საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 17.02.2025
საქმის ნომერი
2კ-1230აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.02.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110100121004545139

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1230აპ-24 17 თებერვალი, 2025 წელი

თ–ი ნ., №1230აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულების ნ. თ–ისა და ჰ. თ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ხ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ნ. თ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (3 ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.

1.2. ჰ. თ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (3 ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.3. კ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ–ში მცხოვრები ნ. თ–ი და ჰ. თ–ი 2019 წლის დეკემბერში ნდობაში შევიდნენ ჭ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ–ში მცხოვრებ გ. ბ–ესთან და წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ ორ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს. ჩადენილი ქმედებით გ. ბ–ეს მიადგა 2000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

1.4. კ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ–ში მცხოვრები ნ. თ–ი და ჰ. თ–ი 2019 წლის დეკემბერში ნდობაში შევიდნენ ჭ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ უ-ში მცხოვრებ ვ. ს–ესთან და წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ სამ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს. ჩადენილი ქმედებით ვ. ს–ს მიადგა 5800 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

1.5. კ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში მცხოვრები ნ. თ–ი და ჰ. თ–ი 2019 წლის დეკემბერში ნდობაში შევიდნენ ჭ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ–ში მცხოვრებ ბ. კ–სთან და წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ ორ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს. ჩადენილი ქმედებით ბ. კ–ს მიადგა 500 ლარის ქონებრივი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის განაჩენით, ნ. თ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (გ. ბ–ის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ვ. ს–ს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ბ. კ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (გ. ბ–ს ეპიზოდი) – ჯარიმა 2000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ვ. ს–ს ეპიზოდი) – ჯარიმა 5000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ბ. კ–ს ეპიზოდი) – ჯარიმა 2000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ ნ. თ–ს (დანაშაულთა ერთობლიობით), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი.

2.2. ჰ. თ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (გ. ბ–ის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ვ. ს–ს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ბ. კ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (გ. ბ–ის ეპიზოდი) – ჯარიმა 2000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ვ. ს–ის ეპიზოდი) – ჯარიმა 5000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ბ. კ–სის ეპიზოდი) – ჯარიმა 2000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ ჰ. თ–ს (დანაშაულთა ერთობლიობით), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი.

2.3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულების ნ. თ–ის და ჰ. თ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ხ–მ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მითხოვა ნ. და ჰ. თ–ების უდანაშაულოდ ცნობა.

2.4. განაჩენი ასევე გაასაჩივრა საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია გელბახიანმა და მოითხოვა ნ. თ–ის და ჰ. თ–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელის დანიშვნა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით, დაცვის და ბრალდების მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2024 წლის 24 ოქტომბერს, მსჯავრდებულების ნ. თ–ის და ჰ. თ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ხ–ემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უდანაშაულოდ ცნობა. ამასთან, დაცვის მხარის ალტერნატიულ მოთხოვნას წარმოადგენს მსჯავრდებულების ნ. თ–ის და ჰ. თ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი უკანონოა, ვინაიდან ემყარება არასაკმარის და არადამაჯერებელ მტკიცებულებებს. მსჯავრდებულებმა განმარტეს, რომ მათ არაერთხელ წაუყვანიათ პირუტყვი, თანხის შემდგომი გადახდის პირობით, რასაც ყოველთვის ასრულებდნენ. მოცემულ შემთხვევაში კი, მათ შეექმნათ ოჯახური პრობლემები, რის გამოც დროულად ვერ გადაუხადეს თანხა გ. ბ–ეს, ვ. ს–ეს და ბ. კ–სეს. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით კი არ იქნა დადგენილი, რომ მათ პირუტყვის წაყვანამდე ჰქონდათ დაზარალებულთა მოტყუების და ნაყიდი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მისაკუთრების მიზანი. შესაბამისად, ნ. თ–ის და ჰ. თ–ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი. ამასთან, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ნ. თ–ის და ჰ. თ–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის მკაცრი და არაადექვატური, რის გამოც უნდა შეიცავლოს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად გამოიკვლია ნ. თ–ის და ჰ. თ–ის ქმედებების სამართლებრივი შეფასებისათვის რელევანტური ყველა ფაქტობრივი ასპექტი. ასევე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქმედების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა არარსებობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში ნათლად და ერთმნიშვნელოვნად უპასუხა დაცვის მხარეს, მიუთითა იმ ძირითად არგუმენტებზე, რის გამოც არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და პოზიცია მსჯავრდებულების უდანაშაულობასთან მიმართებით.

5.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობის ჩადენისათვის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისთვის მოტყუებით. თაღლითობა არის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაული. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება – ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის/მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი.

5.5. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების თითოეულ ეპიზოდში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შეთანხმებულ, ურთიერთთავსებად უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ყველა ის არგუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც დაცვის მხარე გამორიცხავს ნ. თ–ის და ჰ. თ–ის ბრალეულობას, გონივრულ ეჭვს მიღმა გაქარწყლებულია წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი ანალიზით.

5.6. რაც შეეხება დაცვის მხარის ალტერნატიულ მოთხოვნას, ნ. თ–ისა და ჰ. თ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით მსჯავრდებულებს კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა, რაც შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს და სრულად უზურნველყოფს სასჯელის მიზნებს.

5.7. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.

5.8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.10. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების ნ. თ–ისა და ჰ. თ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ხ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე