საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №173აპ-24 თბილისი
ქ. გ., 173აპ-24 17 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 თებერვლის განაჩენით გ. ქ-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის ზაფხულიდან 2020 წლის აპრილამდე ეპიზოდი) – 300 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის ზაფხულის ეპიზოდი) – 250 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; ხოლო 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 თვით გამასწორებელი სამუშაო. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ქ-ს განესაზღვრა 300 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
2. განაჩენის მიხედვით, გ. ქ-ს მსჯავრად დაედო:
· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი – ორი ეპიზოდი);
· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება – ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი, მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილი).
3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
3.1. 2019 წლის ზაფხულიდან 2021 წლის აპრილამდე პერიოდში, გ. ქ-ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული შეხედულებების გამო, ვინაიდან ფიქრობს, რომ მამაკაცი არის ოჯახის უფროსი, მხოლოდ მას აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება და ქალი უნდა ემორჩილებოდეს მას, თავის მეუღლე თ. ც-ეს, მათივე არასრულწლოვანი შვილების – გ. და დ. ქ-ების თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, დამამცირებელი და ღირსებისშემლახველი სიტყვებით მიმართავდა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფსიქოლოგიური ტანჯვა. ასევე, ამავე მოტივით, 2021 წლის აპრილში, -----ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, გ. ქ-მა თ. ც-ეს, თავიანთი არასრულწლოვანი შვილების – გ. და დ. ქ-ების თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, ხელში აიყვანა და იატაკზე დააგდო, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და კოჭის არეში მიიღო დაზიანებები;
3.2. 2019 წლის ზაფხულში, -----ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, გ. ქ-მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული შეხედულებების გამო, ვინაიდან ფიქრობს, რომ მამაკაცი არის ოჯახის უფროსი, მხოლოდ მას აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება და ქალი უნდა ემორჩილებოდეს მას, თავის მეუღლე თ. ც-ეს, თავიანთი არასრულწლოვანი შვილების – გ. და დ. ქ-ების თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, ხელი დაარტყა მუცელში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
3.3. გ. ქ-ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული შეხედულებების გამო, ვინაიდან ფიქრობს, რომ მამაკაცი არის ოჯახის უფროსი, მხოლოდ მას აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება და ქალი უნდა ემორჩილებოდეს მას, თავის მეუღლე თ. ც-ეს თანაცხოვრების პერიოდში:
o ფიზიკურად და ფსიქიკურად აიძულებდა ისეთი ქმედებების შესრულებას ან თავის შეკავებას, რაც მისი გადასაწყვეტი იყო, კერძოდ: 2021 წლის აპრილის დასაწყისში, -----ში მდებარე ასპინძის მაგისტრატ სასამართლოში მიაკითხა სამსახურში, საიდანაც, ფიზიკური ძალის გამოყენებით, აიძულა, გაჰყოლოდა მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმდებარედ, სადაც, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, აიძულებდა გადაეცა მისი ტელეფონი და მოეხსნა ბლოკი, რათა გასცნობოდა მასში არსებულ ინფორმაციას;
o ფიზიკური ძალის გამოყენებით, აიძულებდა, რომ დასახმარებლად არ დაეძახა მეზობლებისა და ოჯახის წევრებისთვის, კერძოდ: 2021 წლის აპრილში, -----ში მდებარე თავიანთი საცხოვრებელი სახლის აივანზე მყოფ თ. ც-ეს ხელი მოჰკიდა და ძალის გამოყენებით შეიყვანა სახლში, სადაც გვიანობამდე ტოვებდა ჩაკეტილს.
4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
Ш მსჯავრდებულ გ. ქ-ის ადვოკატმა – ე. ა-ემ, რომელმაც მოითხოვა გ. ქ-ის გამართლება;
Ш ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – თამუნა მურჯიკნელმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება სასჯელთან მიმართებით და გ. ქ-ისათვის კანონიერი და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 თებერვლის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:
§ გ. ქ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებისათვის;
§ გ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 2019 წლის ზაფხულიდან 2020 წლის აპრილის ჩათვლით ეპიზოდისათვის – 300 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; ხოლო 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 2019 წლის ზაფხულის ეპიზოდისათვის – 250 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ქ-ს განესაზღვრა 300 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
6. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ გ. ქ-მა 2021 წლის აპრილის დასაწყისში თავის მეუღლე თ. ც-ის მიმართ ჩაიდინა იძულება. ამ ბრალდებასთან მიმართებით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, არ ქმნიან მტკიცებულებათა ერთობლიობას.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – თამუნა მურჯიკნელმა, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას; გ. ქ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან (ორი ეპიზოდი) ერთად ამავე კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და კანონიერი და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
8. მსჯავრდებულ გ. ქ-ის ადვოკატი ე. ა. საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს, რომ სასამართლომ დაუშვებლად ცნოს პროკურორის საჩივარი და უცვლელად დატოვოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განაჩენი.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.
11. საკასაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს, ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გ. ქ-ის ბრალეულობას მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „In dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
12. სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება გ. ქ-ის, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 2019 წლის ზაფხულიდან 2020 წლის აპრილის ჩათვლით ეპიზოდისთვისა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 2019 წლის ზაფხულის ეპიზოდისთვის მსჯავრდებასთან მიმართებით, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებისათვის უდანაშაულოდ ცნობასა და გამართლებასთან დაკავშირებით. ამასთან, სასჯელთან მიმართებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და გ. ქ-ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
13. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ, ამომწურავად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, ხოლო მასში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
14. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე