საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 240100123007627057
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№697აპ-24 ქ. თბილისი
ნ–ი ზ., 697აპ-24 25 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განაჩენზე სენაკის რაინული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ სართანიასა და მსჯავრდებულ ზ. ნ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ხ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: სენაკის რაინული პროკურატურის პროკურორმა – ვახტანგ სართანიამ და მსჯავრდებულ ზ. ნ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ლ. ხ–მ.
2. ბრალდების მხარე თავისი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის შეცვლას, ზ. ნ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედებების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და უსაფუძვლოდ გაამართლა იგი წარდგენილი ბრალდებების ნაწილში, რამეთუ დაზარალებულ თ. მ–სის, მოწმეების – ვ. ქ–ს, მ. ც–ე-ბ–ს, შ. კ–ს, ნ. ჟ–ს, ა. გ–ს, გ. მ–ს, გ. მ–ს, ლ. კ–ს, ნ. კ–ს, მ. გ–ს, ე. გ–ს, ლ. მ–ს, ტ. ვ–ს, მ. ვ–ს, ლ. ნ–ს, ა. ბ–ს, რ. გ–სა და ბ. ა–ს ჩვენებებით/გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით, შპს ,,...... კრედიტიდან“ და სს ,,.... ბანკიდან“ ამოღებული დოკუმენტაციით, მობილური ტელეფონებიდან ინფორმაციის გამოთხოვისა და ამოღების ოქმებით, ასევე – ამოღებული ოქროს ძეწკვის ფრაგმენტით, უტყუარად დასტურდება მისი ბრალეულობა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ზ. ნ–ს მიერ გაცხადებულ, დაზარალებულის ცოცხლად დამარხვის მუქარას, ისევე, როგორც შანტაჟის გზით იძულებას, რათა არ მოეთხოვა მისთვის ვალის გადახდა, მოიცავდა მსჯავრადშერაცხილი დანაშაული – ადევნება. თ. მ–საგან ამოღებული ოქროს ძეკვის ფრაგმენტი კი, დაზარალებულის ჩვენებასთან ერთობლივად, ადასტურებს დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობისა და ოქროს ძეწკვის ნაწილის ფარულად დაუფლების ფაქტებს. ასევე არასწორია სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ზ. ნ–ს დანაშაული გენდერის ნიშნით შეუწყალებლობის მოტივით არ ჩაუდენია, ვინაიდან მსჯავრდებული დაზარალებულს ექცეოდა, როგორც საკუთრებას, რადგან მიაჩნდა, რომ თ. მ–ს არ ჰქონდა მასთან ურთიერთობაზე ცალმხრივად უარის თქმის უფლება, უსიტყვოდ უნდა შეესრულებინა მისი ნათქვამი და მასთან შეეთანხმებინა ყველა ნაბიჯი.
3. დაცვის მხარე თავისი საკასაციო საჩივრით ითხოვს ზ. ნ–ს მიმართ განაჩენის შეცვლასა და ადევნების ნაწილში სასჯელის მინიმუმამდე შემცირებას, ხოლო სხვა ნაწილში – განაჩენის უცვლელად დატოვებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულმა აღიარა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ სასჯელის შეფარდების დროს. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილი არაა კლასიკური ადევნების შემადგენლობა. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ ზ. ნ–სა და თ. მ–ს გარკვეული დროის განმავლობაში ჰქონდათ ნებაყოფლობითი ინტიმური ურთიერთობა, მაგრამ დაზარალებული, ახლობლებისა და ოჯახის წევრების ზეგავლენით, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ხან თანხმდებოდა მსჯავრდებულს ურთიერთობაზე, ხან – უარს ეუბნებოდა. აქედან გამომდინარე, ზ. ნ–ი არ ითვალისწინებდა თ. მ–ს უარს და ცდილობდა მასთან კომუნიკაციას, რასაც აღიარებს და ნანობს. საყურადღებოა, რომ დაზარალებუულისა და მსჯავრდებულის მიმოწერების მიხედვით, 2023 წლის 25 მაისს სწორედ თ. მ–ე დაუკავშირდა სოციალური ქსელის მეშვეობით ზ. ნ–ს, რა დროსაც მიმართა ალერსიანი სიტყვებით, რაც ცხადყოფს, რომ დაზარალებულს არ ჰქონდა ერთგვაროვანი დამოკიდებულება მსჯავრდებულის მიმართ. ზ. ნ–ს თ. მ–სთან სურდა ოჯახის შექმნა, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მათი მიმოწერები, ხოლო მსჯავრდებულის დედამ დაადასტურა, რომ მასთან მივიდა თ. მ–ე და რძლობა შესთავაზა, რასაც არ უარყოფს დაზარალებულიც. ზ. ნ–სა და თ. მ–ს ახლო ურთიერთობა აღბეჭდილია მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ერთობლივ ფოტო და ვიდეომასალებში. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებულმა აღიარა დანაშაული, ასევე – საქმის მოცულობისა და მოწმეების სახით დასაკითხი არასრულწლოვნების ინტერესებიდან გამომდინარე, ხელი შეუწყო სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებას და ზ. ნ–ს მკაცრი სასჯელი განუსაზღვრა.
4. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, ზ. ნ–ს, – დაბადებულს 19.. წ.... – ბრალად დაედო: გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ადევნება, ესე იგი პირადად პირის უკანონო თვალთვალი და არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული და სხვა საშუალებით და სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვასა და პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, ჩადენილი არაერთგზის; გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის; გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა; ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგით:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის განაჩენით ზ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და, საბოლოოდ, მიესაჯა – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
4.2. თ. მ–სე მუშაობდა ს–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე საჯარო სკოლაში მასწავლებლად და, პარალელურად, ქ. ა–ში, კ–ს ქუჩის №..-ში, ეწეოდა რეპეტიტორობას. 2021 წლის დეკემბრიდან ზ. ნ–მა გამოავლინა გარკვეული დაინტერესება და ურთიერთობის სურვილი თ. მ–ს მიმართ და მათ შორის ჩამოყალიბდა ახლო ურთიერთობა, რომელმაც 2022 წლის სექტემბრიდან თ. მ–სათვის მიიღო არასასურველი სახე. 2022 წლის ოქტომბერ-ნოემბრიდან თ. მ–ე ზ. ნ–ს ურთიერთობის გაგრძელებაზე ეუბნებოდა უარს. ზ. ნ–მა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან ჩათვალა, რომ თ. მ–ს უარი არ იყო საკმარისი პირობა ურთიერთობის გაწყვეტისათვის და, თითქოსდა, თ. მ–ს არ ჰქონდა ურთიერთობაზე უარის თქმის უფლება, დაიწყო მის მიმართ სისტემატური თვალთვალი, მისი ადგილსამყოფელისა და სამუშაოზე გადაადგილების კონტროლი, ასევე – სისტემატურად უკავშირდებოდა ტელეფონის საშუალებით, სოციალური ქსელის გამოყენებით უგზავნიდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, მიდიოდა თ. მ–ს ორივე სამუშაო ადგილზე და ორივე საცხოვრებლის მიმდებარედ: ქ. ა–ში, ....ის ქუჩის №..-ში და ს–ს რაიონის სოფელ თ–ში, სადაც კატეგორიულად მოითხოვდა მასთან ურთიერთობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდა მათი პირადი ცხოვრების ამსახველი საერთო ფოტო – და ვიდეომასალების გავრცელებით. ზ. ნ–ი სისტემატურად მიდიოდა ქ. ა–ში ....ს ქუჩაზე თ. მ–ს სამუშაო ადგილზე და ხელს უშლიდა გაკვეთილების ჩატარებაში, კატეგორიულად მოითხოვდა შეხვედრას და ურთიერთობის გაგრძელებას, ამასთან – აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას. მათ შორის: 2022 წლის ოქტომბერში, ა–ს რაიონის სოფელ ნ–ში, ზ. ნ–ი ავტომობილით აედევნა თ. მ–ს და დაამყარა მასთან არასასურველი კომუნიკაცია, კატეგორიულად მოითხოვდა შეხვედრას, სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებზე პასუხის გაცემას, ასევე – მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკურადაც იძალადა. 2022 წლის ნოემბერში, თ. მ–მ ზ. ნ–ს ძმას, ლ. ნ–ს სთხოვა, რომ ზ. ნ–ს ჩამოცილებაში დახმარებოდა, რაც გაიგო ზ. ნ–სმა, განაწყენებული მივიდა ქ. აბაშაში, კილასონიას ქუჩაზე და თ. მ–ს ხელი შეუშალა საქმიანობაში, დაემუქრა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაზარალებულმა ვერ შეძელო, გაეგრძელებინა სასწავლო პროცესი. ზემოაღნიშნული ქმედებების გამო თ. მ–ე იძულებული გახდა ქ. ა–ში, კ–ს ქუჩაზე მდებარე სამუშაო ადგილზე მისვლისაგან თავი აერიდებინა და გადასულიყო ,,ონლაინ“ სამუშაო რეჟიმზე. 2023 წლის 9 ივნისს, ზ. ნ–ი მივიდა ს–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ თ. მ–ს კუთვნილ ავტომანქანასთან და წინა საქარე მინაზე დატოვა წერილი, მათ შორის ურთიერთობის აღდგენის სურვილით. 2023 წლის 11 ივნისს თ. მ–სთვის ცნობილი გახდა, რომ მეუღლის მშობელთან – ტ. ვ–სთან სოციალურ ქსელში გადაგზავნილი იყო ორი ფოტოსურათი, რომლებზეც იგი ზ. ნ–სთან ერთად იყო გამოსახული. 2023 წლის ივნისში ზ. ნ–ი მივიდა თ. მ–ს სამუშაო ადგილზე – ქ. ა–ში, კ–ს ქუჩაზე – გამოართვა მობილური ტელეფონი, რომლის დაბრუნების სანაცვლოდ, კატეგორიულად ითხოვდა, შეხვედრაზე დათანხმებულიყო. ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად თ. მ–მ განიცადა ფსიქიკური ტანჯვა, გაუჩნდა მის მიმართ ძალადობის საფუძვლიანი შიში, მუდმივად იმყოფებოდა სტრესში, მნიშვნელოვანი შეფერხება შეექმნა საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობის მიღებაში, რაც, თავის მხრივ, მისი ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებდა, კერძოდ, იძულებული გახდა გადასულიყო მუშაობის ,,ონლაინ“ რეჟიმზე და შეექმნა სკოლაში მუშაობის შეწყვეტის რეალური საჭიროება.
4.3. 2022 წლის ოქტომბერში, ა–ს რაიონის სოფელ ნ–ი, ს–ს უბნის ტერიტორიაზე გამავალ საავტომობილო გზაზე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ თ. მ–ე უარს ეუბნებოდა ურთიერთობის გაგრძელებაზე, არ პასუხობდა სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებზე, განაწყენებულმა ზ. ნ–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4.4. 2022 წლის ნოემბერში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ თ. მ–ე უარს ეუბნებოდა ურთიერთობის გაგრძელებაზე, არ პასუხობდა სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებზე, ზ. ნ–ი მივიდა ქ. ა–ში, კ–ს ქუჩის №..-ში, სადაც პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა თ. მ–ე. აგრესიული ტონით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა „ცოცხლად დამარხვით“. აღნიშნული ქმედების შედეგად თ. მ–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.
4.5. 2022 წლის სექტემბრიდან, ქ. ა–ში თ. მ–ე ზ. ნ–ს სთხოვდა მათ მიერ ბანკში აღებული კრედიტის დაფარვას, ასევე – ბეჭდის დაბრუნებას, რომელიც თ. მ–მ ზ. ნ–ს წინარე პერიოდში ლომბარდში ჩაბარების მიზნით ათხოვა. პასუხად ზ. ნ–ი ემუქრებოდა თ. მ–ს, რომ თუ იგი კვლავ განაგრძობდა ვალის მოთხოვნას, გაუვრცელებდა მათი პირადი ცხოვრების ამსახველ სახელისგამტეხ ფოტო და ვიდეომასალებს. ასევე – იმის გამო, რომ თ. მ–ე ზ. ნ–ს უარს ეუბნებოდა ურთიერთობის გაგრძელებაზე 2022 წლის ნოემბრიდან სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაციის გზით ზ. ნ–ი სისტემატურად ემუქრებოდა თ. მ–ს, თუკი მასთან არ გააგრძელებდა შეხვედრებსა და ურთიერთობას, სხვადასხვა სოციალური ქსელების მეშვეობით გაავრცელებდა მის სახელისგამტეხ ცნობებს, რითაც ფსიქიკურად აიძულებდა დაზარალებულს.
4.6. 2022 წლის ოქტომბერში, ა–ს რაიონის სოფელ ნ–ში, ზ. ნ–სთან კონფლიქტისას თ. მ–ს გაუწყდა თანნაქონი ოქროს ყელასაბამი, რომელიც ეკეთა ყელზე. ზ. ნ–სთვის ცნობილი იყო, რომ ზემოაღნიშნული ყელსაბამი ეკუთვნოდა თ. მ–ს, თუმცა მიუხედავად ამისა, ფარულად დაეუფლა გაწყვეტილი სამკაულის ნახევარს, რომელიც მიისაკუთრა და მოგვიანებით, 2022 წლის 20 ოქტომბერს, 100 ლარად ჩააბარა ლომბარდში შპს „.... ე–ს“ ა–ს ფილიალში, რითაც თ. მ–ს მიაყენა – 300 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
5. ზ. ნ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
6. სენაკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ზ. ნ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
7. სენაკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, სენაკის რაინული პროკურატურის პროკურორმა – ვახტანგ სართანიამ, რომელიც ითხოვდა ზ. ნ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადშერაცხილი ყველა ქმედების ჩადენისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ ზ. ნ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ლ. ხ–მ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას სასჯელის შემსუბუქების კუთხით.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განაჩენით სენაკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
11. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რამეთუ, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ნათლად და მკაფიოდ არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთი მხრივ, გონივრულ ეჭვს მიღმა, საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადგინდა ზ. ნ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედებების ჩადენა, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელი, რომელიც შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, კანონიერი და დასაბუთებულია.
12. კერძოდ: აღსანიშნავია, რომ დაზარალებულ თ. მ–ს ჩვენება – რომლის მიხედვით, ზ. ნ–ი სისტემატურად სდევნიდა, უთვალთვალებდა, დაჟინებით მოითხოვდა მასთან ურთიერთობას, ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას, შეურაცხყოფდა და ამცირებდა მოსწავლეების, თანამშრომლების, ოჯახის წევრებისა და ახლობლების წინაშე, არ აძლევდა სასწავლო პროცესის მშვიდ ვითარებაში ჩატარების საშუალებას, რის გამოც, იგი იყო მუდმივად შეშინებული, დასტრესილი, შეერყა ჯანმრთელობა და იძულებული გახდა, მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების ჩვეული წესი – თანხვდენილია და დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა სამხილებით: მოწმეების – რ. გ–ს, ვ. ქ–ს, ბ. ა–ს, ნ. ჟ–ს, ნ. გ–ს, შ. კ–ს, ლ. მ–ს, მ. ც–ე-ბ–ს, ა. ც–ს, მ. ვ–ს ჩვენებებით, ასევე – მოწმეების ტ. ვ–ს, გ. გ–ს, ნონა კ–ს, მ. გ–ს, ე. გ–ს, უ. ნ–ს, ლ. კ–ს, გ. მ–სა და გ. მ–ს გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც საფუძვლად დაედო სწორედ ზ. ნ–სის მსჯავრდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის – არაერთგზის ადევნების – ჩადენისათვის, რასაც არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ და სასამართლოსაც უტყუარად დადგენილად მიაჩნია. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სხვა ქმედებების ნაწილს, რომლებსაც ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ედავებოდა ბრალდების მხარე ზ. ნ–ს, მოიცავს მისთვის მსჯავრადშერაცხილი – ადევნების – დანაშაული, ხოლო ნაწილი არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი, გონივრულ ეჭვს მიღმა, საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის, რიგ შემთხვევებში არც დაზარალებულ თ. მ–ს ჩვენებით, რისი გათვალისწინებითაც, სამხილების შეფასების შედეგად გაჩენილი ეჭვები – მათ შორის, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით – რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპის საფუძველზე, მართებულად გადაწყდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
13. დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარ სასჯელთან მიმართებით აღსანიშნავია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტება, რომლის მიხედვით, სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97).
14. საკასაციო სასამართლომ შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (ზ. ნ–მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, რომლისთვისაც დაედო მსჯავრი; ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი გახადა უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და დამამძიმებელი (არასრულწლოვნების თანდასწრებით დანაშაულის ჩადენა) გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და ამავე კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილი წესის (დანაშაულის არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას) შესაბამისად, ზ. ნ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა, რამეთუ, იმის მხედველობაში მიღებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნეტით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მსჯავრდებულია ზ. ნ–ი, უალტერნატივოდ ისჯება: თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, გამოყენებული – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა არის ზომიერად მკაცრი სასჯელის ზომა, რომლის კიდევ უფრო შემცირება და მინიმალურ სასჯელთან მიახლოება, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ინტენსივობის, ასევე – დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ხარისხიდან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სენაკის რაინული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ სართანიასა და მსჯავრდებულ ზ. ნ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ – ლ. ხ–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი