საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 06.03.2025
საქმის ნომერი
2კ-1056აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.03.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1056აპ-24 თბილისი

ქ-ა მ., 1056აპ-24 6 მარტი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ხ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. ქ-ს ბრალად დაედო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით). აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2021 წლის 16 ივლისს, დაახლოებით, 05:29 საათზე, ს---ის საავტომობილო გზის ---ე კილომეტრზე, ქ. --ში, --ზე, ქ. ს-ის მიმართულებით მოძრავ „ოპელის“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით – ---, მართავდა მ. ქ-ა, რომელმაც ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.5 მუხლის მოთხოვნები, გადავიდა მარცხენა მხარეს, საავტომობილო გზის მიღმა და შეეჯახა ხეს, რის შემდეგ ავტომობილი ჩავარდა საწრეტ არხში და დაიწვა.

· საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლი მ. ქ-ა გადაიყვანეს ქ. ს-ის „ა-ეს“ კლინიკაში, ხოლო მისი მგზავრები – ი. ხ-ა და ლ. ხ-ა – ქ. ს-ის „სენამედში“, საიდანაც ლ. ხ-ა გადაიყვანეს ქ. მ-ი მდებარე „ა-ის“ კლინიკაში, სადაც 2021 წლის 15 აგვისტოს გარდაიცვალა.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენით მ. ქ-ა (პ/ნ ---), დაბადებული -- წელს, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენი გაუქმდა: მ. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2024 წლის 13 ივნისიდან; მასვე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. კასატორი – მსჯავრდებულ მ. ქ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ხ-ა – საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისის განაჩენის გაუქმებასა და მ. ქ-ს გამართლებას.

5. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორი ნონა თოლორაია შესაგებლით ითხოვს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები მიუთითებს მ. ქ-ს უდანაშაულობაზე, გამამტყუნებელი განაჩენი კი ეფუძნება მხოლოდ ვარაუდებს.

9. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და მასში მითითებულია მხოლოდ კანონმდებლობაზე, კონკრეტული მტკიცებულებების მითითების გარეშე.

10. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. ქ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება საქმეში წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

11. მოწმის სახით დაკითხული ი. ხ-ს ჩვენებიდან ირკვევა, რომ 2021 წლის 16 ივლისს ძმასთან – ლ. ხ-სთან – ერთად მ. ქ-ს „ოპელი-ს“ მარკის ავტომობილით მ-ის რაიონის სოფელ --დან გაემგზავრნენ --ში პირად საქმეზე. საქმის მოგვარების შემდეგ ფოთის გავლით უნდა დაბრუნებულიყვნენ უკან, სოფელ --ში. საჭეს მართავდა მ. ქ-ა, მის გვერდით წინა, მარჯვენა სავარძელში იჯდა ლ. ხ-ა, ხოლო სალონის უკანა სავარძლის მარცხენა მხარეს იმყოფებოდა თავად. გზა თავისუფალი იყო, არც შემხვედრი და არც თანმხვედრი ავტომობილები არ მოძრაობდნენ. დაახლოებით, დილის 5 საათი იყო (გზაზე რაიმე ხელისშემშლელი გარემოება არ იყო), შეამჩნია, რომ მძღოლს ეძინებოდა, სთვლემდა და ამიტომ უთხრა, თუ ეძინებოდა, შეეძლო, საჭესთან დამჯდარიყო, რაზედაც მ. ქ-მ უარი განუცხადა. რამდენიმე წუთში, ყოველგვარი ხელისშემშლელი პირობების გარეშე, მანქანა გადავიდა მარცხენა მხარეს, საავტომობილო გზის მიღმა და შეეჯახა ხეს. ხეზე შეჯახების შემდეგ ავტომობილი ჩავარდა საწრეტ არხში და ცეცხლი წაეკიდა. მოწმის განმარტებით, მან შეძლო ავტომობილიდან გადმოსვლა და თავისი ძმის, ლ. ხ-ს, მანქანიდან გადმოყვანა. მ. ქ-ც გადმოვიდა მანქანიდან. მათი მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ ადგილზე გამოცხადდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, მაშველები და პოლიცია. ავტომანქანა მთლიანად დაიწვა. ავტომობილში მყოფებს არ მიუღიათ დამწვრობა, მაგრამ მან და მისმა ძმამ მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანება, რის გამოც, ისინი გადაიყვანეს ქ. ს-ის „ს-ში“. მოგვიანებით მისი ძმა – ლ. ხ-ა – გადაიყვანეს ქ. მ-ის „ა-ის“ კლინიკაში, თვითონ კი – ქ. ქ-ში, „უ-ში“. ლ. ხ-ა 2021 წლის 15 აგვისტოს გარდაიცვალა ქ. მ-ის „ა-ის“ კლინიკაში. მოწმის განმარტებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მძღოლ მ. ქ-ს ჩაეძინა.

12. მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის უფლებამონაცვლე ე. ხ-ს ჩვენების თანახმად, 2021 წლის 16 ივლისს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, მ-ის რაიონის სოფელ --ში, როდესაც შეატყობინეს, რომ მის შვილებს – ი. და ლ. ხ-ებს – ქ. --ში შეემთხვათ ავტოავარია და მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები. მისთვის ცნობილი იყო, რომ ისინი გადაიყვანეს საავადმყოფოში, ი. გადაიყვანეს ჯერ ს-ში და შემდეგ – ქ-ში, ლ. კი – მ-ი, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ გაეწია დახმარება, 2021 წლის 15 აგვისტოს გარდაიცვალა. მისი შვილისაგან, ი. ხ-გან, იცის, რომ მძღოლი გადასულა გზიდან, შეჯახებულა ხეს და ჩავარდნილა საწრეტ არხში. მისთვის ცნობილია, რომ ავარიის გამო მანქანა დაიწვა, მისი შვილი, ი., ეუბნებოდა თურმე მძღოლს, დამსვი საჭესთანო, მაგრამ მას უარი უთქვამს. როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლე, დაღუპული შვილის დედა, ითხოვს მძღოლის – მ. ქ-ს – მიმართ გატარდეს კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი ზომები.

13. შს ს---ის მთავარი სამმართველოს ფოთის საქალაქო განყოფილების პატრულ-ინსპექტორების: ი. ხ-ის და რ. გ-ს – ჩვენებების მიხედვით, 2021 წლის 16 ივლისს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით, 05:45 საათზე, რადიოკავშირის საშუალებით მათთვის ცნობილი გახდა, რომ ქ. --ში, --ზე მოხდა საგზაო შემთხვევა, სწრაფად გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და ნახეს, რომ ს-ის მიმართულებით, მარცხენა მხარეს, საავტომობილო გზის მიღმა, საწრეტ არხში ჩავარდნილი იყო მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც ცეცხლი ეკიდა და თითქმის დამწვარი იყო. სახანძრო მაშველებიც ადგილზე იყვნენ და აქრობდნენ ცეცხლს. ღორღიან გზისპირზე იდო მანქანის ნაწილები, მათ შორის, დაზიანებული სანომრე ნიშანი, რომლითაც დადგინდა, რომ დამწვარი ავტომობილი იყო „ოპელ ასტრას“ მარკის. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სამი ადამიანი სხვადასხვა დაზიანებებით, მაგრამ მათ დამწვრობის კვალი არ ეტყობოდათ. დაადგინეს, რომ ავტომობილის მძღოლი იყო მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ --ში მცხოვრები მ. ი-ს ძე ქ-ა, მგზავრები კი ძმები – ი. ა-ს ძე ხ-ა და ლ. ა-ს ძე ხ-ა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა მძღოლი მ. ქ-ა გადაიყვანეს ქ. ს-ის „ა-ეს“ კლინიკაში, ხოლო მგზავრები – ქ. ს-ის ,,ს-ში“. მოწმეთა განმარტებით, ქ. ს-ის მიმართულებით, მარცხენა მხარეს, საავტომობილო გზის მიღმა, ხეზე შეინიშნებოდა შეჯახების კვალი. მოძრაობა არ იყო ინტენსიური, ქუჩაზე არ მოძრაობდა ავტომანქანები და არც რამე სხვა ხელისშემშლელი გარემოება ვლინდებოდა, მძღოლი კი ამბობდა, ჩამეძინა და ეს რა უბედურება დამემართაო. მოწმეები ეხმარებოდნენ გამომძიებელს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში.

14. მოწმის სახით დაკითხულ ს. ბ-ს ჩვენებიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ საქმეზე ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დანიშნა სხვადასხვა ექსპერტიზა, გამოჰკითხა ბრალდებული და მოწმეები. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს, ქ. --ში, --ზე, საავტომობილო გზა არის ორმხრივი მოძრაობისათვის განკუთვნილი და ასფალტირებული. გზა იყო მშრალი, უდეფექტო და გაყოფილი წყვეტილი ხაზით. ს-ის მიმართულებით მარჯვენა სამოძრაო ზოლს გააჩნია ასფალტირებული გვერდული და ღორღიანი გზისპირი ბალახოვანი საფარით, ღორღიანი გზის პირის ბოლოს ერთ რიგად დარგულია ხეები. ღორღიანი გზის პირის კიდეზე შეინიშნებოდა საბურავის მოთრევის კვალი, რომელიც მთავრდებოდა ხესთან, ხეს კი აღენიშნებოდა შეჯახების კვალი, საწრეტ არხში ეგდო იყო დამწვარი მსუბუქი ავტომობილი. აღნიშნული დეტალურადაა აღწერილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში. მძღოლი შემთხვევის ადგილზე ამბობდა, ეს რა დამემართა, ჩამეძინაო.

15. მოწმე დ. ს-ს ჩვენებით, მოცემულ საქმეზე სხვა გამომძიებლებთან, ს. ბ-თან და გ. მ-თან, ერთად მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში. ს. ბ-მ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, გამოჰკითხა მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები. გ. მ-მა გამოჰკითხა „ა-ის“ კლინიკის მ-ის ფილიალის მორიგე ექიმი რეანიმატოლოგი ლ. ა-ი და, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, დადგენილების საფუძველზე, ამოღების ოქმით „ა-ის“ კლინიკის მ-ის ფილიალიდან ამოიღო ლ. ხ-ს სამედიცინო დოკუმენტაცია, თვითონ უზრუნველყო მ. ქ-საგან მედდის მონაწილეობით სისხლის ბიოლოგიური ნიმუშის აღება, რაზეც შეადგინა შესაბამისი ოქმი.

16. მოწმედ დაკითხული, „ა-ის“ კლინიკის მარნეულის ფილიალის ექიმი ლ. ა-ის ჩვენების თანახმად, 2021 წლის 16 ივლისს მათ კლინიკაში გადაიყვანეს პაციენტი ლ. ხ-ა, რომელიც მოყვა ავტოკატასტროფაში. მას უტარდებოდა სხვადასხვა კვლევა და მკურნალობა. პაციენტი გარდაიცვალა 2021 წლის 15 აგვისტოს. კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ინახებოდა პაციენტ ლ. ხ-ს სამედიცინო ისტორიის ასლები, რომლებიც, დადგენილების საფუძველზე, ნებაყოფლობით გადასცა გამომძიებელს. ექსპერტს სამედიცინო დასკვნაში აღწერილი აქვს ის ინფორმაცია, რაც სამედიცინო დოკუმენტაციაშია აღწერილი. პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, ასევე პაციენტი იყო მძიმეწონიანი, ფილტვის დაზიანება იყო ისეთი, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყო გართულება და დამძიმება. პაციენტს უტარდებოდა შესაბამისი მკურნალობა, რაც დადგენილია ამ ავადმყოფობის დროს, პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ასეთ დროს პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და ვერავინ განსაზღვრავს, როდის რა შედეგი დადგება.

17. მოწმედ დაკითხული შპს „ს-ის“ იურისტი თ. დ-ს ჩვენების მიხედვით, 2021 წლის 16 ივლისს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანებებით კლინიკაში შეიყვანეს მოქალაქე ლ. ხ-ა, რომელსაც გაეწია სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც გადაიყვანეს მ-ის „ა-ის“ კლინიკაში. ლ. ხ-ს სამედიცინო დოკუმენტაცია ინახებოდა მათთან და, საჭიროების შემთხვევაში, წარუდგენს საგამოძიებო ორგანოებს.

18. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2021 წლის 16 დეკემბრის N-- დასკვნით დადგენილია, რომ ლ. ხ-ს სიკვდილის მიზეზია სუნთქვის მწვავე უკმარისობა, განვითარებული ორმხრივი პნევმონიის შედეგად; სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, სიკვდილი დადგა 15.08.21წ-ს 06:15სთ-ზე. გვამის გამოკვლევის მონაცემები არ ეწინააღმდეგება აღნიშნულ თარიღს. გვამის გამოკვლევის მონაცემების და ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 16.07.21წ-დან 15.08.21წ-მდე სტაციონარული მკურნალობის სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, დაუდგინდა: თავისუფალი ჰაერი მარჯვენა პლევრის ღრუში, მარჯვენა – პირველი და მეორე – და მარცხენა – პირველი – ნეკნების, მარჯვენა ტაბუხის, თემოს და ბარძაყის ძვლების, გავის ძვლის მოტეხილობა, მარჯვენა ბარძაყის ძვლის ამოვარდნილობა, მარჯვენა გავა-თეძოს შესახსრების დიასტაზი, ექსკორიაციები სხეულზე; დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, უშუალოდ კავშირშია სიკვდილის დადგომასთან. გარდა ამისა, სხეულზე აღინიშნება სამკურნალო სამედიცინო მანიპულაციებისა და ოპერაციების კვლები.

19. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა. ბ-მა დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო დასკვნის ავთენტურობა და განმარტა, რომ ლ. ხ-ს სიკვდილის მიზეზი იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობა, განვითარებული ორმხრივი პნევმონიის შედეგად. მოწმის განმარტებით, ფილტვებში იყო ჰაერი, რომელიც ფილტვებში ვერ მოხვდებოდა ფილტვის დაზიანების გარეშე; ჰაერი პლევრის ღრუში მოხვდა ფილტვის დაზიანების შედეგად; ჰაერი არის დაზიანების ნიშანი, საგზაო შემთხვევის შედეგად კი მრავლობითი დაზიანებები იყო გამოხატული უამრავი მოტეხილობების სახით, რამაც გამოიწვია ფილტვის დაზიანება და დაზიანების შედეგად განვითარდა პნევმონია. ხერხემლის დაბლა, ფილტვებსა და გულმკერდის ღარს შორის ჰაერი არ უნდა იყოს, ძვალმა დააზიანა ფილტვი თუ რამ, ვერ იმსჯელებს, მაგრამ შედეგი იცის, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად მოხდა დაზიანება, ჰაერი მოხვდა პლევრის ღრუში, ე. ი. ფილტვი დაზიანდა, დაეწყო ანთებითი პროცესი, დაზიანების შედეგად განვითარდა პნევმონია და დამთავრდა ბიოლოგიური სიკვდილით.

20. საქმეზე ჩატარებული ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2021 წლის 29 ივლისის N-- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ავტომობილზე აღინიშნება როგორც მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის დამახასიათებელი დაზიანებები, რომელსაც ადგილი ექნებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ასევე – მაღალი თერმული (ხანძრის) ზემოქმედებისათვის დამახასიათებელი დაზიანებების კვლები დანახშირებისა და გამურვის სახით. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი „ოპელ ასტრას“ მარკის ავტომობილის (სახ. ნომრით – ---) როგორც საჭის მართვის მექანიზმი, ასევე – სამუხრუჭე სისტემა მთლიანად დანახშირებულია და გამურული; ამდენად, მათი ტექნიკური გამართულობის დადგენა ვერ ხერხდება.

21. საქმეზე ჩატარებული ავტოტექნიკური ექსპერტიზის 2021 წლის 24 აგვისტოს N-- დასკვნით დადგენილია, რომ გამოძიებით დადგენილ ვითარებაში, მძღოლ მ. ქ-ს შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქმეში არსებული სხვა მასალების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა. გასაჩივრებული განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულ მ. ქ-ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედების ჩადენას, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ არსებით გარემოებას, რაც სააპელაციო სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასა.

23. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონს, რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დანიშნული სასჯელი, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ასევე, ითვალისწინებს ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის შესაბამისად, კანონის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე. მართალია, მ. ქ-ა ნასამართლობის არმქონეა და დანაშაული ჩაიდინა 2021 წლის 16 ივლისს, მაგრამ ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათები ვერ გავრცელდება მის მიმართ დანიშნულ სასჯელზე, რადგან დაცვის მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია დაზარალებულის (მოცემულ შემთხვევაში – დაზარალებულის უფლებამონაცვლის) თანხმობა მის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე. აგრეთვე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოქმედება (ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირების შესახებ) არ ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ... 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, და რომელზედაც დაზარალებულის თანხმობის არარსებობის გამო არ გავრცელდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია“.

24. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატ ი. ხ-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

25. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ხ-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე