საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100123008020854
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №851აპ-24 19 სექტემბერი, 2024 წელი
უ–ი ტ., №851აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ტ. უ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ–ს, ასევე საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ირაკლი ჩაჩანიძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ტ. უ–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) და საქართველოს სსკ-ის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესის დარღვევა, რასაც თან ახლდა დაზარალებულის პატივის ან ღირსების დამცირება, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. ქალაქ გ–ში ც–ს .... თავდაცვის აკადემიის მესამე კურსის იუნკერმა ტ. უ–მა, ამავე აკადემიის ტერიტორიაზე უკანონოდ შეიტანა გლუვლულიანი სანადირო თოფი, რომელსაც აკადემიის ტერიტორიაზე მდებარე .... კურსის ყაზარმის მისივე საცხოვრებელ N.. ოთახში ინახავდა. 2023 წლის 16 ივნისს დაახლოებით 01:25 საათზე, ტ. უ–სი სანადირო თოფით ხელში შევიდა ამავე ყაზარმის N..-ე საცხოვრებელ ოთახში სადაც, მასთან ურთიერთდაუქვემდებარებული სამხედრო მოსამსახურეები, ამავე კურსის იუნკერები ლ. დ–ი და გ. ი–ე ლოგინში იწვნენ. ოთახში ტ. უ–მა ლ. დ–ს მიმართა თუ რატომ მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა, საუბარი შელაპარაკებაში გადაიზარდა, ინციდენტში გ. ი–ე ჩაერთო და ტ. უ–ს მოუწოდა დამშვიდებულიყო, თან ლოგინიდან წამოდგა, ამის საპასუხოდ ტ. უ–მა გ. ი–სკენ მიმართა სანადირო თოფი, ისე რომ საჩვენებელი თითი სასხლეტზე ჰქონდა დადებული და გ. ი–ს უთხრა გაჩერებულიყო თორემ ესროდა, ამ უკანასკნელმა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულის შემდეგ ტ. უ–მა სანადირო თოფი ლ. დ–სკენ მიმართა და განახორციელა ერთი გასროლა მისი მიმართულებით, რა დროსაც ლ. დ–ს მარცხენა ფეხის ბარძაყის არეში ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა. აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ ტ. უ–სი მის ხელთ არსებული სანადირო თოფით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 თებერვლის განაჩენით, ტ. უ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
საქართველოს სსკ-ის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ტ. უ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ტ. უ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს. კ–მ და მოითხოვა მსჯავრდებულისთვის მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ვადის განსაზღვრა და დანიშნულ სასჯელზე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გავრცელება.
2.3. განაჩენი ასევე გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორმა ირაკლი ჩაჩანიძემ და მოითხოვა ტ. უ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განაჩენით დაცვის და ბრალდების მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 20 ივნისს საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ირაკლი ჩაჩანიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და ტ. უ–სთვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.
3.3. 2024 წლის 19 ივნისს მსჯავრდებულ ტ. უ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს. კ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და ტ. უ–სთვის დანიშნულ სასჯელზე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გავრცელება.
3.4. ბრალდების მხარემ წარმოდენილი შესაგებლით მოითხოვა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. დაცვის მხარის პოზიციით, საქმეში წარმოდგენილი შემამსუბუქებელი გარემოებები – ტ. უ–ს მიერ დანაშაულის აღიარება, გამოძიებათან თანამშრომლობა, ის ფაქტი, რომ ტ. უ–ი არ არის ნასამართლევი იძლევა დანიშნულ სასჯელზე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გავრცელების შესაძლებლობას.
4.2. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ტ. უ–ს მიმართ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი და სამართლებრივად დაუსაბუთებელი, რადგან მსჯავდებულს ჩვენება არ მიუცია და მისი მხრიდან აღიარება შემოიფარგლა საბოლოო სიტყვაში წარდგენილ ბრალდებაზე დათანხმებით და არ უსაუბრია ჩადენილი დანაშულის მოტივზე. ბრალდების მხარე მიუთითებს, რომ ტ. უ–სის მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ვერ იქნება შემაკავებელი ხასიათის.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ტ. უ–ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე და 531-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ტ. უ–ს მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენისთვის განუსაზღვრა მუხლის შესაბამისი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
5.5. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ტ. უ–ს არ უთანამშრომლია გამოძიებასთან, შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლის საფუძველი.
5.6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ტ. უ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ–ს, ასევე საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ირაკლი ჩაჩანიძის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე