საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.09.2024
საქმის ნომერი
2კ-665აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.09.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N060100123007555857

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №665აპ-24 18 სექტემბერი, 2024 წელი

ა-ი მ., №665აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ა–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების ლ. ს–ს და გ. ქ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. ა–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როცა ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფება, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2014 წლის ნოემბრის თვის დასაწყისში, ს–ში, გ. მ–მა ინტერნეტ აუქციონით მოგებული ,,Kia Sportage“-ის მარკის ავტომობილის შესყიდვისა და ს–ში ჩამოყვანის მიზნით მ. ა–ს პირადად გადასცა 17529 ლარის ოდენობით ფულადი თანხა (10000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში). მ. ა–მა შპს ,,კ–ს ა–ს“ ანგარიშზე სხვადასხვა დროს შეიტანა საერთო ჯამში 7957,01 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 9571,99 ლარი მიითვისა, რის შედეგადაც გ. მ–ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 თებერვლის განაჩენით მ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი. მასვე, 1 წლით აეკრძალა საქართველოში იმპორტით ნივთის შემოტანასთან დაკავშირებით საშუამავლო საქმიანობა.

2.2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 თებერვლის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლეილა კვერნაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.

2.3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 თებერვლის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ასევე გაასაჩივრეს მსჯავრდებულ მ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ლ. ს–მ, გ. ქ–მ და თ. ჟ–მ, რომლებმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და წარდგენილი ბრალდებით მ. ა–ს უდანაშაულოდ ცნობა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 თებერვლის განაჩენი.

3.2. 2024 წლის 2 მაისს, მსჯავრდებულმა მ. ა–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ლ. ს–მ და გ. ქ–მ საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მ. ა–ს უდანაშაულოდ ცნობა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. კასატორების პოზიციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი უკანონოა, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ მ. ა–ს გამოკითხვის ოქმები დაუდო საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს მაშინ როდესაც ბრალდების მხარემ ისარგებლა მისთვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილებით და უარი განაცხადა ბრალდებულის დაკითხვაზე (მოხსნა). ამ მიზეზით ბრალდებულის სასამართლო სხდომაზე დაკითხვა არ მომხდარა, რის გამოც არ შეიძლებოდა მ. ა–ს გამოკითხვის ოქმები საფუძვლად დადებოდა სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს და მისცემოდა მტკიცებულებითი მნიშვნელობა. ამასთან, როგორც პირველი, ასევე სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანი უნდა ყოფილიყო მსჯავრდებულის მიერ თანხის ნაწილის დატოვება შეიცავს თუ არა დანაშაულის ნიშნებს. მსჯავრდებული თანხის ნაწილის დატოვებისას მოქმედებდა არა ანგარებითი მოტივით, არამედ მისთვის 2014 წლის 7 ნოემბერს დადებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში კერძოდ, ხსენებული ხელშეკრულების 6.20 პუნქტის თანახმად, მომხმარებელი (იგივე მსჯავრდებული) ვალდებული იყო ხელშეკრულების თარიღიდან, ანუ 2014 წლის 7 ნოემბრიდან არაუგვიანეს 8 კალენდარული თვის განმავლობაში სრულად გადაეხადა იმპორტიორისათვის (კომპანიისათვის) ნასყიდობის თანხა, ხოლო 8 თვიანი ვადა გადიოდა 2015 წლის 7 ივლისს, ანუ მსჯავრდებულს 2015 წლის 7 ივლისამდე ჰქონდა კომპანიისათვის მთლიანი თანხის მიწოდების ვალდებულება, მაგრამ რატომღაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მას ეს უფლება წაართვა და დანაშაულად (მითვისებად) ჩაუთვალა ის, რომ მან ისარგებლა ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებით – დაეყოვნებინა თანხის გადარიცხვა. ასევე სასამართლო თავის განაჩენში აღნიშნავს, რომ დაზარალებული არ იყო ინფორმირებული თანხის ნაწილის დატოვებასთან დაკავშირებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ არც სისხლის სამართლის კოდექსში და არც სხვა იურიდიულ ლიტერატურაში კანონმდებელი მითვისების ჩადენას არ უკავშირებს იმას, დაზარალებულმა იცოდა რაიმე თუ არა. ხსენებული მუხლის სამართლებრივი ანალიზით აშკარაა, რომ დანაშაულს წარმოადგენს არა დაზარალებულის ინფორმირება, არამედ დამნაშავის სურვილი და განზრახვა, თავისად აქციოს სხვისი ქონება, რის გამოც იგი იყენებს მითვისებას, როგორც ამ დანაშაულის ჩადენის ხერხს. ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა ვერ უზრუნველყო დარჩენილი თანხის კომპანიისათვის, თუნდაც ხელშეკრულების 6.20 პუნქტით დადგენილ ვადაში მიწოდება განპირობებულია იმით, რომ აღნიშნული თანხა მ. ა–სმა მოახმარა ავტომობილის რემონტს და ახალი ძრავის შეძენას, რაც სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა. მითითებულის გათვალისწინებით დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. სახეზეა მხოლოდ ეჭვი, რაც სასამართლოს ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაეწყვიტა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად გამოიკვლია მსჯავრდებულის ქმედებების სამართლებრივი შეფასებისათვის რელევანტური ყველა ფაქტობრივი ასპექტი. ასევე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქმედების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას.

5.3. სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია წარმოდგენილი მტკიცებულებები, მ. ა–ს მიმართ ინკრიმინირებული ქმედების კვალიფიკაციის სამართლებრივი ელემენტები და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის ქმედება შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა არარსებობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ნათლად და ერთმნიშვნელოვნად უპასუხეს დაცვის მხარეს, სასამართლოებმა გადაწყვეტილებებში მიუთითეს იმ ძირითად არგუმენტებზე, რის გამოც არ გაიზიარეს დაცვის მხარის პოზიცია მსჯავრდებულის უდანაშაულობასთან მიმართებით.

5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულ – გ. მ–ს ჩვენებაზე და მოწმე ქ. მ–ს გამოკითხვის ოქმზე რომლითაც დადგენილია, რომ 2014 წლის ნოემბრის თვის დასაწყისში, სამტრედიაში, გ. მ–მა ინტერნეტ აუქციონით მოგებული „Kia Sportage“-ის მარკის ავტომობილის შესყიდვისა და ს–ში ჩამოყვანის მიზნით მ. ა–ს–ს პირადად გადასცა 17529 ლარის ოდენობით ფულადი თანხა (10000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში). შპს კ–ს ა–ს“ დირექტორის ა. ვ–ას ჩვენებით და მის მიერ გაცემული წერილით დადასტურებულია, რომ საქართველოს მოქალაქემ მ. ა–მა, უცხოეთში გამართულ ავტო აუქციონზე, შეარჩია, შეიძინა და ითხოვა ავტომობილის (გამოშვების წელი - 2011; მარკა - KIA; მოდელი Sportage; ვინ ნომერი - ..........) ტრანსპორტირება ს–ში. მან სამ ნაწილად გადაიხადა ავტომობილის ღირებულება: 1. 2014 წლის 10 ნოემბრის გადახდა 7488,01 ლარი (სალაროს შემოსავლის ორდერი №...........); 2. 2014 წლის 11 ნოემბრის გადახდა 263,43 ლარი (სალაროს შემოსავლის ორდერი №............); 3. 2015 წლის 31 იანვარს გადახდა 205,57 ლარი (სალაროს შემოსავლის ორდერი №..........); ჯამში – 7957,01 ლარი. დარჩენილი თანხის გადახდა განხორციელდა საკრედიტო ორგანიზაცია „კ–ს კ–ის“ მიერ. დაზარალებულის ჩვენებითა და ქ. მ–ს გამოკითხვის ოქმით, ასევე დადასტურებულია, რომ მ. ა–სათვის გ. მ–ს მხრიდან გადაცემულ თანხაში შედიოდა მანქანის განბაჟება, ნომერი და ყველა ხარჯი. ამასთან,გ. მ–მა რამდენჯერმე სთხოვა მანქანის გადაფორმება მ. ა–ს, თუმცა მსჯავრდებული ატყუებდა, რომ დოკუმენტები აკლდა, საბოლოოდ, მისმა შვილმა (ქ. მ–მა) გაარკვია, რომ „კ–ს ა–ში“ ეს მანქანა იყო დაყადაღებული, გირავნობით იყო ჩამოსული და ვინაიდან, თანხა სრულად არ იყო გადახდილი მანქანას ვერ გადაიფორმებდა. როგორც მისთვის ცნობილია მ. ა–მა მხოლოდ 4500 აშშ დოლარი გადაიხადა, ხოლო დანარჩენი გირაოთი ჩამოიყვანა. გარდა ხსენებული 10000 აშშ დოლარისა, ასევე გადაიხადა განბაჟების თანხა – 3500 ლარი, სანქცია და საურავი და საბოლოოდ ეს მანქანა დაუჯდა 14500 აშშ დოლარი. დაზარალებულის ჩვენებით, ასევე დადასტურებულია, რომ მ. ა–მა ნაწილობრივ აუნაზღაურა ზიანი.

5.5. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულის უდანაშაულობას ადასტურებს ის გარემოება, რომ 2014 წლის 7 ნოემბერს დადებული ხელშეკრულებით მას ჰქონდა მინიჭებული უფლებამოსილება, ხელშეკრულების თარიღიდან, ანუ 2014 წლის 7 ნოემბრიდან არაუგვიანეს 8 კალენდარული თვის განმავლობაში სრულად გადაეხადა იმპორტიორისათვის (კომპანიისათვის) ნასყიდობის თანხა. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მითვისებისათვის. აღნიშნული მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. მითვისებისათვის დამახასიათებელია ის, რომ დანაშაულის სუბიექტს უფლება აქვს ქონება ჰქონდეს მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში და მისი ქმედება მიმართული უნდა იყოს მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში არსებული ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისკენ. პირი (დანაშაულის სუბიექტი) ქონების მართლზომიერ მფლობელობას ან გამგებლობას უნდა ახორციელებდეს სამსახურებრივი მოვალეობის, სახელშეკრულებო ურთიერთობის ან სპეციალური დავალების საფუძველზე. დანაშაულის სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას – პირს შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ ითვისებს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი, უნდა ითვალისწინებდეს, რომ ამ მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და მას უნდა სურდეს მესაკუთრისათვის აღნიშნული ზიანის მიყენება. ქმედების მითვისებად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

5.6. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებითა და წერილობითი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ მ. ა–ს მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა დაზარალებულის მიერ, ინტერნეტ აუქციონით მოგებული ,,Kia Sportage“-ის მარკის ავტომობილის შესყიდვისა და საქართველოში ჩამოყვანისათვის გადაცემული თანხა 10000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, საიდანაც მსჯავრდებულმა შპს ,,კ–ს ა–ს“ ანგარიშზე სხვადასხვა დროს შეიტანა საერთო ჯამში 7957,01 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 9571,99 ლარი საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგა - რისი უფლებამოსილებაც მას არ გააჩნდა, ვინაიდან უნდა გადაეხადა აუქციონზე შეძენილი ავტომობილის სრული გადასახადი. შესაბამისად, მ. ა–ი არის საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტი და სახეზეა დანაშაულის – მითვისების შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.

5.7. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა არარსებობის თაობაზე, რაც გამორიცხავს მ. ა–ს დამნაშავეობას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ კუმულაციურად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, როგორიცაა: მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების თითოეულ ეპიზოდში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შეთანხმებულ, ურთიერთთავსებად უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, ყველა ის არგუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც დაცვის მხარე გამორიცხავს მ. ა–ს ბრალეულობას, გონივრულ ეჭვს მიღმა გაქარწყლებულია წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი ანალიზით.

5.8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე უფლებამოსილია, წარმოადგინოს მტკიცებულებები და არგუმენტები, რომლებიც დაეხმარება სასამართლოს კრიტიკულად შეაფასოს ბრალდების მხარის მტკიცებულებები და დაუპირისპიროს ისინი ერთმანეთს, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში დაცვის მხარეს, ქვედა ინსტანციის სასამართლოებში არ წარმოუდგენია წონადი მტკიცებულება, რაც საეჭვოს გახდიდა მ. ა–ს მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას და საეჭვოს გახდიდა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების სანდოობას.

5.9. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო დაეყრდნო მ. ა–ს გამოკითხვის ოქმებს, რაც დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა ბრალდების მხარემ - საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღების დროს არ დაყრდნობია მ. ა–ს გამოკითხვის ოქმებს და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგინა მ. ა–ს მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ა–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების ლ. ს–ს და გ. ქ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე