საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.09.2024
საქმის ნომერი
2კ-36-I-24
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
27.09.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100124009242306

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №36I-24 ქ. თბილისი

კ–ი რ., 36I-24 27 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 აგვისტოს განჩინებაზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: რ. კ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2.1. 2024 წლის 7 აპრილს, დღის საათებში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ....ს მიმდებარედ ე.წ „........ის“ ტერიტორიაზე, რ. კ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ე. რ–ს, კერძოდ, ავტომანქანაში მჯდომს ხელი ჩაავლო ტანსაცმელში და ძლიერად მოჰქაჩა, ასევე უკბინა ცერა თითზე, ჯოხი დაარტყა ხელში და ფეხი რამდენჯერმე ჩაარტყა ფეხის არეში, რ. კ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე მყოფ ე. რ–ს მეუღლეს - კ. რ–ს, რომელსაც ხელი ჩაავლო და ჩამოჰკაწრა ხელის არეში. რ. კ–სის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების შედეგად ე. და კ. რ–ებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი;

2.2. 2024 წლის 7 აპრილს, დღის საათებში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ....ს მიმდებარედ ე.წ ........ ტერიტორიაზე, რ. კ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ე. რ–ს, კერძოდ, ავტომანქანაში მჯდომს ხელი ჩაავლო ტანსაცმელში და ძლიერად მოჰქაჩა, ასევე უკბინა ცერა თითზე, ჯოხი დაარტყა ხელში და ფეხი რამდენჯერმე ჩაარტყა ფეხის არეში, ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. ე. რ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.3. 2024 წლის 7 აპრილს, დღის საათებში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ....ს მიმდებარედ ე.წ „............ის“ ტერიტორიაზე, რ. კ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ე. რ–ს და მის მეუღლეს - კ. რ–ს. კონფლიქტის დროს, რ. კ–მა კ. რ–ს ხელიდან გამოჰგლიჯა „აიფონის“ მოდელის მობილური ტელეფონი, ტრაქტორზე დარტყმით დაუზიანა, შემდგომ კი, გატეხილ მდგომარეობაში მობილური ტელეფონი გადაუგდო სანიაღვრე არხში, რითაც კ. რ–ს მიაყენა 2000 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

3. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა შუამდგომლობით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მასსა და ბრალდებულ რ. კ–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

3.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობის თანახმად, 2024 წლის 11 ივლისს პროკურატურამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბრალდებულმა რ. კ–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, ითანამშრომლა გამოძიებასთან და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტების, ჩადენილი დანაშაულისა და მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმის, დანაშაულის ხასიათის, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების, ბრალდებულის ნასამართლობისა და მისი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ბრალდებულ რ. კ–სა და რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორს შორის წერილობით დაიდო საპროცესო შეთანხმება ბრალზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 ივლისის განჩინებით რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის შუამდგომლობა, ბრალდებულ რ. კ–ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 ივლისის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მხარეთა შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმების წარმოდგენილი ფორმით დამტკიცება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 აგვისტოს განჩინებით რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 ივლისის განჩინება საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის შესახებ დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 აგვისტოს განჩინების გაუქმებას და ბრალდებულ რ. კ–სთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების წარმოდგენილი ფორმით დამტკიცებას.

8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არის მტკიცებულებები, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

10. სასამართლო ითვალისწინებს დადგენილებას პირის ბრალდების შესახებ, რომლის თანახმადაც რ. კ–ს ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 126-ე 11-ელი მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული – ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, ორი პირის მიმართ და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული – მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ.

11. დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, რ. კ–ს მიერ ჩადენილი ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტზე, დაზარალებულად ცნობილია ე. რ–ი (იხ.: ტ.1, ს.ფ. 116-117), როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც რ. კ–ს მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგად მიადგა ფიზიკური, მორალური და ქონებრივი ზიანი.

12. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებული ე. რ–ს 2024 წლის 7 აპრილის გამოკითხვის ოქმს, სადაც დაზარალებული უთითებს, რომ ერთი წლის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, ორივე ქვედა კიდურში და დასჭირდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მოტეხილობები ჰქონდა ორივე ქვედა სახსარში და ჩაუტარდა ოპერაცია, რის შემდეგაც არის დროებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, თუმცა სტატუსი არ აქვს, რადგან არ მიუმართავს სტატუსის მისაღებად საჭირო დაწესებულებისათვის, სარგებლობს სპეციალური ლითონის სარტყლით, რადგან დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს (იხ.: ტ.1, ს.ფ. 13-17).

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“ არის სამართლებრივი ტერმინი, ამასთან, კანონმდებლობა ადგენს როგორც აღნიშნული ჯგუფისადმი პირის მიკუთვნების წინაპირობებს და წესს, ასევე - აღნიშნულ ჯგუფთან დაკავშირებულ სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მათი ექსპლუატაციისგან, ძალადობისგან, არასათანადო მოპყრობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის მიზნით.

14. ,,სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ასევე ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.

14.1. ,,სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ძირითადი ამოცანაა ადამიანის ქმედუნარიანობის შეზღუდვის ხარისხის განსაზღვრა და, აქედან გამომდინარე, შესაძლებლობის შეზღუდვის გამომწვევი მიზეზის, გადამოწმების ვადისა და დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის სხვადასხვა სახის განსაზღვრა.

14.2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანების მე-4 მუხლის თანახმად, პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენას საფუძვლად უდევს კლინიკურ-ფუნქციონალური, სოციალური, პროფესიულ-შრომითი და ფსიქოლოგიური მონაცემების კომპლექსური შეფასება. დაავადებების, ტრავმების, ანატომიური და გონებრივი დეფექტების, ფუნქციური დარღვევების მიხედვით, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის დროს, ამ ინსტრუქციის მე-9 და მე-10 მუხლების შესაბამის პუნქტებში და ქვეპუნქტებში მითითებული დაავადებების, ტრავმების, ანატომიური და გონებრივი დეფექტებისა და ფუნქციური დარღვევების გათვალისწინებით, მონაწილეობას იღებენ ექიმი-სპეციალისტები თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი 11). ამავე ბრძანების მე-31 მუხლის თანახმად, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნა გამოაქვს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას (შემდგომში - დაწესებულება) ამ ინსტრუქციის მე-32 მუხლის შესაბამისად, რომელსაც შერჩევის საფუძველზე 2 წლის ვადით გადაეცემა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის უფლება.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების მოცემული დამამძიმებელი გარემოებით –წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ – კვალიფიკაციისათვის დაზარალებულ პირს უნდა ჰქონდეს კანონით დადგენილი წესით მინიჭებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაზარალებულ ე. რ–ს არ მიუმართავს სამინისტროსათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის განსასაზღვრად; შესაბამისად, დადგენილ პროცედურებს ადგილი არ ჰქონია და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის თავად დაზარალებულ ე. რ–ს გამოკითხვის ოქმით) დასტურდება, რომ მას არ აქვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი და არ არის წარმოდგენილი მისთვის მინიჭებული სტატუსის დამდგენი დოკუმენტი. შესაბამისად, რ. კ–ს ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 126-ე 11-ელი მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან.

16. სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ კანონმდებლობით აღნიშნული სტატუსის მიმნიჭებელი სუბიექტის და პროცედურის მკაფიოდ განსაზღვრის, საკითხისადმი კომპლექსური სამედიცინო კვლევის და სპეციალური ცოდნის საჭიროების გათვალისწინებით, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს პირის კუთვნილება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კატეგორიისადმი (მაგალითისთვის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 1 ივნისის 208აპ-23 განაჩენი), რის გამოც

17. აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. იმავდროულად, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ხელს არ უშლის ბრალდების მხარეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართალწარმოების ფარგლებში განმეორებით მიმართოს უფლებამოსილ სასამართლოს ( ბრალდების კვალიფიკაციის დაზუსტების ან/და დაზარალებულის მიერ ზემოაღნიშნული წესით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მოპოვების შემდეგ) საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შუამდგომლობით.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი