გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-954 6 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი,მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: წყალსაწრეტი არხის აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ც-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ., ა. ჭ-ებისა და ჟ. ც-ს მიმართ და მოითხოვა საწრეტი არხის აღდგენა. თავის მხრივ, მ. ჭ-ამ სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. ც-სა და სხვათა მიმართ ზიანის _ 20 ათასი ლარის ანაზღაურების შესახებ.
აბაშის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხოლო ნ. ც-ს სარჩელი დაკმაყოფილდა.
ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჭ-ამ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 1 აპრილის მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი მ. ჭ-ა. მოწინააღმდეგე მხარის ნ. ც-ს შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ჭ-ას უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მ. ჭ-ამ შეიტანა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების თაობაზე.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ. ჭ-ას სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით, რის გამოც 2002წ. 30 მაისის განჩინებითF მ. ჭ-ას საჩივარი არ დააკმაყოფილა; უცვლელად დარჩა 2001წ. 1 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჭ-ამ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას შემდეგი საფუძვლებით:
კასატორი მიუთითებს, რომ 5 დღით ადრე დეპეშით შეატყობინა სასამართლოს იმის შესაებ, რომ ჰქონდა მძიმე ოჯახური მდგომარეობა და ითხოვდა საქმის განხილვის გადადებას 10 აპრილამდე, ჰყავს ძმა, არის მარტოხელა და 2002წ. 25 მარტიდან 3 აპრილამდე იმყოფებოდა ინვალიდთა რეალიზაციის ცენტრის თერაპიულ განყოფილებაში. ძმას მომვლელი მის მეტი არავინ ჰყავს და სწორედ მას ედგა თავზე მომვლელად, რის გამოც ვერ შეძლო სასამართლოში გამოცხადება. გარდა აღნიშნულისა, არის პენსიონერი, მისი ერთადერთი შემოსავალი არის პენსია. სწორედ 1 აპრილს აიღო თებერვლის თვის პენსია, რაც კიდევ ერთი ხელშემშლელი ძალა აღმოჩნდა მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისა. კასატორს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები სასამართლოს უნდა ჩაეთვალა საპატიოდ.
კასატორს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, რადგან არსებობს იმავე დავაზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გარკვეული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ" პუნქტის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ, ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.
ამავე კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
სსკ-ს 72-ე მუხლის “ზ" პუნქტის ბოლო წინანადება გამოუცხადებლ მხარეს ავალდებულებს, რომ აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები.
დადგენილია, რომ მოცემული საქმის განხილვა საოლქო სასამართლოში დაინიშნა 2002წ. 1 აპრილს, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. დადგენილია ასევე, რომ მ. ჭ-ამ რამდენიმე დღით ადრე დეპეშით აცნობა სასამართლოს და ოჯახური პირობების გამო, მოითხოვა საქმის განხილვის გადადება 10 აპრილისათვის დეპეშით, ასევე ითხოვდა პასუხი ეცნობებინათ მისთვის. სასამართლომ 1 აპრილს განხილა საქმე და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. ჭ-ამ სსკ-ს 72-ე მუხლის “ზ" პუნქტის შესაბამისად თავისი ვალდებულება აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლბის მიზეზების შესახებ შეასრულა და აღნიშნული მოქმედებით გამოხატა ნება საქმის განხილვაში მონაწილეობის შესახებ.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ პირობას იმის ვარაუდიც წარმოადგენს, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი და დაკარგა ინტერესი, რომ დაიცვას თავი. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იმ მოპასუხის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლოს შეუქმნის რწმენას, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი და დაკარგა სარჩელისაგან თავის დაცვის ინტერესები, ლოგიკური და გამართლებულია, მაგრამ იმ მოპასუხის წინააღმდეგ, რომლის გამოუცხადებლობაც სასამართლოს ვერ შეუქმნის ამგვარ რწმენას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა გაუმართლებელია.
მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლოს პალატისათვის ცნობილი იყო როგორც გამოუცხადებლობის მიზეზები, ასევე მისი ნების შესახებ, რათა მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში. ამასთან, მოპასუხის თხოვნას, საქმის გადადების შესახებ შუამდგომლობაზე პასუხი ეცნობებინათ მისთვის, სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ დეპეშა მიიღო სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე, არ უპასუხა. ასეთ შემთხვევაში საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო ვალდებული იყო გადაედო საქმის განხილვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეს გააჩნდა სსკ-ს 241-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საპატიო მიზეზი, რის საფუძველზეც სააპელაციო პალატას დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაეუქმებინა და საქმე არსებითად განეხილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 30 მაისის განჩინება, 2002წ. 1 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე, არსებითად განხილვის მიზნით, დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.