საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100123007600565
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №888აპ-24 ქ. თბილისი
მ. ვ. 888აპ-24 11 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილისა და მსჯავრდებულ ვ. მ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. მ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. მ–ს, – დაბადებულს 19.. წელს – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
2.1. 2023 წლის 8 ივნისს, საღამოს საათებში, ქალაქ გ–ში, ს–ს ქუჩის მე-.. შესახვევის №..-ში მდებარე საცხოვრებელში, ვ. მ–სი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს - ი. მ–ს, კერძოდ უთხრა, რომ მისი ჩვენების გამო ციხეში გატარებულ წლებს არ აპატიებდა და მოკლავდა, რაზეც ი. მ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2.2. 2023 წლის 8 ივნისს, საღამოს საათებში, ქალაქ გ–ში, ს–ს ქუჩის მე-.. შესახვევის №..-ში მდებარე საცხოვრებელში, ვ. მ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ლ. მ–ს, კერძოდ უთხრა, რომ მისი ჩვენების გამო ციხეში გატარებულ წლებს არ აპატიებდა და მოკლავდა, რაზეც ლ. მ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 მარტის განაჩენით:
3.1. ვ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ი. მ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. ვ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ლ. მ-ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ, ვ. მ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.4. ვ. მ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 9 ივნისიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა:
4.1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა მოითხოვა ცვლილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 მარტის განაჩენში და მსჯავრდებულ ვ. მ–ს მიმართ მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;
4.2. მსჯავრდებულ ვ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. მ–მა მოითხოვა ვ. მ–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 ივნისის განაჩენით ვ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
5.1. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ი. მ–ს ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.2. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ლ. მ–ს ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, ვ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.4. მსჯავრდებულ ვ. მ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2023 წლის 9 ივნისიდან.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 სექტემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 ივნისის განაჩენში აღმოიფხვრა უზუსტობა, კერძოდ:
„საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, ვ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
7.1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლაშა მერაბიშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს ცვლილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 ივნისის განაჩენში სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, ვ. მ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას;
7.2. მსჯავრდებულ ვ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ი. მ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 ივნისის განაჩენის გაუქმებას, ვ. მ–ს უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში –საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ითხოვს ვ. მ–ს სასჯელის დამძიმებას, დაცვის მხარე კი ითხოვს ვ. მ–ს უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეებმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების/ცვლილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართეს იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია ჩამოყალიბებული, იმავდროულად, არ ეთანხმება კასატორების მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ვ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
11. დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ: სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ ვ. მ–ს მუქარა დაზარალებულებმა რეალურად აღიქვეს და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში – საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას; დაცვის მხარის მიერ დასახელებული ვერსია მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ დაუსაბუთებელია და წარმოადგენს კასატორის უსაფუძვლო პოზიციას.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, რაც შესაძლოა, დაირღვეს, როდესაც დაზარალებულს ემუქრებიან ძალადობრივი ქმედების ჩადენით და მუქარის ფორმა ადრესატს უქმნის მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშს. ამასთან, მუქარა თავისი ფორმით, განხორციელების ვითარებით და განმახორციელებელი სუბიექტის გათვალისწინებით ადრესატს უქმნის მუქარის განხორციელების რეალურობის განცდას.
13. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დაზარალებულების: ი. მ–სას, ლ. მ–სას, მოწმე: გ. ა–ს ჩვენებებით, N........... შეტყობინებით) დასტურდება ვ. მ–ს ქმედებით დაზარალებულებისათვის მუქარის განხორციელების შიშის საფუძვლიანობა.
14. დაზარალებულების ი. მ–სა და ლ. მ–ს ჩვენებებით დგინდება, რომ ოჯახური დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი ვ. მ–ი სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ მივიდა მათ საცხოვრებელ სახლში და განაწყენებული იმის გამო რომ შვილზე (ი. მ–ვა) ძალადობის გამო მოუწია სასჯელის მოხდა, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვებისთანავე მივიდა მათთან სახლში და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რასაც შეესწრო ოჯახის მეგობარი გ. ა., რომელიც ვ. მ–ს შვილმა ს. მ–მა (რომელიც ს–ში არ იმყოფებოდა) გააგზავნა ი. მ–სა და ლ. მ–ს საცხოვრებელ სახლში. იმ მიზნით, რომ სანამ თვითონ ს–ში დაბრუნდებოდა დაეცვა დედა და და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსული მამის – ვ. მ–საგან მომავალი საფრთხისგან.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულების ი. მ–სა და ლ. მ–ს ჩვენებები სრულად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერს განვითარებულ მოვლენებს, არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, აკმაყოფილებს მტკიცებულების შეფასების ყველა სტანდარტს და თანხვდენილია საქმეში არსებული თვითმხილველი მოწმის გ. ა-ს ჩვენებასთან.
16. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ვ. მ–ს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ვ. მ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები.
17. კასატორი ბრალდების მხარის მოთხოვნაზე, მსჯავრდებულ ვ. მ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
18. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას (ძირითად სასჯელად არ შეიძლება დაინიშნოს 111-ე მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის) ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მოცემულ შემთხვევაში ჩადენილი დანაშაულის კატეგორიის, დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ვ. მ–ს საქართველოს სსკ-ის მე-17 და 58-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით განუსაზღვრა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი თავისუფლების აღკვეთა – 2 წლით, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
19. სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული რესოციალიზაციის და პრევენციის მიზნების არსს; იმ გარემოებას, რომ რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში; ახალი დანაშაულის თავიდან აცილება კი ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში, სადაც სპეციალური პრევენცია მიმართულია რეციდივის წინააღმდეგ, რათა დამნაშავეს მოესპოს ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა ან მოხდეს მათი მინიმალიზება. ზოგადი პრევენცია კი გულისხმობს დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველისათვის იმის დემონსტრირებას, თუ რა შეიძლება მათ ელოდეთ ანალოგიური ქმედების ჩადენის შემთხვევაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება).
20. სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი ქმედებების ხასიათს, შედეგებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზანს, ხერხს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს, ზომას და იზიარებს გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული როგორც სასჯელის სახეს, ასევე - ოდენობას.
21. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
23. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
24. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
25. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილისა და მსჯავრდებულ ვ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. მ–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 ივნისის განაჩენზე ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე