ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100124008620541
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1165აპ-24 ქ. თბილისი
ნ. ი. 1165აპ-24 19 ნოემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 7 აგვისტოს განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ნ–ს, – პირადი №........., – ბრალად ედებოდა:
1.1. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი);
1.2. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ნ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2023 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე ი. ნ–ე გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალზე მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, მობილური ტელეფონის მეშვეობით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფ ჯ. ფ–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.2. 2023 წლის 16 დეკემბერს, ღამის საათებში ი. ნ–ე გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალზე მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, მობილური ტელეფონის მეშვეობით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფ ჯ. ფ–სს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.3. 2023 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე ი. ნ–სე გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალზე მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, მობილური ტელეფონის მეშვეობით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბ...., ჭ.... მიმდებარედ მყოფ ჯ. ფ–სს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.4. 2023 წლის 15 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით დროის პერიოდში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი მდგომარეობისა და ქალზე მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, ი. ნ–ე მობილური ტელეფონის მეშვეობით, ფსიქიკურად – სიცოცხლის მოსპობის მუქარით, აიძულებდა ბ.... მყოფ ჯ. ფ–სს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მასთან სასიყვარულო ურთიერთობას.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 მარტის განაჩენით ი. ნ–სეს წარდგენილი ბრალდებიდან ამოირიცხა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კვალიფიკაცია (სამი ეპიზოდი – 2023 წლის 15 დეკემბერი, 16 დეკემბერი და 17 დეკემბერი);
3.1. ი. ნ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით;
3.2. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე, 42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 2000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3.3. ი. ნ–ე გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
3.4. მსჯავრდებულ ი. ნ–ს საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შემთხვევაში, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2023 წლის 17 დეკემბრიდან 2024 წლის 29 მარტის ჩათვლით.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ 2023 წლის 15 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით დროის პერიოდში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი მდგომარეობისა და ქალზე მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, ი. ნ–ე მობილური ტელეფონის მეშვეობით, ფსიქიკურად – სიცოცხლის მოსპობის მუქარით, აიძულებდა ქალაქ ბ.... მყოფ ჯ. ფ–ს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მასთან სასიყვარულო ურთიერთობას.
4.1. იმის გათვალისწინებით, რომ ი. ნ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოცემულ შემთხევაში მოიცავს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ მუქარას (სამივე ეპიზოდს), ი. ნ–ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოურიცხა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კვალიფიკაცია (სამი ეპიზოდი – 2023 წლის 15 დეკემბერი, 16 დეკემბერი და 17 დეკემბერი) და იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ, რომელმაც მოითხოვა ი. ნ–ს დამნაშავედ ცნობა, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი) და მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა ი. ნ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ნ. დ–მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 7 აგვისტოს განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ, რომელიც ითხოვს ი. ნ–ს დამნაშავედ ცნობას, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი) და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
7.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა ი. ნ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ნ. დ–მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
8. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 13 ნოემბერს შემოვიდა მსჯავრდებულ ი. ნ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. დ–ს განცხადება, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარე ვერ ახერხებს მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელებაზე დაზარალებულად ცნობილი პირის თანხმობის წარმოდგენას.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა: პროკურორმა, რომელიც ითხოვს ი. ნ–სის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი) და მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ხოლო დაცვის მხარე – შესაგებლით – გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
2.1. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იძულება, იმავდროულად, მოიცავს მუქარის სამ ეპიზოდს, ხოლო კასატორის პოზიციით ჩადენილი მუქარა (სამი ეპიზოდი) არის დამოუკიდებელი დანაშაული და შესაბამისად, მსჯავრადშერაცხილი იძულება არ მოიცავს მუქარის ეპიზოდებს, დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა, ი. ნ–სეს მსჯავრი უნდა დაედოს ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით – საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც, იმავდროულად, მოიცავს იმავე პერიოდში (2023 წლის 15, 16 და 17 დეკემბერს) განხორციელებულ მუქარის სამ ეპიზოდს.
3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ი. ნ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების (სამი ეპიზოდი - 2023 წლის 15 დეკემბერი, 16 დეკემბერი და 17 დეკემბერი) ამორიცხვა, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა; იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული.
5. საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს, იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარე მსჯავრდებულს ედავება: ჯ. ფ–ს მიმართ 2023 წლის 15, 16 და 17 დეკემბერს, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალზე მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, სიცოცხლის მოსპობით მუქარას, ხოლო, მეორე მხრივ, იმავე პერიოდში (2023 წლის 15 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით) გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი მდგომარეობისა და ქალზე მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, ფსიქიკურად – სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ჯ. ფ–ს მიმართ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ჩადენილ სასიყვარულო ურთიერთობის იძულებას.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ ი. ნ–ს მხრიდან ჯ. ფ–ს მიმართ მუქარა ხორციელდებოდა სწორედ კონკრეტული მიზნით – დაზარალებული იძულებული გამხდარიყო დაემყარებინა სასიყვარულო ურთიერთობა მსჯავრდებულთან ი. ნ–ს ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით, რადგან ფსიქიკური იძულება, სიცოცხლის მოსპობის მუქარის გზით (როგორც იძულების ჩადენის ხერხი) განხორციელდა.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას, ი. ნ–ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი: 2023 წლის 15, 16 და 17 დეკემბერის ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენის ამ ნაწილში შეცვლის საფუძველი.
7. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ერთი მხრივ, ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტს (ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა) და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს (გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია), ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ ი. ნ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. დ–მის 2024 წლის 13 ნოემბერის განცხადებას (დაცვის მხარე ვერ ახერხებს დაზარალებულად ცნობილი პირის თანხმობის წარმოდგენას, რომ მსჯავრდებულზე გავრცელდეს ამნისტიის კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული შეღავათი), ასევე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს (ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია) და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის (ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა);
7.1. მოცემულ შემთხვევაში, ი. ნ–ს მსჯავრი ედება საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია, ვინაიდან დაზარალებულს თანხმობა არ განუცხადებია მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე.
8. იმავდროულად, ი. ნ–სათვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაული არ არის მითითებული ამავე კანონის მე-7 მუხლში, შესაბამისად მის მიმართ უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი და საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი – უნდა შემცირდეს ერთი მეექვსედით.
8.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა), შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება გაავრცელოს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დანიშნულ სასჯელზე – ჯარიმა 2000 ლარზე.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 7 აგვისტოს განაჩენი, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, უნდა შეიცვალოს.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 7 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება:
2.1. ი. ნ–ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი; მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა – 2000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
2.2. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 10 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 წელი და 8 თვე;
3. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე