საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 17.09.2024
საქმის ნომერი
2კ-404აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.09.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №404აპ-24 თბილისი

ღ. გ., 404აპ-24 17 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენით:

§ გ. ღ-ი, --, ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – ჯარიმა – 15430 ლარი; 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – ჯარიმა – 15430 ლარი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით გ. ღ-ს განესაზღვრა ჯარიმა – 15430 ლარი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მისი პატიმრობის დროის (2023 წლის 28 ივნისიდან იმავე წლის 26 დეკემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმცირდა 10000 ლარამდე. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენით მისთვის შეფარდებულმა სასჯელმა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთამ, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩათვლილი ჰქონდა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით, შთანთქა ბოლო განაჩენით შეფარდებული სასჯელი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ღ-ს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით;

§ გ. ღ., -- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვლება განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავებიდან.

2. განაჩენის მიხედვით:

2.1. გ. ღ-ს მსჯავრად დაედო:

· თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით;

· თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით;

2.2. გ. ღ-ს მსჯავრად დაედო თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.

3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

o მამა-შვილმა – გ. და გ. ღ-ებმა განიზრახეს, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ სხვის კუთვნილ თანხას. ამ მიზნით, სოციალურ ქსელ „ფ-ში“ განათავსეს განცხადება, თითქოს გ-ის ფედერაციიდან საქართველოში ჩამოჰყავდათ ავტომანქანები;

o აღნიშნულის საფუძველზე, 2022 წლის 19 ოქტომბერს, სოციალურ ქსელ „ფ-ში“ განთავსებული განცხადების მეშვეობით, ზ. ხ-ე სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა გ. ღ-ს, რომელიც მოტყუებით დაჰპირდა, რომ 9000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ გერმანიის ფედერაციაში შეიძენდა და საქართველოში ჩამოუყვანდა „მერსედესის“ მარკის „ს-ის“ მოდელის ავტომობილს. მეტი დამაჯერებლობისთვის, ავტომანქანის ჩამოყვანაში დაეხმარებოდა საქართველოში მყოფი გ. ღ-ის მამა – გ. ღ-ი. 2022 წლის 20 ოქტომბერს გ. და გ. ღ-ებმა, ჯგუფურად, სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, თბილისში, მეტროსადგურ „ი-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრაზე შეითანხმეს ზ. ხ-ე, რომელსაც უშუალოდ შეხვდა გ. ღ-ი. მან ნოტარიული ხელშეკრულების გაფორმებით კიდევ ერთხელ დაარწმუნა ზ. ხ-ე ავტომანქანის ჩამოყვანაში. ამავდროულად, იმავე დღეს წინასწარ გამოართვა ავტომანქანის შეძენის თანხის ნაწილი – 6300 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი, შეთანხმებისამებრ, უნდა გადახდილიყო სატრანსპორტო საშუალების საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ. მოქმედებდნენ რა დანაშაულებრივი განზრახვით, გ. და გ. ღ-ებმა ზ. ხ-ისათვის ავტომანქანა საქართველოში არ ჩამოიყვანეს. ისინი მოტყუებით დაეუფლნენ წინასწარ გადახდილ თანხას, რომელიც არ დაუბრუნეს და კომუნიკაციაც გაწყვიტეს დაზარალებულთან. აღნიშნულმა ქმედებამ 17425.80 ლარის დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია;

o 2022 წლის 8 სექტემბერს, გ. ღ-ი სოციალურ ქსელ „ფ-ის“ მეშვეობით დ. ც-ას მოტყუებით დაჰპირდა, რომ 9300 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ გერმანიის ფედერაციაში შეიძენდა და საქართველოში ჩამოუყვანდა „მერსედესის“ მარკის „სპრინტერის“ მოდელის ავტომობილს. 2022 წლის 9 სექტემბერს გ. ღ-მა, სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, საკუთარ სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე, დ. ც-ას თბილისში, --------ვესტიბიულში განთავსებული -- წინასწარ ჩაარიცხვინა ავტომანქანის შეძენის თანხის ნაწილი – 5580 აშშ დოლარი, ხოლო, დარჩენილი ნაწილი, შეთანხმებისამებრ, უნდა გადახდილიყო სატრანსპორტო საშუალების ჩამოსვლის შემდეგ. მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, გ. ღ-მა დ. ც-ას არ ჩამოუყვანა ავტომანქანა, მოტყუებით დაეუფლა წინასწარ გადახდილ თანხას, რომელიც არ დაუბრუნა და კომუნიკაციაც გაწყვიტა დაზარალებულთან. აღნიშნულმა ქმედებამ 15926 ლარის დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გიორგი ცეცხლაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და გ. ღ-ისათვის მკაცრი სასჯელის –თავისუფლების აღკვეთის – განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გიორგი ცეცხლაძემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და გ. ღ-ისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.

9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, სასჯელთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და გ. ღ-ის განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

10. სააპელაციო პალატამ გ. ღ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება. ამასთან, რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი საჩივარში არ უთითებს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

11. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე