საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 13.02.2025
საქმის ნომერი
2კ-905აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.02.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100124008663441

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №905აპ-24 ქ. თბილისი

ა-ნი ჟ, 905აპ-24 13 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 თებერვლის განაჩენით:

ჟ. ა-ნი, დაბადებული .. წლის .. მარტს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.

ჟ. ა-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა და გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს, გადაწყვეტილების აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საქმეზე ამოღებული:

ჟ. ა-ის სახელზე შევსებული ყალბი სარეგისტრაციო მოწმობა, ნომრით – ... – და ყალბი მართვის მოწმობა, ნომრით – ..., –განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ,,MERCEDES-BENZ-ის“ მარკის ავტომანქანა დაუბრუნდეს ჟ. ა-ს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განაჩენით:

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 თებერვლის განაჩენი სასჯელისა და კვალიფიკაციის ნაწილში დარჩა უცვლელად.

ჟ. ა-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.

მსჯავრდებულ ჟ. ა-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია.

ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდა შემდეგნაირად:

საქმეზე ამოღებული ჟ. ა-ის ავტომობილზე მიმაგრებული სანომრე ნიშნები უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

საქმეზე ამოღებული ჟ. ა-ის სახელზე შევსებული ყალბი სარეგისტრაციო მოწმობა, ნომრით ... და ყალბი მართვის მოწმობა ნომრით ... უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

,,MERCEDES-BENZ-ის“ მარკის ავტომანქანა უნდა დაუბრუნდეს ჟ. ა-ს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

2023 წლის 29 ოქტომბერს, დილით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „ს-ოს" გამოვლით ს-ის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოში შემოსვლის დროს ,,MERCEDES-BENZ-ის“ მარკის რ-ის ფედერაციის სანომრე ნიშნით: .... საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN): WDB......) რეგისტრაციის გავლისას, ჟ. ა-მა გამოიყენა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები და მესაზღვრე-კონტროლიორს წარუდგინა ავტომობილის ყალბი სარეგისტრაციო მოწმობა, ნომრით – ...., ყალბი მართვის მოწმობა, ნომრით – ..., „B,C“ კატეგორიებითა და ავტომობილზე მიმაგრებული ყალბი სანომრე ნიშანი, ნომრით – .....

4. კასატორი – ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი თინათინ სტურუა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილებას, ჟ. ა-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო ამოღებული ,,MERCEDES-BENZ-ის“ მარკის ავტომანქანის ბედის გადაწყვეტას კი – საბაჟო სამართალწარმოების ფარგლებში;

4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ჟ. ა-მა აღიარა დანაშაული, უდავოდ გახადა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულბები, თუმცა მისი ქმედება მიმართული იყო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ავტომანქანის ფარულად, ყალბი სანომრე ნიშნითა და დოკუმენტით შემოყვანისაკენ. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მისი ქმედებით გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი, ზომა და ჟ. ა-ის უნდა მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ ამოღებული ავტომანქანის ბედი უნდა გადაწყდეს შესაბამისი სამართალწარმოების ფარგლებში.

5. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

8. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ ჟ. ა-ის სისხლის სამართლის საქმეს ასაჩივრებს პროკურორი მხოლოდ სასჯელისა და ამოღებული ,,MERCEDES-BENZ-ის“ მარკის ავტომანქანის ბედის გადაწყვეტის ნაწილში.

9. ჟ. ა-ის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა:

9.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილი უთითებს, რომ ,,განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.“

9.2. ამასთან, საკასაციო პალატა, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, თანაბრად ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი, როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი, ისე – დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან.

9.3. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ჟ. ა-ის დანიშნულ სასჯელის ზომას არ ეთანხმება.

9.4. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით – სამ წლამდე.

9.5. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. იგი წარსულში ნასამართლობის არმქონეა. მან აღიარა, მოინანია ბრალად შერაცხილი ქმედება, წარმოდგენილი მტკიცებულებები სცნო უდავოდ და საბოლოოდ, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა, ჯარიმა – 2000 ლარი პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან. ამდენად, კასატორს არ მიუთითებია რაიმე ისეთი სახის გარემოებაზე, რომელიც ჟ. ა-ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის სახის, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის გამოყენების სამართლებრივ საფუძველს შექმნიდა.

10. ამოღებული ავტომანქანის ბედის გადაწყვეტა:

10.1. კასატორი მიიჩნევს, რომ ამოღებული ავტომანქანის ბედი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული პროცედურით. მითითებული ნორმის მიხედვით, საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას. აღნიშნული სამართლებრივი ნორმა მოქცეულია საბაჟო კოდექსის 30-ე თავში, რომელიც აწესრიგებს საბაჟო სამართალდარღვევებსა და მათზე პასუხისმგებლობის საკითხებს. ამდენად, მითითებული ნორმა შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში და იგი არ წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებების ბედის გადაწყვეტის მომწესრიგებელ ნორმას. შესაბამისად, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს.

11. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76).

12. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე – ლ. თევზაძე

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. გაბინაშვილი