საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.09.2024
საქმის ნომერი
2კ-589აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.09.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 170100123007939914

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №589აპ-24 ქ. თბილისი

ქ-ძე ზ, 589აპ-24 16 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ზ. ქ-ს, - დაბადებულს .. წლის ... იანვარს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, თ-ოს მუნიციპალიტეტის სოფელ კ-აში მდებარე ნ. ქ-ის ოჯახის საცხოვრებელ სახლში, კითხვის დასმის გამო გაბრაზებულმა ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა ზ. ქ-მ გაშლილი ხელი გაარტყა სახის მარცხენა არეში მეუღლეს - ნ. ქ-ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, თ-ოს მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში მდებარე ნ. ქ-ის ოჯახის საცხოვრებელ სახლში, კითხვის დასმის გამო გაბრაზებული ალკოჰოლური სასმლით მთვრალი ზ. ქ-ძე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ნ. ქ-ს, რომელმაც რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2023 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 13:00 საათზე, თ-ოს მუნიციპალიტეტის სოფელ კ-აში მდებარე ნ. ქ-ის ოჯახის საცხოვრებელ სახლში, სასმლის მიღებაზე მიცემული შენიშვნის გამო გაბრაზებულმა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ზ. ქ-მ გაშლილი მარჯვენა ხელი დაარტყა სახის მარცხენა არეში მეუღლეს - ნ. ქ-ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2023 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 13:00 საათზე, თ-ოს მუნიციპალიტეტის სოფელ კ-აში მდებარე ნ. ქ-ის ოჯახის საცხოვრებელ სახლში, სასმელის მიღებაზე მიცემული შენიშვნის გამო გაბრაზებული ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ზ. ქ-ძე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ნ. ქ-ს, რომელმაც რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენით:

2.1. ზ. ქ-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის 3 აგვისტოს ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 3 აგვისტოს ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2023 წლის 17 აგვისტოს ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში (2023 წლის 17 აგვისტოს ეპიზოდი).

2.2. ზ. ქ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზში.

2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ზ. ქ-ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განაჩენის გაუქმება, ზ. ქ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ზ. ქ-ის მიერ ძალადობისა და მუქარის ჩადენას.

7. დაზარალებულ ნ. ქ-ის ჩვენებით, 38 წელია დაოჯახებულია ზ. ქ-ზე, ამჟამად ცხოვრობს შვილთან, რადგან იძულებული გახადა ზ. ქ-მ. იგი მას ლანძღავს და აგინებს, დაძინების საშუალებას არ აძლევს. 2023 წლის 3 აგვისტოს ვიღაცამ ცეცხლი მოუკიდა, თუმცა არ იცის, ვინ. ცეცხლის წაკიდებას არ შესწრებია. ზ. ქ-ძე მას ემუქრებოდა მოკვლით, ეუბნებოდა, რომ მისი სისხლით ხელებს დაიბანდა, თუმცა თარიღები არ ახსოვს. დაზარალებულის განმარტებით, როცა ემუქრებოდა, ეშინოდა, ვინაიდან მას კაცი ჰყავდა მოკლული. 17 აგვისტოს, ვიდრე ხანძარს გააჩენდა, გადავიდა და უთხრა, ნუ შეჰყავდა ნურავინ სახლში, რადგან ცუდი სუნი დგებოდა. ზ-ი მას ბევრჯერ დამუქრებია, დანაც ამოუღია, თუ თავში დაარტყამდა, უბუჟდებოდა. 17 აგვისტოს, როდესაც ხანძარი გაჩნდა, მეუღლე არ უნახავს. წინა დღეს იყო 16 აგვისტოს.

8. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა დაზარალებულ ნ. ქ-ის გამოკითხვის ოქმი, რის შემდეგაც მან დაადასტურა მომხდარი, თუმცა აღნიშნა, რომ ხანძარი ზუსტად 3 აგვისტოს იყო თუ არა, არ იცის, აფორიაქების გამო ვერ იხსენებს.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ. ქ-ს ბრალდების მხარე ედავება 2023 წლის 3 აგვისტოსა და 2023 წლის 17 აგვისტოს მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტებს. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული დეტალურად არ აღწერს დანაშაულის არცერთ ეპიზოდს, არამედ ქაოსურად წარმოდგენილია ზ. ქ-ან მისი თანაცხოვრების ზოგადი ეპიზოდები. გასათვალისწინებელია, რომ მან ვერ გაიხსენა ხანძრის დღე; ასევე, განმარტა, რომ არ იცის, ვინ გააჩინა ხანძარი, ხოლო 2023 წლის 17 აგვისტოს მას მეუღლე არ უნახავს.

10. №.. შეტყობინების თანახმად, ნ. ქ-ძე 2023 წლის 17 აგვისტოს გამოცხადდა თ-ოს რაიონულ სამმართველოში და განმარტა, რომ ზ. ქ-ძე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას; ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და საცხოვრებელი სახლის გადაწვით, რაც უცდია არაერთხელ და იმ დღესაც, კონფლიქტის შემდეგ გაუჩინა ცეცხლი საცხოვრებელ სახლში საყოფაცხოვრებო ნივთებს. გასათვალისწინებელია, რომ ზ. ქ-ეს ბრალდება არ აქვს წარდგენილი არც სისტემატური შეურაცხყოფისა და არც საცხოვრებელი სახლისათვის ცეცხლის წაკიდებაა დასახელებული კონფლიქტის მიზეზად ბრალდების არცერთ ეპიზოდში. ამასთან, შეტყობინებაშიც აღნიშნულია, რომ 2023 წლის 17 აგვისტოს ნ. ქ-ს მოუვიდა კონფლიქტი ზ. ქ-ნ, რის შემდეგაც საყოფაცხოვრებო ნივთებს ცეცხლი წაუკიდა. ნ. ქ-ის მიერ შეტყობინებისას განმარტება კი სრულად ეწინააღმდეგება მის ჩვენებას, როდესაც მიუთითა, რომ 17 აგვისტოს სრულებით არ უნახავს თავისი მეუღლე; არც ის ახსოვს, როდის მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

11. დაზარალებულის ჩვენება ეწინააღმდეგება მისივე მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შინაარსსაც, რომლის მიხედვით, ნ. ქ-მ უჩვენა მისაღებ ოთახში ტანსაცმელზე, რომლებსაც ზ. ქ-მ წაუკიდა ცეცხლი. ასევე, მიუთითა, რომ სამზარეულოში, მაგიდასთან ზ. ქ-მ 2023 წლის 17 აგვისტოს სახის მარცხენა არეში დაარტყა ხელი და იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულმა გაიხსენა 2023 წლის 3 აგვისტოს შემთხვევა, როცა მისაღებ ოთახში ზ. ქ-მ სახეში ხელი გაარტყა და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ყურადსაღებია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე არაფერია ნახსენები.

12. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ შემავსებელი მტკიცებულებების ფუნქციას ვერ ასრულებს ვერც №119 სამედიცინო ცნობის შინაარსი, რომლის თანახმად, პაციენტის გადმოცემით, დაიწვა სახლი და ნერვიულობის ფონზე გახდა ცუდად. აღენიშნება ემოციური დაძაბულობა და ტრემორი. ვიზუალური დათვალიერებისას არ აღენიშნება დაზიანებები. არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. ვიზუალური დათვალიერების ოქმის თანახმად კი, ნ. ქ-მ სამედიცინო ბარათში არ დააფიქსირებინა ის დაზიანება, რომელიც მას ზ. ქ-მ 2023 წლის 17 აგვისტოს მიაყენა, მაგრამ განიცდის ფიზიკურ ტკივილს. ნ. ქ-ს სხეულზე არ აღენიშნება არანაირი დაზიანების კვალი. თავის მხრივ გამომძიებელმა გ. თ-მა დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების სისწორე და განმარტა, რომ დაზარალებულს დაზიანება არ აღენიშნებოდა.

13. რაც შეეხება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, მისი შინაარსით დასტურდება მხოლოდ ის გარემოება, რომ მისაღებ ოთახში ძირს ეყარა დამწვარი ტანსაცმელი, რაც ამოღებულ იქნა. საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის №.. დასკვნის თანახმად კი, საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ბინისა და ნივთების დაზიანება-გამურვით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს ჯამში 1375 ლარს.

14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

15. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ზ. ქ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.

21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე