საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 190100123007432451
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №623აპ-24 11 სექტემბერი, 2024 წელი
ი–ი მ., №623აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 მარტის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. ი–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (ორი ეპიზოდი)), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (ორი ეპიზოდი)) და საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონით და განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2021 წლის ივნისში, საღამოს საათებში, ქალაქ რ–ში, მე-.. მიკრორაიონში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მ. ი–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ორსული ქალის, ე. ა–სის მიმართ, კერძოდ, მ. ი–ი უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა, რომ ე. ა–სი მისგან არ ელოდებოდა ბავშვს, რის გამოც სახის მარჯვენა არეში დაარტყა გაშლილი ხელი, რა დროსაც ე. ა–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2021 წლის ზაფხულში, საღამოს საათებში, ქალაქ ქ–ში, ქუჩაში სეირნობის დროს, მ. ი–იმა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მისი, როგორც მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ორსული ქალის, ე. ა–ს მიმართ, კერძოდ, იმის გამო, რომ ე. ა–მა უთხრა, რომ ჩაიცვამდა კაბას, ვინაიდან შარვალში ცხელოდა, მ. ი–ი აგრესიული გახდა მის მიმართ, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და კეფის არეში დაარტყა გაშლილი ხელი, რა დროსაც ე. ა–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.4. 2022 წლის 27 თებერვალს, ღამის საათებში, ქალაქ რ–ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მ. ი–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მისი, როგორც მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქალის, ე. ა–ს მიმართ, კერძოდ, იმის გამო, რომ ე. ა–მა უთხრა, მისთვისაც მიეცა ტელეფონი და ნახავდა ღალატობდა თუ არა, მ. ი–ი აგრესიული გახდა მის მიმართ, უთხრა, რომ აღნიშნული არ უნდა გაებედა და სახის არეში დაარტყა ჯერ მუშტი, შემდეგ ფეხი, თმებში მოჰკიდა ხელი, დაქაჩა და ამ ფორმით შეათრია სააბაზანოში, ასხამდა წყალს გონზე მოსაყვანად, ჩაიყვანა ავტომანქანაში, მგზავრობის დროს, ქალაქ რ–ში, მ–ს ქუჩაზე თმებში მოჰკიდა ხელი და სახე დაარტყმევინა მანქანის წინა საბარგულზე. მ. ი–ს ძალადობრივი ქმედებების შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადა ე. ა–სმა.
1.5. 2022 წლის 27 თებერვალს, ღამის საათებში, გ–ს რაიონის სოფელ ვ–ში, მ. ი–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მისი, როგორც მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქალის, ე. ა–ს მიმართ, შეიყვანა სახლში და უთხრა, რომ უნდა მოეკლა, გავიდა იმ ოთახში, სადაც იარაღები ჰქონდა შენახული, რა დროსაც მამა, გ. ი–ი ცდილობდა მის დამშვიდებას, მ. ი–იი უმეორებდა, რომ გაეშვა, რადგან ე. ა–ი უნდა მოეკლა. სიცოცხლის მოსპობის მუქარა ე. ა–სმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.6. 2023 წლის 9 აპრილს, ქალაქ თ–ში, ზ–ს დასახლებაში, კ–ს ქუჩა №..-ის მიმდებარედ, მ. ი–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ქალს, ე. ა–ს, კერძოდ, ე. ა–მა უსაყვედურა, თუ რატომ მიიყვანა მათი საერთო შვილი დაგვიანებით. აღნიშნულით გაღიზიანებულმა მ. ი–მა უთხრა, რომ ერთ დღესაც მის შვილს ჩამარხავდა და მასაც მოკლავდა თოფით, თებერვალში გადაურჩა და ახლა ვერავინ გადაარჩენდა. სიცოცხლის მოსპობის მუქარა ე. ა–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.7. 2021 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის 4 მაისამდე დროის პერიოდში, სისტემატურად, მ. ი–ი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულიდან გამომდინარე, უთვალთვალებდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ქალს, ე. ა–ს, რომელმაც იგი მიატოვა, ასევე, ახორციელებდა განზრახ ქმედებებს, რაც ე. ა–ს ტანჯვას იწვევდა, კერძოდ, მუდმივად ცდილობდა სოციალურ ქსელებში მის გამოწერას, უკონტროლებდა სოციალურ ქსელს, უკავშირდებოდა პირებს, ვინც მოიწონებდა ანდა კომენტარს დაუტოვებდა ე. ა–ს და უკრძალავდა მასთან ურთიერთობას, ეუბნებოდა სად იყო, ვის გამოელაპარაკა, რა ეცვა, აკითხავდა მანქანით მისამართზე. მ. ი–ს ქმედებების შედეგად ე. ა–ი განიციდიდა ტანჯვას და შეექმნა ცხოვრების წესის შეცვლის რეალური საჭიროება, კერძოდ, ფიქრობდა შეეცვალა მისამართი, უარი ეთქვა სახლიდან გასვლაზე და მუშაობაზე.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის ივნისის თვისა და 2021 წლის ზაფხულის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 9 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებებისთვის მ. ი–ს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ იქნა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა მისი დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
2.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2022 წლის 27 თებერვალს, ღამის საათებში, ქალაქ რ–ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მ. ი–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მისი, როგორც მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქალის, ე. ა–ს მიმართ, კერძოდ, იმის გამო, რომ ე. ა–მა უთხრა მისთვისაც მიეცა ტელეფონი და ნახავდა ღალატობდა თუ არა, მ. ი–ი აგრესიული გახდა მის მიმართ, უთხრა, რომ აღნიშნული არ უნდა გაებედა და სახის არეში დაარტყა ჯერ მუშტი, შემდეგ ფეხი, თმებში მოჰკიდა ხელი, დაქაჩა და ამ ფორმით შეათრია სააბაზანოში, ასხამდა წყალს გონზე მოსაყვანად, ჩაიყვანა ავტომანქანაში, მგზავრობის დროს, ქალაქ რ–ში, მ–ს ქუჩაზე თმებში მოჰკიდა ხელი და სახე დაარტყმევინა მანქანის წინა საბარგულზე. მ. ი–ს ძალადობრივი ქმედებების შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადა ე. ა–მა.
2022 წლის 27 თებერვალს, ღამის საათებში, გ–ს რაიონის სოფელ ვ–ში, მ. ი–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მისი, როგორც მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქალის, ე. ა–ს მიმართ, შეიყვანა სახლში და უთხრა, რომ უნდა მოეკლა. გავიდა იმ ოთახში, სადაც იარაღები ჰქონდა შენახული, რა დროსაც მამა, გ. ი–ი ცდილობდა მის დამშვიდებას, მ. ი–ი უმეორებდა, რომ გაეშვა, რადგან ე. ა–ი უნდა მოეკლა. სიცოცხლის მოსპობის მუქარა ე. ა–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2021 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის 4 მაისამდე დროის პერიოდში, სისტემატურად, მ. ი–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულიდან გამომდინარე, უთვალთვალებდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ქალს, ე. ა–ს, რომელმაც იგი მიატოვა, ასევე, ახორციელებდა განზრახ ქმედებებს, რაც ე. ა–ს ტანჯვას იწვევდა, კერძოდ, მუდმივად ცდილობდა სოციალურ ქსელებში მის გამოწერას, უკონტროლებდა სოციალურ ქსელს, უკავშირდებოდა პირებს, ვინც მოიწონებდა ანდა კომენტარს დაუტოვებდა ე. ა–ს და უკრძალავდა მასთან ურთიერთობას, ეუბნებოდა, სად იყო, ვის გამოელაპარაკა, რა ეცვა, აკითხავდა მანქანით მისამართზე. მ. ი–ს ქმედებების შედეგად ე. ა–სი განიციდიდა ტანჯვას და ექმნებოდა ცხოვრების წესის შეცვლის რეალური საჭიროება, კერძოდ, ფიქრობდა, რომ შეეცვალა მისამართი, უარი ეთქვა სახლიდან გასვლაზე და არ ემუშავა.
2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენით, მ. ი–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის ივნისის თვის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის ზაფხულის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 9 აპრილის ეპიზოდი) და გამართლდა.
მ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 27 თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 27 თებერვლის ეპიზოდი) და 111, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის ოქტომბრიდან 2023 წლს 4 მაისამდე ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 27 თებერვლის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 27 თებერვლის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის ოქტომბრიდან 2023 წლს 4 მაისამდე ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითსა და 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ, მ. ი–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
2.4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ი–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო. მ–მა და მოითხოვა მ. ი–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
2.5. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თინათინ სტურუამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მ. ი–იის მიმართ სრულად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ მ. ი–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ო. მ–ს და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თინათინ სტურუას სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 4 აპრილს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თინათინ სტურუამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, მ. ი–ს ყველა წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მ. ი–ს გამართლების ნაწილში უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს მ. ი–ს მიერ ბრალადწარდენილი ყველა ეპიზოდის ჩადენას. დაზარალაბულმა ე. ა–მა სასამართლოს მისცა სარწმუნო ჩვენება, რითიც დადასტურდა მის მიმართ ჩადენილი დანაშაულები. დაზარალებულის ჩვენებას ამყარებს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ამასთან, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მ. ი–ს მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, რადგან მისი დაზარალებულთან შერიგება ატარებდა ფორმალურ ხასიათს და ასევე გასათვალისწინებელია დაზარალებულის პოზიცია, რომელსაც პრეტენზია აქვს მსჯავრდებულთან.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მ. ი–ს მიერ ბრალადწარდგენილი ყველა ქმედების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ 2021 წლის ივნისისა და 2021 წლის ზაფხულის ძალადობის ფაქტებთან, ასევე 2023 წლის 9 აპრილის მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლოში წარმოდგენილია მხოლოდ ე.ა-ის ჩვენება. პალატის მიზანს არ წარმოადგენს რაიმე ფორმით მოახდინოს დაზარალებულის ჩვენების დისკრედიტაცია ან აქციოს იგი არასანდოდ, თუმცა, ამავდროულად, სასამართლოს ამოცანაა, შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების უტყუარობა ერთობლიობაში და ისე მიიღოს გადაწყვეტილება პირის დამნაშავეობა/უდანაშაულობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში კი, სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომლებიც მიუთითებდა მ. ი–ს მიერ ე. ა–ს მიმართ ზემოხსენებულ ეპიზოდებში დანაშაულებრივი ხასიათის ქმედებების ჩადენის სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება, ხოლო იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული არსებითად უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენით პირის მსჯავრდება, სასამართლოსათვის აუცილებელია დამატებითი, ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა, რომელიც დაზარალებულის ნათქვამის სისწორეს დაადასტურებს, რაც მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი არ ყოფილა.
5.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებები ფასდება დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის ცალ-ცალკე. წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდნენ არა დანაშაულთა ერთობლიობის გათვალისწინებით, არამედ თითოეული ქმედების ფარგლებში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად - რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.4. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
5.5. ბრალდების მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებებით დასტურდება 2022 წლის 27 თებერვალს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ძალადობისა და მუქარის განხორციელების ფაქტები და მ. ი–ს მიერ ე. ა–ს მიმართ ადევნება (აღნიშნულ დანაშაულებში მას მსჯავრი დაედო), ხოლო სხვა ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა მ. ი–ს მიერ 2021 წლის ივნისსა და ზაფხულში ძალადობისა და 2023 წლის 9 აპრილს მუქარის ბრალადწარდგენილ სადავო ეპიზოდებს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
5.6. რაც შეეხება მ. ი–ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები და სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 531-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, დანიშნული სასჯელი შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.9. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მამუკა ვასაძე
შალვა თადუმაძე