საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100122005662062
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №596აპ-24 ქ. თბილისი
ბ. თ. 596აპ-24 25 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 მარტის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძისა და მსჯავრდებულ თ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. მ–სის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. ბ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი სამი პირის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2022 წლის 19 თებერვალს, დაახლოებით 23:30 საათზე, თ–ში, ტ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების დროს წარმოქმნილი ფიზიკური დაპირისპირების დროს თ. ბ–მა მოკვლის განზრახვით, თანნაქონი დანა დაარტყა გ. გ–ს მუცლის არეში, ხ. გ–ს მარცხენა ფეხის ბარძაყში და კ. ც–ს მარჯვენა ფეხის არეში, ხოლო, მათი გაშველების მიზნით, იქ შეკრებილ პირთა ჩარევის შედეგად, თ. ბ–მა, მცდელობის მიუხედავად, ვერ მოახერხა სისრულეში მოეყვანა საკუთარი განზრახვა – მიეყენებინა სხვა დაზიანებები დაჭრილებისათვის და მოეკლა ისინი, – და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ჩატარებული გადაუდებელი, დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად კი დაზარალებულებს შეუნარჩუნდათ სიცოცხლე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ნოემბრის განაჩენით თ. ბ––ს მიმართ წარდგენილი ბრალდება – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით -გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე (კ. ც–სის ეპიზოდი, დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე (გ. გ–ს და ხ. გ–ს ეპიზოდებში; დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია);
3.1. თ. ბ––ს ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1.1. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი – თავისუფლების
აღკვეთა 10 წლით;
3.1.2. საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
3.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით თ. ბ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და 6 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი;
3.3. თ. ბ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 20 თებერვლიდან.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ:
4.1. 2022 წლის 19 თებერვალს, დაახლოებით 23:30 საათზე, თ–ში, ტ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების დროს წარმოქმნილი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების დროს რომლის ინიციატორებიც იყვნენ გ. გ–ე და ხ. გ–ე, თ. ბ–მა წარმოქმნილი ფიზიკური დაპირისპირების დროს, თანნაქონი დანა ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მიზნით დაარტყა გ. გ–ს მუცლის არეში, ხ. გ–ს მარცხენა ფეხის ბარძაყში და კ. ც–ს მარჯვენა ფეხის არეში, რის შედეგადაც გ. გ–მ და ხ. გ–მ მიიღეს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის საშიშ მძიმე ხარისხს, ხოლო კ. ც–მა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. აღნიშნულის შემდეგ გ. ბ–მა თანმხლებ პირთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
5.1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ მოითხოვა თ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში სამართლიანი სასჯელის დანიშვნა;
5.2. მსჯავრდებულ თ. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს. კ–მ მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ დადგენილი გამატყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ვინაიდან მსჯავრდებული შემთხვევის დროს მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ თ. ბ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
7.1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლაშა გამყრელიძე ითხოვს თ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას – საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით; ასევე – სამართლიანი სასჯელის შეფარდებას;
7.2. მსჯავრდებულ თ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი – მ. მ–ი ითხოვს სასჯელის შემცირებას, კერძოდ: თ. ბ–სათვის სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებას.
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ამასთან, ბრალდების მხარე ითხოვს თ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით, და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, ხოლო დაცვის მხარე – სასჯელის შემსუბუქებას.
10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორი ბრალდების მხარის მოთხოვნას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც თ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (კ. ც–ს ეპიზოდი, დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (გ. გ–ს და ხ. გ–ს ეპიზოდებში, დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი ბრალდების მხარის არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი ბრალდების მხარე თავისი პოზიციის დასადასტურებლად, მათ შორის, უთითებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებსა და იმ გარემოებაზე, რომ თ. ბ–მა დანის გამოყენებით გ. გ–ს და ხ. გ–ს მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ხოლო კ. ც–ს – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, საკასაციო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის, დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებების, ასევე ვიდეოჩანაწერში ასახული ინფორმაციის გათვალისწინებით ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ მსჯავრდებული თ. ბ–ს მოქმედებდა დაზარალებულების მოკვლის განზრახვით და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ, მოცემულ შემთხვევაში, უტყუარად ვერ დგინდება თ. ბ––ს მიერ გ. და ხ. გ–ების ან/და კ. ც–ს სიცოცხლის მოსპობის განზრახვა.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას დამამძიმებელ გარემოებად მხედველობაში მიიღო დანაშაულის დანის გამოყენებით ჩადენის ფაქტი.
13.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოსაყენებლად, აუცილებელია სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი იყოს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, გამოყენებული დანის ცივ იარაღთა კატეგორიისადმი კუთვნილების ფაქტის დასადგენად (მაგ., იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 21 თებერვლის N761აპ-21 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის N1283აპ-22 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 12 იანვრის 796აპ-23 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის N1171აპ-23 განჩინება). განსახილველ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა – რის გამოც, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას სასჯელი განსაზღვროს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
14. მიუხედავად აღნიშნულისა საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თ. ბ–ს მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში და ვერ გაიზიარებს კასატორი დაცვის მხარის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების თაობაზე. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელის ზომის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა როგორც მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები (არის ნასამართლობის არმქონე, აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან) ასევე, მათ შორის, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მასში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი, დანაშაულის ჩადენის ვითარება და ხერხი და განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, მინიმალურთან მიახლოებული ხანგრძლივობით, ამასთან – გამოიყენა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათიც და დანიშნული სასჯელის ნაწილი – ჩაუთვალა პირობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დანიშნული სასჯელი შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ არსებობს მისი შემდგომი შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020);
16. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძისა და მსჯავრდებულ თ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. მ–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 მარტის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი