ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 19.12.2024
საქმის ნომერი
2კ-231-I-24
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.12.2024

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 820141224010189181

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2311-24 19 დეკემბერი, 2024 წელი

გ. რ., 2311-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. გ-ს საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მსჯავრდებულ რ. გ-ს, – დაბადებულის ... წლის ..., – საქმის მასალების მიხედვით:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 იანვრის განაჩენით რ. გ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 აგვისტოს განაჩენით დაკისრებული ჯარიმა – 5000 ლარი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დაკისრებული ჯარიმა – 3000 ლარი და საბოლოოდ განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 8000 ლარი.

3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით რ. გ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 იანვრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 8000-ლარიანი ჯარიმა – და საბოლოოდ განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 8000 ლარი. რ. გოგოტიძეს სასჯელი აეთვალა 2021 წლის 2 აგვისტოდან.

4. 2024 წლის 10 ოქტომბერს ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ რ. გ-ს პირადი საქმე.

5. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. გ-ს მიმართ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, შეფარდებულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ გავრცელდა; რ. გ.ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 იანვრის განაჩენით შეფარდებული სასჯელიდან ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრულ სასჯელზე დამატებული – 1 წლით ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა – 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. გ-ს, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირებას და, შესაბამისად, მოსახდელად დარჩენილი სასჯელის სწორად განსაზღვრას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რამეთუ რ. გ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 იანვრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯლიდან, იხდიდა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთას, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მართებულად შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, შეფარდებულ სასჯელს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთას – რომელზეც, თავის მხრივ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ამნისტია არ ვრცელდება.

3. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისაგან სრულად თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის.

4. რ. გ-სათვის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით, საბოლოოდ დაკისრებულ ჯარიმასთან – 8000 ლართან – მიმართებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილების კვალდაკვალ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: როდესაც საქმის მასალებით იკვეთება მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, მასზე ასევე უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება, მიუხედვად იმისა, რომ მსჯავრდებულის მოთხოვნა არ მოიცავს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მის მიმართ აღსრულებას (იხ. მაგალითად: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის №291-22 და 2024 წლის 4 ივნისის №211-22 განჩინებები), გამომდინარე იქიდან, რომ კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც ბოჭავს მოსამართლეს, საქმეში არ გამოიყენოს და უგულებელყოს ფუნდამენტური და იმპერატიული კონსტიტუციური პრინციპები იმ მიზეზით, რომ მხარეები არ აპელირებენ მათზე, გამორიცხავს სამართლიანი სასამართლო განხილვის და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-20).

5. მოცემულ შემთხვევაში, განსახილველი საქმის მასალები ცხადყოფს, რომ რ. გ-ს მიმართ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 იანვრის განაჩენით რ. გ-სათვის თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებულ სასჯელს დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 აგვისტოს განაჩენით დაკისრებული ჯარიმა – 5000 ლარი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დაკისრებული ჯარიმა – 3000 ლარი და განესაზღვრა ჯარიმა – 8000 ლარი, რომელიც, თავის მხრივ, ასევე დამატებული აქვს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებულ სასჯელს, რის გამოც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რ. გ. უნდა გათავისუფლდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დაკისრებული, 8000-ლარიანი ჯარიმის მოხდისაგან.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. გ-ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრისა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ რ. გ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება შეიცვალოს;

3. მსჯავრდებული რ. გ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დაკისრებული, 8000-ლარიანი ჯარიმის მოხდისაგან;

4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი