ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 04.10.2024
საქმის ნომერი
2კ-679აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.10.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100123007761843

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №679აპ-24 ქ. თბილისი

კ .მ, 679აპ-24 4 ოქტომბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 დეკემბრის განაჩენით:

1.1. მ. კ, - დაბადებული --- წლის .. თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 1 წლით.

1.3. მ. კ--ს სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2023 წლის 6 დეკემბრიდან.

1.4. გაუქმდა მ. კ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 აგვისტოს N12/1677-23 განჩინების საფუძველზე, ი. ჯ-ს, პ/ნ ----- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე ქ. ზ–ი, კ. გ-ს ქუჩის N--ში), საკადასტრო კოდი ---- უნდა გათავისუფლდეს ყადაღისგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. კ-მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2023 წლის 16 მარტს ქალაქ ზ-ი, გ. ქუჩიდან მოძრავ „შკოდა ოქტავიას“ მარკის ავტომობილს, სახ.N----, რომელსაც მართავდა ჯ. ი- ძე შ--ა, ა-ს ქუჩების კვეთაზე, შუა ადგილას შეეჯახა დ. ა--ს ქუჩიდან მოძრავი „შევროლეტის“ მარკის ავტომობილი, სახ.N----, რომელსაც მართავდა მ. კ. შეჯახების შემდეგ „შევროლეტის“ მარკის ავტომობილი გადაადგილდა და შეეჯახა თავის სამოძრაო ზოლზე მოძრავ „ჰონდას“ მარკის ავტომობილს, სახ.N------, რომელსაც მართავდა მ. გ. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით „ჰონდას" მარკის ავტომობილის მძღოლი მ. გ. და მისი მგზავრები - ხ. ნ. და გ. თ-ე გადაიყვანეს სს ,,ე-ს“ ზ--ს რეფერალურ ჰოსპიტალში. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ,,ჰონდას“ მარკის ავტომობილის მძღოლმა მ. გ-მ და მისმა მგზავრმა გ. თ-ემ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღეს.

· ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, მძღოლმა მ. კ-მ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36.1 და 36.4(გ) მუხლების მოთხოვნები, კერძოდ:

· 36.1 „გზაჯვარედინთან მიახლოებისას მძღოლმა, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. ამასთან, მძღოლმა სატრანსპორტო საშუალება ისეთი სიჩქარით უნდა მართოს, რომ შეეძლოს გაჩერება და გაატაროს ის სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც უპირატესი მოძრაობის უფლება აქვს“.

· 36.4(გ) „თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას“.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მ. კ-ს გამართლებას.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განაჩენით:

4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორმა - მსჯავრდებულ მ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ჯ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განაჩენის გაუქმება და მ კ-ს გამართლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. კ--ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. უსაფუძვლოა ადვოკატ თ. ჯ-ს აპელირება, რომ გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია და საქმეში არ არის წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებენ მ. კ-ს ბრალეულობას, კერძოდ:

3. დაზარალებულების - მ. გ--ს, გ. თ-ისა და მოწმეების - ჯ. შ-ას, დ. შ-ას, ხ. კ-ს, შ. ქ--ა და სხვათა ჩვენებებით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-- დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით დადასტურებულია 2023 წლის 16 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტი.

4. საქმეში არსებული და სასამართლოში გამოკვლეული ვიდეოკამერების ჩანაწერების თანახმად დასტურდება შემდეგი გარემოებები: გ. ქუჩაზე ჩნდება ,,შკოდას“ მარკის ავტომანქანა, რომელიც ჩერდება გზაჯვარედინთან, იგი იწყებს მოძრაობას ზ. --ს გამზირიდან ხ--ს ქუჩის მიმართულებით მარჯვენა სამოძრაო ზოლის შუაში (მარცხნივ მოხვევის მიზნით), ამავე დროს ზ. გ--ს გამზირიდან ხ-ს ქუჩის მიმართულებით მარჯვენა სამოძრაო ზოლზე მოძრავი ორი ავტომანქანიდან ერთი ანელებს სვლას და ჩართული აქვს მარჯვენა მოხვევის მაშუქი, ხოლო მეორე - ,,შევროლეტის“ მარკის ავტომანქანა ეჯახება ,,შკოდას“ მარკის ავტომანქანას წინა ბამპერზე, რის შემდეგაც გადადის შემხვედრ სამოძრაო ზოლზე და ეჯახება შემხვედრ სამოძრაო ზოლზე მოძრავ ,,ჰონდას“ მარკის ავტომანქანას, რომელიც შეჯახების შედეგად გადადის სავალი ნაწილიდან და ჩნდება ტროტუარზე.

5. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N-- და N-- დასკვნების თანახმად, დაზარალებულებმა - მ. გ--მ და გ. თ-ემ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები.

6. მოწმის სახით დაკითხული, შპს ,,ზ-ს საგზაო სამმართველოს“ დირექტორ ს ს-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2023 წლის 16 მარტს ქ. ზ-ი ა-სა და გ. ქუჩის კვეთაზე არ არსებობდა საგზაო ნიშნები. სს ,,E--ის“ დასავლეთ საქართველოს ჯგუფის ხელმძღვანელ ს. ა--ს ჩვენებით დასტურდება, რომ ქ. ზ-ი გ-ა და -----ს ქუჩები ა-ს ქუჩას უერთდება 20 მეტრის დაშორებით და წარმოადგენს გზაჯვარედინს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე პ. გ-ს ჩვენების თანახმად, როდესაც გზაჯვარედინზე არ დგას საგზაო ნიშანი, მძღოლმა უნდა იხელმძღვანელოს ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონით.

7. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად ყურადღებას ამახვილებს ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36.1 მუხლზე, რომლის თანახმად, „გზაჯვარედინთან მიახლოებისას მძღოლმა, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. ამასთან, მძღოლმა სატრანსპორტო საშუალება ისეთი სიჩქარით უნდა მართოს, რომ შეეძლოს გაჩერება და გაატაროს ის სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც უპირატესი მოძრაობის უფლება აქვს“. ხოლო ამავე მუხლის, 36.4(გ) მუხლის თანხმად, „თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას“. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოტექნიკური ექსპერტიზის N--- დასკვნაზე, რომლის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლ მ. კ-ს შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და ასევე, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა მ კ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და განსაზღვრული აქვს სამართლიანი სასჯელი.

9. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

10. საქმეში წარმოდგენილია 2024 წლის 3 ოქტომბრით დათარიღებული მსჯავრდებულ მ. კ-ს განცხადება, რომლის თანახმადაც მას არ შეუძლია დაზარალებულის თანხმობის წარმოდგენა.

11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისულფების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

12. შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ მ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით, რაც შეადგენს 10 თვეს.

13. გასაჩივრებული განაჩენით მ. კ-ს, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 1 წლით.

14. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

15. ამდენად, ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ მ. კ-ს უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 10 თვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ მ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. მ. კ. ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

4. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ მ. კ-ს დანიშნული სასჯელი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და მიესაჯოს 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2023 წლის 6 დეკემბრიდან;

5. მ. კ-ს, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 1 (ერთი) წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 10 (ათი) თვით;

6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ. კ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 აგვისტოს N12/1677-23 განჩინების საფუძველზე, ი. ჯ-ს (პ/ნ -----), საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ზ–ი, კ. გ-ს ქუჩის N--ში, საკადასტრო კოდი -----, გათავისუფლდეს ყადაღისგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;

7. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: CD დისკები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; „შკოდას“ მარკის, სახ.№----, „შევროლეტის“ მარკის, სახ.№----- და „ჰონდას“ მარკის, სახ.№------- ავტომანქანები დაუბრუნდეთ მეპატრონეებს; ავადმყოფის სტაციონალური ბარათები დაუბრუნდეს შესაბამის დაწესებულებას;

8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი