიზუალური დათვალიერების ოქმის თანახმად, ო. გ–ს ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი არ აღენიშნებოდა, ხოლო სამედიცინო ბარათის მონაცემების თანახმად,დაზარალებული უჩიოდა ტკივილს მარცხენა ლოყისა და კეფის არეში, თუმცა დაზიანება არ შეინიშნებოდა. ამდენად, დანაშაულის შესახებ შეტყობინებითა და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გამოცემული შემაკავებელი ორდერით, ასევე – დამტვრეული მობილური ტელეფონის ამოღების ოქმით ვერ იქმნება მტკიცებულებათა უტყუარი და საკმარისი ერთობლიობა მ. ბ–სათვის ბრალადშერაცხილი კონკრეტული ოჯახური დანაშაულების გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად.
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი