საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100123007471847
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №801აპ-24 ქ. თბილისი
ვ. მ. 801აპ-24 23 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ვ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – კ. ჩ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ვ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ და მე-5 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ვ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 24 სექტემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა მ. ვ–მა, მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება - 0,65865 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება, 2023 წლის 26 აპრილს, ქ. თ–ში, სოფელ ფ–ში, მ–ს ქუჩის №..-ში უკანონოდ გაასაღა მ. კ–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 იანვრის განაჩენით:
3.1.მ. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. მ. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ. ვ–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.4. მ. ვ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
3.5.მ. ვ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 18 მაისიდან;
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ვ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ. ჩ–მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 იანვრის განაჩენი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ვ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ. ჩ–მ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისის განაჩენის გაუქმებას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულის გამართლება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ და მე-5 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომელიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც მ. ვ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ და მე-5 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, დაცვის მხარის ყველა არგუმენტზე.
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მ. ვ–ს მიერ დანაშაულების – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების, ჩადენილი დიდი ოდენობით, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული – ჩადენა და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: მოწმე – მ. კ–ს ჩვენებით, 2023 წლის 26 აპრილის ფარული აუდიო/ვიდეოჩანაწერით, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი – 2023 წლის 26 აპრილის ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების ოქმით, 2023 წლის 26 აპრილის ამოღების ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის N........... დასკვნით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის N..... დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ. ვ–მა ჩაიდინა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები.
10.1. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და ითვალისწინებს, რომ მოწმე მ. კ–ს ჩვენება თანხვედრაშია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან და ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ 2023 წლის 26 აპრილის აუდიო-ვიდეოჩანაწერებთან (რომელსაც ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება). სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მ. კ–მ საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში მ. ვ–საგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 2023 წლის 26 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად საქართველოს შსს თანამშრომლებმა ამოიღეს მ. კ–საგან. ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ქიმიური ექსპერტიზის N.......... დასკვნით წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება – ჰეროინს.
10.2. დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს სასამართლო დაცვის მხარის პოზიციას ნარკოტიკული საშუალების შეცვლის შესახებ (დაცვის მხარისა და მსჯავრდებულ მ. ვ–ს პოზიციით მ. ვ–მა მ. კ–ს გადასცა მარიხუანა და არა ჰეროინი, რასაც აღიარებს (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ოქტომბრის სხდომის ოქმი)), ვინაიდან, აღნიშნულის დამადასტურებლად რაიმე მტკიცებულება ან არგუმენტირებული მსჯელობა დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი კრებსების თანახმად (ვიდეოჩანაწერი და კრებსები გამოკვლეული იყო არსებით სასამართლო სხდომაზე), მ. ვ–მა მ. კ–ს გადასცა მრგვალი ფორმის ყვითელ ცელოფანში გამოკრული ნივთი მუქი ფერის შიგთავსით ( იხ. ტ.1, ს.ფ.66), ამოღების ოქმს ( იხ. ტ.1, ს.ფ.32-34) – რომლის თანახმად მ. კ–ს მიერ მ. ვ–საგან ნარკოტიკული საშუალების შეძენიდან მალევე ამოიღეს – 1 ცალი მოყვითალო ფერის პოლიეთილენის პარკის წონაკი, მასში არსებული ნივთიერებით, რომელიც დაილუქა სპეცპაკეტში, ლუქის N ............, რომელიც იმავე ლუქის ნომრით ............ წარედგინა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ქიმიური ექსპერტიზის განყოფილებას. ქიმიური ექსპერტიზის N ........... დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო 1 ცალი N ............ პაკეტი (შეფუთვის და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ იყო), რომელშიც აღმოჩნდა ყვითელი ფერის პოლიეთილენის პარკის ნაჭრებში დაფასოებული ყავისფერი, სპეციფიკური სუნის ნივთიერება (იხ.: უდავო მტკიცებულება – ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა (ტ.1, ს.ფ.48-53)). ამასთან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მ. კ–სის მხრიდან არ იკვეთება მ. ვ–ს მიმართ დაინტერესება; არც დაცვის მხარეს მიუთითებია რაიმე საფუძველი, თუ რა მიზეზით უნდა მიეცა მ. კ–ს მ. ვ–ს მამხილებელი ცრუ ჩვენება.
11. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მ. ვ–ს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ. ვ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ და მე-5 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
13. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ვ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – კ. ჩ–ს საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი