საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002743515
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №482აპ-24 ქ. თბილისი
კ. მ. 482აპ-24 24 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულების – მ. კ–სა და მ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ს. კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:
1.1. ჯ. ჩ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით;
1.2. მ. კ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით;
1.3. მ. ს–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალი ედებოდა თაღლითობაში დახმარება, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში დახმარება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტიებით;
1.4. ა. ი–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ჯ. ჩ–ს, მ. კ–ს, მ. ს–სა და ა. ი–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. ჯ. ჩ–მა და მ. კ–მ, მ. ს–ს დახმარებით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად განიზრახეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდნენ ჰ. ა–ს ძვირადღირებულ მაჯის საათს, რომელიც ამ უკანასკნელმა 2017 წლის მიწურულს, 4 200 000 ევროდ, შეიძინა ი–ს ძველი ისტორიისა და ცივილიზაციის მუზეუმის აუქციონზე, ხოლო მოგვიანებით დააპირა მისი რეალიზაცია, რის შესახებაც საქმის კურსში ჩააყენა ნაცნობ-მეგობრები. 2018 წლის აგვისტოში ჰ. ა–ს დაუკავშირდა მისი მეგობარი ჯ. ჩ–ი, რომელმაც უთხრა, რომ თითქოსდა ს–ში იპოვა საათის შემძენი, რ–ს ფედერაციიდან და საჭირო იყო ს–ში ჩასვლა და საათის შეფასება. 2018 წლის 10 აგვისტოს ჰ. გ–ს ჩამოვიდა ს–ში, შეხვდა თავის მეგობარ ჯ. ჩ–ს, რომელსაც თან ახლდნენ მეგობრები: ა. ი–სი და მ. კ–ე. ისინი ამ უკანასკნელის კუთვნილი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით საათის შესაფასებლად წავიდნენ თ–ში, კ–ს ქ. №..-ში მდებარე შპს „...-ის“ კუთვნილ მაღაზიაში. საათი უნდა შეეფასებინა ჯ. ჩ–ს ნაცნობ ქალბატონს – ექსპერტ-შემფასებელ ხ. გ–ს, თუმცა აღნიშნულ დღეს საათის შეფასება ვერ მოხერხდა და შეთანხმდნენ, რომ მივიდოდნენ მეორე დღეს. ჯ. ჩ–მა, მ. კ–სთან ერთად, შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც, მ. კ–ე დაუკავშირდებოდა თავის ნათესავ მ. ს–ს, რომლის ჩართულობით, ჰ. ა–ს მოატყუებდნენ, რომ იყო თითქოსდა ექსპერტ-შემფასებელ ხ. გ–ს და, რომელიც ვითომდა შეფასების მიზნით, ექსპერტისათვის გადასაცემად გამოართმევდა საათს. აღნიშნულის საფუძველზე, 2018 წლის 11 აგვისტოს ჯ. ჩ–მა და მ. კ–მ ა. ი–თან ერთად, სასტუმრო „რ–თან“ ავტომობილით მიაკითხეს ჰ. ა–ს და საათის შეფასების მიზნით ერთად გაემართნენ ექსპერტ-შემფასებელ ხ. გ–სთან. ადგილზე მისვლის შემდეგ ვითარების გარკვევის მიზნით ჯ. ჩ–ი შევიდა მაღაზიაში, თუმცა რამდენიმე წუთში დაბრუნდა უკან იმ საბაბით, რომ, თითქოსდა ექსპერტ-შემფასებელი არ იყო ადგილზე, რის შემდგომ ჰ. გ–ს თანდასწრებით, მობილური ტელეფონის საშუალებით, ვითომდა დაუკავშირდა ხ. გ–ს. არარსებული სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ ჯ. ჩ–მა უთხრა ჰ. ა–ს, რომ ექსპერტ-შემფასებლის ადგილზე არყოფნის გამო საათი უნდა დაეტოვებინათ მისი დისთვის. აღნიშნულის შემდგომ ისინი ერთად გაემართნენ თ–ში, ძმები ფ–ს ქუჩის №..-ში მდებარე მ. ს–ს საცხოვრებელ სახლთან, სადაც, წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, ჰ. გ–მ, ჯ. ჩ–ს მითითებით, მ. ს–ს, როგორც ექსპერტ-შემფასებელ ხ. გ–ს დას, რომელმაც იცოდა რა ჯ. ჩ–სა და მ. კ–ს განზრახვის შესახებ, გადასცა საათი, რომელიც თითქოსდა 3-4 დღის შემდგომ, შეფასების ფურცელთან ერთად, უნდა დაებრუნებინათ ჰ. გ–სთვის, თუმცა, აღნიშნულის ნაცვლად, იმავე დღეს, დაახლოებით 1 საათში, ჯ. ჩ–ი, მ. კ–ე და ა–მ ი–ი დაბრუნდნენ მ. ს–სთან, ვისგანაც საათი წამოიღო ჯ. ჩ–მა.
2.2. 2018 წლის 13 აგვისტოს ჯ. ჩ–მა და მ. კ–მ გადაწყვიტეს აღნიშნული საათის ლომბარდში ჩაბარება და ა. ი–ზთან ერთად გაემართნენ თ–ში, .....ის გამზირზე, №..-ში მდებარე შპს „... კ-ში“. მოსალაპარაკებლად შევიდნენ ჯ. ჩ–ი და მ. კ–ე, თუმცა მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა, რის გამოც, ჯ. ჩ–ს მითითებით, გაემართნენ გ–ში. ჰ. გ–ს კუთვნილი საათი, მ. კ–მ ჩააბარა თ–ში, ხ–ს ქ. №..-ში მდებარე „ს–ს“ ლომბარდში, ვინაიდან ლომბარდის თანამშრომელმა, მათი წესდების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის გამო ჯ. ჩ–ს საათის დალომბარდებაზე უარი განუცხადა. ლომბარდის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული თანხის – 15720 ლარის ეკვივალენტი – 6 000 აშშ დოლარი – ხელზე გადასცეს ჯ. ჩ–ს, ხოლო ამ უკანასკნელმა მ. კ–ს მისცა 250 ლარი. მ. კ–მ ჯ. ჩ–ს ნოტარიული წესით იმავე დღეს გაუფორმა მინდობილობა, რომლის საფუძველზე, ჯ. ჩ–ს შეეძლო საათის ლომბარდიდან ნებისმიერ დროს გატანა, თუმცა მან 2018 წლის 15 აგვისტოს ს–ს სასაზღვრო გამშვების პუნქტის გავლით გადაკვეთა ს–ს სახელმწიფო საზღვარი.
2.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის 2018 წლის 31 აგვისტოს №............ დასკვნის თანახმად, დადგინდა, რომ საათის ღირებულება შეადგენს – 200 000 ლარს, შესაბამისად, ჯ. ჩ–ს, მ. კ–სა და მ. ს–ს დანაშაულებრივი ქმედებებით ჰ. გ–ს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2.4. მძიმე დანაშაულის - წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის მომზადებისა და ჩადენის ფაქტი ცნობილი იყო რა ა. ი–სათვის, მან ამის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განაჩენით:
3.1. ჯ. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
3.1.1. ჯ. ჩ–ს სასჯელის ვადა უნდა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან;
3.2. მ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 3 000 ლარი;
3.3. მ. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2 500 ლარი;
3.4. ა. ი–ზ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
3.4.1. ა. ი–ს სასჯელის ვადა უნდა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან;
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
4.1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანჟელა გეთიამ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულების – მ. კ–სა და მ. ს–ს მიმართ სასჯელის სახედ მსჯავრადშერაცხილი მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.
4.2. მსჯავრდებულების მ. კ–ს და მ. ს–ს ადვოკატმა – ს. კ–მა, ასევე მსჯავრდებულ ა. ი–ს ადვოკატმა – მ. კ–მ მოითხოვეს მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების გამართლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განაჩენში:
5.1. მ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 3 000 ლარი;
5.2. მ. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2500 ლარი;
5.3. დაკმაყოფილდა პროკურორ ანჟელა გეთიას შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე და დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულ ა. ი–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება:
5.3.1. ა. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი;
5.3.2. მსჯავრდებულ ა. ი–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2023 წლის 12 ივნისიდან, 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით და იგი სხდომათა დარბაზშივე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა;
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების – მ. კ–სა და მ. ს–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. კ–მა, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულების – მ. კ–სა და მ. ს–ს უდანაშაულოდ ცნობას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვს მ. კ–სა და მ. ს–ს გამართლებას.
9. ამდენად, დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა: ჩაიდინეს თუ არა მსჯავრდებულებმა – მ. კ–მ და მ. ს–მ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები.
10. კასატორი მხარის მტკიცებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მ. კ–სა და მ. ს–ს მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, მათ შორის, თანამსჯავრდებულ ჯ. ჩ–თან შეთანხმება ან/და დანაშაულის შედეგად სარგებლის მიღება.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის განსაზღვრული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, რაც არ გულისხმობს მტკიცებულებათა მხოლოდ რაოდენობრივ მახასიათებელს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №400აპ-21). შესაბამისად, საკითხი იმის შესახებ, თუ რა სახის და რა რაოდენობის მამხილებელი მტკიცებულების ერთობლიობაა საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, წყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.
12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას მ. კ–სა და მ. ს–ს უდანაშაულობისა და იმის შესახებ, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მათ მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა და ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც მ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო მ. ს–ს – საქართველოს სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდება განაპირობა. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი დაცვის მხარის არგუმენტზე.
13. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. კ–სა და მ. ს–ს მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
15. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების – მ. კ–სა და მ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ს. კ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი