საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 120100122006414837
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №641აპ-24 13 სექტემბერი, 2024 წელი
კ–ე მ., №641აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის, ასევე მსჯავრდებულ მ. კ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. მ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. კ–ე (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი – გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 18 სექტემბრის ეპიზოდი – გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2022 წლის 16 სექტემბერს დაახლოებით 21:00 საათზე, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ–ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ნასვამმა მ. კ–მ, ყოფით ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ: ოჯახში ქალის როლის სტერეოტიპული დამოკიდებულების, ოჯახში მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების მიზნით, რომ იგი იყო კაცი და ყველაფერში მას უნდა დამორჩილებოდა მეუღლე, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა, არასრულწლოვანი შვილების ა. კ–ს (დაბადებული .... წელს) და მ. კ–ს (დაბადებული .... წელს) თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს თ. ჭ–სეს, რა დროსაც გაშლილი ხელი ერთხელ დაარტყა სახის მარჯვენა არეში და ოთახის ჩუსტი ესროლა თავის არეში, რითაც თ. ჭ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2022 წლის 18 სექტემბერს დაახლოებით 21:30 საათზე, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ–ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ნასვამმა მ. კ–მ, ყოფით ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ: ოჯახში ქალის როლის სტერეოტიპული დამოკიდებულების, ოჯახში მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების მიზნით, რომ იგი იყო კაცი და ყველაფერში მას უნდა დამორჩილებოდა მეუღლე, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა, არასრულწლოვანი შვილების ა. კ–ს (დაბადებული .... წელს) და მ. კ–ს (დაბადებული .... წელს) თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს თ. ჭ–ს, რა დროსაც ცხვირის არეში დაარტყა მას მუშტი, რის შედეგადაც დაზარალებული ზურგით დაეცა საძინებელ ოთახში მდგარ საწოლის წინა მხარეს სკამზე და წამიერად დაკარგა გონება, რითაც თ. ჭ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წლის 18 სექტემბერს დაახლოებით 21:30 საათზე, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ–ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ნასვამმა მ. კ–მ, ყოფით ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების – ა. კ–ს (დაბადებული .... წელს) და მ. კ–ს (დაბადებული .... წელს) თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს თ. ჭ–ს, რა დროსაც ცხვირის არეში დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც დაზარალებული ზურგით დაეცა საძინებელ ოთახში მდგარ საწოლის წინა მხარეს სკამზე და წამიერად დაკარგა გონება, რითაც თ. ჭ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2.2. ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ. კ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ასევე, 2022 წლის 18 სექტემბერს ფიზიკური ძალადობის განხორციელებას გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.
2.3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის განაჩენით, მ. კ–ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი) და გამართლდა.
მ. კ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 18 სექტემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი.
2.4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მ. კ–ს მიმართ სრულად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
2.5. განაჩენი ასევე გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ. კ–მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ. მ–მა და მოითხოვეს დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განაჩენით, ბრალდების და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 13 მაისს, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, მ. კ–ს ბრალადწარდგენილ ყველა ეპიზოდში დამნაშავედ ცნობა და მისთვის დანაშაულთა ერთობლიობით კანონიერი სასჯელის დანიშვნა.
3.3. განაჩენი ასევე გაასაჩვრეს მსჯავრდებულმა მ. კ–მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ. მ–მა და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. ბრალდების მხარის პოზიციით, გასაჩივრებული ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არსებული იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია მ. კ–ს წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობისათვის. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით: შეტყობინების აუდიო ჩანაწერით, დაზარალებულის მონაწილეობით შედგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემაკავებელი ორდერით და მისი ოქმით, მოწმე ზ. ჭ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ მ. კ–მ ჩაიდინა მის მიმართ ბრალადწარდგენილი დანაშულებრივი ქმედებები. ამასთან, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწვეტილებაში განმარტა ოჯახში ძალადობის საქმეებზე მტკიცებულებათა სტანდარტთან დაკავშირებით და შემაკავებელი ორდერის პირდაპირ მტკიცებულებად მიჩნევის თაობაზე. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა მ. კ–ს მიერ დანაშაულების ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რაც საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას დამამძიმებელი გარემოებაა.
4.2. დაცვის მხარის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის მძიმე, რადგან მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებული, ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც ისინი არ უნდა იქნენ დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. კ–სის 2022 წლის 16 სექტემბერის ეპიზოდში გამართლების თაობაზე და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.3. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულმა თ. ჭ–მ (მეუღლემ) და მოწმეებმა – ა. კ–მ და მ. კ–მ (შვილები) სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმეების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა და მოწმეებმა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მათ მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც სასამართლოში არ იქნა დადასტურებული. გარდა ამისა, არ იკვეთება, რომ მათ ამ უფლებით ისარგებლეს მ. კ–ს მხრიდან მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, დაშინების ან სხვაგვარი ზეგავლენის გამო.
5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ წერილობით მტკიცებულებებთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ ისინი მიმართულია მ. კ–ის მიერ თ. ჭ–ს მიმართ 2022 წლის 18 სექტემბერს განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის დასადასტურებლად (რაშიც მას მსჯავრი დაედო). წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება 2022 წლის 16 სექტემბერს ძალადობის ჩადენის ფაქტი, ასევე არ დგინდება დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა.
5.5. მოცემულ შემთხვევაში, მოწმე ზ. ჭ–ს ჩვენება და ზ. ჭ–ს მიერ, 2022 წლის 18 და 19 სექტემბერს, 112-ში განხორციელებული ზარის აუდიო ჩანაწერი ადასტურებს, რომ მისმა სიძემ მ. კ–მ 2022 წლის 18 სექტემბერს იძალადა მის შვილზე – თ. ჭ–მ. აღნიშნულის თაობაზე კი მისთვის ცნობილი გახდა შვილისშვილისგან, რაც მოგვიანებით სატელეფონო საუბრისას დაუდასტურა შვილმა. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა მ. კ–ს მიმართ ბრალადწარდგენილ 2022 წლის 16 სექტემბრის ძალადობის ეპიზოდს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
5.6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებები ფასდება დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის ცალ-ცალკე. წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდნენ არა დანაშაულთა ერთობლიობის გათვალისწინებით, არამედ თითოეული ქმედების ფარგლებში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.7. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
5.8. რაც შეეხება 2022 წლის 18 სექტემბერს განხორციელებული ძალადობის გენედრული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენას, საკასაციო პალატის მიუთითებს, რომ გენდერის ნიშნით დისკრიმინაცია გულისხმობს პიროვნების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქცევას მხოლოდ იმიტომ, რომ ის ერთი გენდერის წარმომადგენელია და არა – მეორის. ის ძირითადად მომდინარეობს იმ სტრერეოტიპებიდან, რომელთა მიხედვითაც ერთი სქესის ადამიანი მეორე სქესის ადამიანზე უფრო მაღლა დგას. ხშირ შემთხვევაში დისკრიმინაცია გამოიხატება ქალსა და მამაკაცს შორის არსებულ უთანასწორო ძალაუფლებრივი მდგომარეობით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩინების სურვილით, რაც დადასტურებული უნდა იქნეს მტკიცებულებებით. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი, არ დასტურდება, რომ მ. კ–მ გენდერული ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით იძალადა მეუღლეზე თ. ჭ–ზე. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას არ შეიცავს საქმეში წამოდგენილი არცერთი მტკიცებულება.
5.9. რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას მ. კ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები და სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მ. კ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რომელსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის, ასევე მსჯავრდებულ მ. კ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. მ–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მამუკა ვასაძე
შალვა თადუმაძე