საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.08.2024
საქმის ნომერი
2კ-472აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.08.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100120003486974

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №472აპ-24 9 აგვისტო, 2024 წელი

ლ–ი გ., №472აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულების გ.: ლ–ს, ს. ლ–ს, მ. მ–ისა და ტ. ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ.: ლ–სი (პირადი ნომერი: ............), ს. ლ–სი (პირადი ნომერი: ............), მ. მ–ი (პირადი ნომერი: .........) და ტ. ქ–ა (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნენ ბრალდებულებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (საცხოვრებელ სახლში, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა და ცხოვრება, რომელიც არღვევს საცხოვრებელი სახლის ხელშეუხებლობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ამავე სასამართლოს მიერ გაცემული 2015 წლის 29 იანვრის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების თანამშრომლების მიერ, 2015 წლის 23 ოქტომბერს, თ–ი, უ–ს მე-.. შესახვევი, N..-ში მდებარე რ. კ–ს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან (საკადასტრო კოდი: ..............) იძულების წესით გამოსახლებული იქნა გ.: ლ–სი, მ. მ–ი, ს. ლ–ი და ტ. ქ–ა. მიუხედავად აღნიშნულისა, ს. ლ–ი, გ.: ლ–ი, მ. მ–ი და ტ. ქ–ა ჯგუფურად, 2015 წლის 23 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 ნოემბრამდე დროის პერიოდში, საცხოვრებელი სახლის მესაკუთრის რ. კ–ს ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდნენ ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლში და 2020 წლის 01 თებერვლის ჩათვლით განაგრძობდნენ ცხოვრებას. მესაკუთრეს 4 წელზე მეტი დროის პერიოდით არ აძლევდნენ კუთვნილი საცხოვრებელი სახლით სარგებლობის უფლებას, რითაც მას მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი. ს. ლ–მა, გ. ლ–მა, მ. მ–მ დაარღვიეს რ. კ–ს საცხოვრებელი სახლის ხელშეუხებლობის უფლება და მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენით, გ. ლ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.

ს. ლ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.

მ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.

ტ. ქ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულების გ. ლ–ს, ს. ლ–ს, მ. მ–სა და ტ. ქ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ა–მ, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულთა მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის განაჩენით, გ. ლ–ს, ს. ლ–ს, მ. მ–სა და ტ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ა–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2024 წლის 28 მარტს, გ. ლ–ს, ს. ლ–ს, მ. მ–სა და ტ. ქ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ლ. ა–მ – საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან გადაწყვეტილება არ ეფუძნება მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მსჯავრდებულების სახლიდან გამოსახლება რეალურად არ განხორციელებულა. მათ არც თავად დაუტოვებიათ საცხოვრებელი სახლი და არც მათი ნივთები გამოუტანიათ იქედან. თუ მსჯავრდებულები უწყვეტად ცხოვრობდნენ სახლში, შესაბამისად, მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია სახლის დატოვებას და შემდეგ – კვლავ შეჭრას. დაცვის მხარის პოზიციით, თუ მსჯავრდებულები განაგრძობდნენ სახლში ცხოვრებას, მათი ნივთების სახლიდან გამოტანის მიუხედავად, ისინი გამოსახლებულად ვერ ჩაითვლებიან. სასამართლო განაჩენის დადგენისას დაეყრდნო აღსრულების პოლიციელებისა და რ. კ–ს ჩვენებებს, რომელთა შორის არსებითი წინააღმდეგობებია. კერძოდ, პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა – გამოსახლების შემდეგ აჭედეს თუ არა სახლის კარი და ფანჯრები და დადებით შემთხვევაში ვინ განახორციელა აღნიშნული. ამასთან, საქმის განხილვის დროს დარღვეული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდომში საქართველოს სსსკ-ის) 183-ე მუხლის დანაწესი, სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობასთან დაკავშირებით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ლ–ს, ს. ლ–ს, მ. მ–ის და ტ. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულების მიერ მათთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას, კერძოდ:

5.4. 2012 წლის 23 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ს. ლ–მა თ–ი, უ–ს მე-.. შესახვევი, N..-ში მდებარე უძრავი ნივთი საკუთრებაში გადასცა დ. მ–ს. ნასყიდობის საფასური განისაზღვრა 20600 ლარით. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, ნასყიდობის საფასური მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი. 2013 წლის 17 დეკემბერის გარიგების თანახმად, დ. მ–სმა თ–ი, უ–ს მე-.. შესახვევი, N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში გადასცა რ. კ–ს. ნასყიდობის საფასური განისაზღვა 28000 აშშ დოლარით, რომელიც გარიგების მიხედვით, გამსხვისებლის მიერ მიღებულია სრულად. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადასტურებულია, რომ თ–ი, უ–ს მე-.. შესახვევი, N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, საკუთრების უფლებით ირიცხება რ. კ–ს სახელზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, დადგენილია, რომ თ–ი, უ–ს მე-.. შესახვევი, N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი გამოთხოვილი იქნა ს. ლ–ს, გ. ლ–ს, მ. მ–სა და ტ. ქ–ას უკანონო მფლობელობისგან. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2015 წლის 29 იანვარს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, კრედიტორად მითითებულია უძრავი ნივთის ამჟამინდელი მესაკუთრე – რ. კ–ე. ამდენად, ზემოაღნიშნული წერილობითი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ სადავო ბინა, მდებარე თ–ი, უ–ს მე-.. შესახვევი, N..-ში წარმოადგენს რ. კ–ს საკუთრებას, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულთა უკანონო მფლობელობისგან იქნა გამოთხოვილი.

5.5. სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ 2015 წლის 23 ოქტომბრის ოქმის თანახმად, დადასტურებულია, რომ უძრავი ქონება მდებარე – თ–ი, უ–ს მე-.. შესახვევი, N..-ში (ს/კ ............) მოძრავი ნივთებისგან გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაჰბარდა კრედიტორ რ. კ–ს. ოქმი დადასტურებულია მონაწილე პირების – პ. ც–ს, ზ. კ–ს, დ. თ–ს, ა. პ–ს, გ. ი–ს, ა. მ–ს, ს. ი–ს, ს. ლ–ს, ტ. ქ–ს და მ. მ–ს ხელმოწერებით.

5.6. 2020 წლის 18 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა სადავო ქონება, მდებარე – თ–ი, უ–ს მე-.. შესახვევი, N..-ში. ოქმი დადასტურებულია მონაწილე პირების - რ. კ–სა და ჯ. მ–ს ხელმოწერებით. მონაწილე პირებმა – გ. ლ–სმა და ტ. ქ–მ გაურკვევლი მიზეზით უარი განაცხადეს ოქმზე ხელის მოწერაზე. შემთხვევის ადგილი დასურათდა, რაც დაერთო ოქმს. გამომძიებელმა ნ. შ–მა დაკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარდა მშვიდ ვითარებაში. მასთან ერთად იმყოფებოდა ქონების მესაკუთრე - რ. კ–ე, ხოლო სადავო ქონება მსჯავრდებულთა მფლობელობაში იყო.

5.7. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ვინაიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 23 ოქტომბრის სააღსრულებო წარმოების განხორციელების თაობაზე შემდგარი ოქმით დასტურდება, რომ ხსენებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, მოხდა სადავო ნივთის ს. ლ–ს, გ. ლ–ს, მ. მ–ს და ტ. ქ–ს მფლობელობიდან უკანონო გამოთხოვა, რა დროსაც მსჯავრდებულებს განემარტათ, რომ არ ჰქონდათ უფლება რ. კ–ს ნებართვის გარეშე ეცხოვრათ სადავო ფართში და მიუხედავად აღნიშნულისა, ისინი აგრძელებდნენ სადავო საცხოვრებელ ფართში ცხოვრებას, სახეზეა ქმედება – საცხოვრებელ სახლში, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შესვლა და ცხოვრება, რომელიც არღვევს საცხოვრებელი სახლის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ჯგუფურად, ხოლო იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რ. კ–ს, მიუხედავად სამოქალაქო დავის დასრულებისა, წლების განმავლობაში არ მიეცა საკუთარი უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება, მსჯავრდებულების ქმედებამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

5.8. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რომ მსჯავრდებულთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია საცხოვრებელი სახლის დატოვებას და კვლავ შეჭრას, არამედ იქ ისინი უწყვეტად ცხოვრობდნენ, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. კერძოდ, რ. კ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 23 ოქტომბერს, აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციელებმა გამოასახლეს მსჯავრდებულები, გამოსახლების დროს ისიც იმყოფებოდა მითითებულ ადგილზე, როდესაც დაიწყო - გამოსახლება ბრალდებულებს მიეცათ წინადადება, რომ თავიანთი ნებით გამოეტანათ სახლიდან კუთვნილი ავეჯი და ინვენტარი. საყოფაცხოვრებო ნივთები გამოიტანეს სააღსრულებო პოლიციის თანამშრომლებმა, რაც განათავსეს აღნიშნული ბინის გვერდით მდებარე სახლში, რომელიც სავარაუდოდ მათ ნათესავს ეკუთვნოდა. გარდა ნივთებისა, ასევე გამოასახლეს ოჯახის ყველა წევრი, კერძოდ: ს. ლ–სი, მ. მ–ი, გ. ლ–სი, ტ. ქ–ა და მათი შვილები გ–ი დ. ლ–ები, რის შემდეგაც ლურსმნის და ჩაქუჩის მეშვეობით აიჭედა სახლის ორივე კარი, ხოლო მათი სახლიდან გაყვანის შემდგომ დაიკეტა სახლის ეზოს კარი (ჭიშკარი), რის შემდეგაც, მას გადასცეს ჭიშკრის გასაღები. აღნიშნულის თაობაზე შედგა ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერეს გამოსახლების პროცესში მონაწილე პირებმა, ასევე ბრალდებულებმა. გამოსახლებიდან, დაახლოებით, ერთი კვირის ან ათი დღის შემდეგ დაზარალებული მივიდა ბინაში, თუმცა შესვლა ვერ შეძლო, ვინაიდან იქ კვლავ ბრალდებულები ცხოვრობდნენ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს გამოსახლებაში მონაწილე იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის თანამშორომლებმა.

5.9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა სახეზეა იმ მომენტიდან როდესაც მასში მყოფი პირებისთვის ცნობილი გახდა, რომ ისინი საკუთრებაში იმყოფებოდნენ არამართლზომიერად, მიუხედავად იმისა, მათ თავდაპირველად ცხოვრება მართლზმიერად დაიწყეს თუ ისინი ხელახლა შეიჭრნენ სხვის საკუთრებაში. შესაბამისად, იმ დროიდან, როდესაც მსჯავრდებულებს გაეცნოთ ოქმი მათი გამოსახლების შესახებ, მათ აღარ ჰქონდათ უფლება კვლავ შესულიყვნენ და გაეგრძელებინათ ცხოვრება რ. კ–სის საკუთრებაში.

5.10. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ საქმე განხილულია საქართველოს სსსკ-ის 183-ე მუხლის დარღვევით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას, 2023 წლის 7 აპრილის სხდომაზე, მხარეებმა, მათ შორის ბრალდებულებმა, სასამართლოს წინაშე განაცხადეს, რომ არ სურდათ იმ მტკიცებულებათა ხელახლა გამოკვლევა, რაც სასამართლოს სხვა შემადგენლობის წინაშე იქნა გამოკვლეული, რითაც ფაქტობრივად შეთანხმდნენ უკვე გამოკვლეული მტკიცებულებების კანონიერებაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევისას ადგილი არ ჰქონია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემული საკითხის გადაწყვეტისას, გათვალისწინებული იქნა საქართველოს სსსკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმადაც ,,ბრალდებულს აქვს უფლება სწრაფი მართლმსაჯულებისა ამ კოდექსით დადგენილ ვადებში. პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ უფლებაზე, თუ ეს აუცილებელია დაცვის სათანადოდ მომზადებისათვის“. მოცემულ შემთხვევაში, კი როგორც ზემოთ აღინიშნა ყველა ბრალდებულმა (რომელთა ინტერესებსაც იცავდა ადვოკატი) სასამართლოს წინაშე დააფიქსირა პოზიცია, რომ არ სურდა უკვე გამოკვლეული მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევა. ამასთან, სასამართლოში მოწმის დაკითხვისას, მოსამართლის პასიური როლის გათვალისწინებით, იმ პირობებში როდესაც სახეზეა სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, ხოლო რიგი მტკიცებულებები გამოიკვლია მოსამართლემ, რომელსაც განსახილველად გადაეცა სისხლის სამართლის საქმე - პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს სსსკ-ის 183-ე მუხლის დანაწესს და დადგენილი სასამართლო პრაქტიკისა და სისხლის სამართლის პროცესის პრინციპების შესაბამისია.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების გ.: ლ–ს, ს. ლ–ს, მ. მ–სა და ტ. ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე