საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020100121004947516
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №551აპ-24 ქ. თბილისი
კ–ა ზ., 551აპ-24 24 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განაჩენზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ დავით პაპავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა დავით პაპავამ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ზ. კ–ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და სსკ-ის 115-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო ი. ჯ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები სასამართლომ არასწორად შეაფასა, ხოლო გამამართლებელი განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ დაუსაბუთებელ მოსაზრებას, რაც არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება; სასამართლომ მოწმეთა ჩვენებები და წერილობითი მტკიცებულებები არ გადმოსცა სრულყოფილად; ბრალდების მხარის მტკიცებულებები, მათ შორის – მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი, ერთმანეთთან თანხვდენილი და საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
2.1. ზ. კ–ს ბრალად ედება: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ესე იგი მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია; თვითმკვლელობამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:
ü ზ. კ–ა 2013 წლის 22 ივლისიდან 2015 წლის 16 სექტემბრამდე პერიოდში, მუშაობდა შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ..........ის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს .........ის დაცვის პოლიციის სამსახურის უფროსად და წარმოადგენდა მოხელეს. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულებისა და ..........ის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს რეგლამენტის თანახმად, დეპარტამენტის ფუნქციაში შედიოდა: კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლი, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. სამმართველოს უფროსი მათ შორის, კონტროლს უწევდა სამსახურის თანამშრომელთა მიერ ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებას, უზრუნველყოფდა მორიგეობის გრაფიკების შედგენას და აკონტროლებდა მათ შესრულებას. ზ. კ–ას და მის სიძეს – ი. ჯ–ს, რ. ჩ–თან ჰქონდათ ფინანსური დავა, რის გამოც, ისინი მას სთხოვდნენ გარკვეული ოდენობის თანხის გადახდას, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულით შეშინებული რ. ჩ–ა მათთან შეხვედრას თავს არიდებდა. მიუხედავად ამისა, 2015 წლის 31 აგვისტოს, ზ. კ–ამ, ამავე სამსახურის სამორიგეო ქვეგანყოფილების საგანგებო დაკავების ჯგუფის უმცროს ინსპექტორ – ნუკრი გოგიას უკანონოდ დაავალა რ. ჩ–ას თვალთვალი, რათა მიღებული ინფორმაცია რ. ჩ–ას გადაადგილებაზე გამოეყენებინა პირადი მიზნებისათვის. ნ. გ–ა, მ. ა–ს კუთვნილი „BMW-ს“ მარკის ავტომანქანით, მივიდა ქ. ზ–ში, ........ას ქუჩის N...-ში მდებარე რ. ჩ–ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ და დაუწყო თვალთვალი. რ. ჩ–ა თავისი კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით გამოვიდა სახლიდან, რის შესახებაც, ნუკრი გოგიამ შეატყობინა ზ. კ–ას. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, დაუკავშირდა ი. ჯ–ს და შეატყობინა ამის შესახებ. მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ი. ჯ–სი ქ. ზ–ში, თავისუფლების ქუჩაზე შეხვდა რ. ჩ–ს, სადაც ვალის გადახდასთან დაკავშირებით, მათ შორის შედგა ხმამაღალი საუბარი. ამის შემდეგ რ. ჩ–ა წავიდა ავტომანქანით და მას გაჰყვა ი. ჯ–სი „ოპელის“ მარკის ავტომანქანით. რ. ჩ–ამ თავისი საცხოვრებელი სახლის წინ გააჩერა ავტომანქანა და ავტომანქანაში მყოფმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან (მინი რევოლვერი, ნომრით ..........) გასროლით, თავი მოიკლა. ზ. კ–ას ქმედებამ - პირადი მიზნებისათვის უკანონო ბრძანების გაცემამ, უკანონო თვალთვალმა, რომელიც განხორციელდა რ. ჩ–ას უფლებებისა და თავისუფლებების კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, ფიზიკური პირის – რ. ჩ–ს უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ü ზ. კ–ას და მის სიძეს – ი. ჯ–ს, რ. ჩ–სთან ჰქონდათ ფინანსური დავა, რის გამოც, ისინი მას სთხოვდნენ გარკვეული ოდენობის თანხის გადახდას, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულით შეშინებული რ. ჩ–ა მათთან შეხვედრას თავს არიდებდა. 2015 წლის ივლის-აგვისტოს პერიოდში, ზ. კ–ა და ი. ჯ–ი, რ. ჩ–ს, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, არაერთხელ დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით. მიუხედავად იმისა, რომ რ. ჩ–ას მიაჩნდა, რომ მას რაიმე თანხა არ უნდა გადაეხადა ზ. კ–სა და ი. ჯ–სთვის, აღნიშნული პირები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, კატეგორიულად ითხოვდნენ გარკვეული ოდენობის თანხის გადახდას, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულს განიცდიდა რ. ჩ–ა და ეშინოდა მათი მუქარის. 2015 წლის 27 აგვისტოდან 2015 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით, ზ. კ–ას მისვლამ რ. ჩ–ას სახლში, ქ. ზ–ში, .......ას ქუჩის N..-ში და, ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში, სიცოცხლის მოსპობის მუქარამ, ყოველდღიური სახე მიიღო. 2015 წლის 30 აგვისტოს, ი. ჯ–მა თანხის გადახდასთან დაკავშირებით, რ. ჩ–ას ასევე გაუგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინება. 2015 წლის 31 აგვისტოს, ზ. კ–ამ მის მიერ უკანონოდ გაცემული თვალთვალის ბრძანებით მოპოვებული რ. ჩ–ს გადაადგილების შესახებ ინფორმაცია შეატყობინა ი. ჯ–ს, რომელიც ქ. ზ–ში, თ–ს ქუჩაზე, შეხვდა რ. ჩ–ას. მათ შორის შედგა ხმამაღალი საუბარი ვალის გადახდასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, რ. ჩ–ა წავიდა ავტომანქანით და მას გაჰყვა ი. ჯ–ი „ოპელის“ მარკის ავტომანქანით. ზ. კ–ას და ი. ჯ–სის მიერ განხორციელებული მუქარით შეშინებულმა, მიიყვანა რ. ჩ–ა თვითმკვლელობის გადაწყვეტილებამდე. რის გამოც, რ. ჩ–ამ, მისი საცხოვრებელი სახლის წინ გააჩერა ავტომანქანა და ავტომანქანაში მყოფმა, ხელთნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან (მინი რევოლვერი ნომრით ..........) გასროლით თავი მოიკლა.
2.2. ი. ჯ–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა თვითმკვლელობამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგით:
ი. ჯ–სსა და მის სიმამრს – ზ. კ–ს, რ. ჩ–სთან გააჩნდათ ფინანსური დავა, რის გამოც, ისინი რ. ჩ–ს სთხოვდნენ გარკვეული სახის თანხის გადახდას, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულით შეშინებული რ. ჩ–ა თავს არიდებდა მათთან შეხვედრას. 2015 წლის ივლის-აგვისტოს პერიოდში, ი. ჯ–ი და ზ. კ–ა, არაერთხე+ლ დაემუქრნენ რ. ჩ–ს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში,, სიცოცხლის მოსპობით. მიუხედავად იმისა, რომ რ. ჩ–ა თვლიდა, რომ მას რაიმე თანხა არ უნდა გადაეხადა ი. ჯ–სა და ზ. კ–სათვის, აღნიშნული პირები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, კატეგორიულად ითხოვდნენ გარკვეული ოდენობის თანხის გადახდას, გადაუხდელობის შემთხვევაში ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულს განიცდიდა რ. ჩ–ა და ეშინოდა მათი მუქარის. 2015 წლის 27 აგვისტოდან, 2015 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით, ზ. კ–ს მხრიდან რ. ჩ–ას სახლში, ქ. ზ–ში, .......... ქუჩის N...-ში მისვლამ და ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში, სიცოცხლის მოსპობის მუქარამ, ყოველდღიური სახე მიიღო. 2015 წლის 30 აგვისტოს კი ი. ჯ–მა მოკლეტექსტური შეტყობინება გაუგზავნა რ. ჩ–ას თანხის გადახდასთან დაკავშირებით. 2015 წლის 31 აგვისტოს, ზ. კ–მ, რ. ჩ–ს გადაადგილების შესახებ მის მიერ უკანონოდ გაცემული თვალთვალის ბრძანებით მოპოვებული ინფორმაცია, გადასცა ი. ჯ–ს, რომელიც ქ. ზ–ში, თ–ს ქუჩაზე,შეხვდა რ. ჩ–ას. ი. ჯ–სა და რ. ჩ–ს შორის შედგა ხმამაღალი საუბარი ვალის გადახდასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, რ. ჩ–ა წავიდა თავისი კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით. მას გაჰყვა ი. ჯ–ი „ოპელის“ მარკის ავტომანქანით. ი. ჯ–სა და ზ. კ–ას მუქარით შეშინებულმა რ. ჩ–ამ, მიიღო თვითმკვლელობის გადაწყვეტილება, რის გამოც, მან თავისი საცხოვრებელი სახლის წინ გააჩერა ავტომანქანა და ავტომანქანაში მყოფმა, ხელთნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან (მინი რევოლვერი ნომრით ...........) გასროლით, თავი მოიკლა.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის განაჩენით:
3.1. ზ. კ–ა, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
3.2. ი. ჯ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა ი. ჯ–სა და ზ. კ–ს მიმართ 2021 წლის 5 ივლისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.
განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ყადაღა უნდა მოეხსნას ზ. კ–ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, ასევე ი. ჯ–ს უნდა დაუბრუნდეს პასპორტი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა დავით პაპავამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ზ. კ–ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და სსკ-ის 115-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო ი. ჯ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ბრალდების მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა.
9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მოსაზრებას, რომ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე, რომ თითქოს, გასაჩივრებული განაჩენით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლომ არასწორად შეაფასა და მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ ზ. კ–ა უდანაშაულოდ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და სსკ-ის 115-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო ი. ჯ–ი – საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. საკასაციო სასამართლომ თავის არაერთ განაჩენში პირის გამართლებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ბრალდების მხარეს საქმეზე არ ჰქონდა წარმოდგენილი საკმარის და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის მსჯავრდებისათვის. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ მიიჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადგინდა გამართლებულების ბრალეულობა, რასაც საკასაციო პალატაც სრულად იზიარებს და ეთანხმება.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი არ გაქარწყლებულა სანდო და დამაჯერებელი სამხილების ერთობლიობით. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ხოლო იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020)). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ დავით პაპავას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი