დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 140141124010161034
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2081-24 ქ. თბილისი
თ. კ., 2081-24 9 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. თ-ს საკასაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
კ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-7 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. მასვე, 2 (ორი) წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
მსჯავრდებულ კ. თ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა – 2018 წლის 28 დეკემბრიდან.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ კ. თ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ზ. მ-სა და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ შორენა მგალობლიშვილის საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.
3. N.. პენიტენციური დაწესებულების ცნობის თანახმად, მსჯავრდებულ კ. თ-ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 2022 წლის 12 აპრილის საფუძველზე, სასჯელის მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით.
4. 2024 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ კ. თ-ს პირადი საქმე.
5. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ კ. თ-+ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება.
6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კობა თაყაძემ. საჩივრის ავტორი მოითხოვს სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირებას, ვინაიდან მიაჩნია, რომ დღეის მდგომარეობით, მეორე დაზარალებული – რ. გ-ც თანახმაა მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ პირზე, რომლის მიერ ჩადენილმა დანაშაულმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას არ აცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
3. წარმოდგენილი საქმის მასალებით, კერძოდ, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის მიერ 2024 წლის 10 ოქტომბერს შედგენილი სატელეფონო გასაუბრების აქტებით ირკვევა, რომ საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლემ, გარდაცვლილ ბესიკ მჭედლიშვილის მამამ − დ. მ-მ – თანხმობა განაცხადა, ხოლო გარდაცვლილ ა. გ-ს შვილმა − რ. გ-მ – უარი თქვა მსჯავრდებულ კ. თ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებაზე.
4. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კ. თ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-7 ნაწილებით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ორი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ოთხი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება) მსჯავრად შერაცხილ დანაშაულზე, რომლისთვისაც მას შეფარდებული აქვს ერთიანი სასჯელი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს – თითოეული დაზარალებულის (მისი უფლებამონაცვლის) თანხმობა, მსჯავრდებულის მიმართ კანონიერად არ გავრცელდა აღნიშნული კანონი.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ კ. თ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი