ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 13.03.2025
საქმის ნომერი
2კ-1225აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.03.2025

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100121004713369

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1225აპ-24 ქ. თბილისი

მ.რ., 1225აპ-24 13 მარტი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 სექტემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ონისე თუთისანის საკასაციო საჩივარი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ. მ-ს ბრალად ედება: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით; დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით.

რ. მ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

2021 წლის 17 აპრილს, 10:00 საათიდან, 11:00 საათამდე პერიოდში, ... სოფელ ... ... მიმართულებით, დაახლოებით 91 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა „FORD TRANSIT-ის” მარკის (სახელმწიფო ნომერი – ...) ავტომობილი, რომელსაც მართავდა მძღოლი რ. მ.. სოფელ ... მოძრაობისას, გადაჭარბებული სიჩქარის გამო, რ. მ-მ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების მოთხოვნები და შეეჯახა ქვეითს – ე. ქ-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მძღოლს – რ. მ-ს ევალებოდა შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ ე. ქ-ზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, მან ე. ქ., რომელსაც შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, შემთხვევის ადგილზე მიატოვა.

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით რ. მ., – დაბადებული ..., ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

რ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

რ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა მისი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 25 ოქტომბრიდან.

გაუქმდა რ. მ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და უნდა გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის განჩინებით, რ. -ს უძრავ ქონებაზე, მდებარე – ... შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რ. მ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, რ. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაშიც.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 სექტემბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ონისე თუთისანმა. სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, რ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაშიც. პროკურორს მიაჩნია, რომ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილი არის დასახლებული პუნქტი და იქ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დასაშვები მაქსიმალური სიჩქარე იყო, არაუმეტეს – 60 კმ/სთ, ხოლო რ. მ. მოძრაობდა – 91 კმ/სთ სიჩქარით. შესაბამისად, დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების მოთხოვნები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული, ასევე გამოკვლევის გარეშე უდავოდ მიჩნეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის უფლებამონაცვლის: ს. ქ-ს ჩვენებით, მოწმეების: გ. ქ-ს, ე. ხ-ს, ე. მ-ს და ი. ნ-ს ჩვენებებით, მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული მოწმეთა გამოკითხვის ოქმებითა და საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით, ასევე სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ რ. მ-მ ჩაიდინა – დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, ე.ი. – საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. აღნიშნულს არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ, ამდენად, საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას აღარ გაამახვილებს მითითებულ ქმედებაზე.

3. რაც შეეხება რ. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, ბრალდების მხარის სადავო საკითხს წარმოადგენს, იყო თუ არა შემთხვევის ადგილი დასახლებული პუნქტი, რამდენი კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის უფლება ჰქონდა მითითებულ ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს და, დასაშვები სიჩქარით გადაადგილების შემთხვევაში, შეეძლო თუ არა მას თავიდან აეცილებინა დამდგარი შედეგი.

4. საკასაციო სასამართლო ასევე სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ბრალდების მითითებულ ნაწილში ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რ. მ-ს ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ:

5. საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით კრიმინალიზებულია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილი პასუხისმგებლობას ადგენს იმავე ქმედებისათვის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე მოიცავს ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას; მძიმე შედეგს – განსახილველ შემთხვევაში, ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას და მიზეზობრივ კავშირს წესების დარღვევის ფაქტსა და დამდგარ შედეგს შორის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი ბლანკეტური შინაარსის ნორმაა და ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევის დადგენის სახელმძღვანელო ნორმატიულ აქტს წარმოადგენს საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის დამადასტურებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან იმის დადგენა, წინდახედულობის ნორმის დარღვევამ გამოიწვია თუ არა სისხლისსამართლებრივად დასჯადი შედეგი, მოითხოვს სპეციალურ ცოდნას. თავის მხრივ, ექსპერტიზის კომპეტენციას წარმოადგენს – ადამიანის სიცოცხლის მოსპობის მიზეზისა და ავტოსაგზაო შემთხვევის მექანიზმის დადგენა, ასევე იმის გარკვევა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის რა მოთხოვნები დაირღვა, ხოლო ექსპერტიზის დასკვნით უნდა დადგინდეს, შეეძლო თუ არა მძღოლს შემთხვევის თავიდან აცილება და მიიღო თუ არა მან საფრთხის შექმნის მომენტიდან ის ზომები, რომლებსაც მას ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი ავალდებულებს.

6. მოცემულ შემთხვევაში, რ. მ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების თანახმად, მას ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, გამოხატული იმით, რომ მან არ გაითვალისწინა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ: მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება; თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო საცხოვრებელ ზონაში − არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით. თუ დასახლებულ პუნქტში საგზაო პირობები იძლევა მაღალი სიჩქარით მოძრაობის შესაძლებლობას, შესაბამისი საგზაო ნიშნის დადგმით მოძრაობის სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს გზის ცალკეულ მონაკვეთებზე.

7. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაცვისა და ბრალდების მხარეთა მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებზე, კერძოდ:

8. ბრალდების მხარის ინიციატივით ჩატარებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2022 წლის 23 მარტის N... კომისიური ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება შემდეგი: … დაუსახლებელ პუნქტში დაშვებული 90 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით, მძღოლი რ. მ., მის განკარგულებაში არსებული მანძილის სიმცირის გამო – საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც გამოიწვია კონკრეტული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება; ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხის (მძღოლისთვის ცნობილია, რომ კონკრეტული ადგილი წარმოადგენს დასახლებულ პუნქტს, ეკისრება თუ არა ვალდებულება მძღოლს, იმოძრაოს დასახლებული პუნქტისთვის დადგენილი დაშვებული სიჩქარით?) გადაწყვეტა არის იურიდიული მსჯელობის საგანი და არ წარმოადგენს ავტოტექნიკური ექსპერტიზის კომპეტენციას; დასახლებულ პუნქტში დაშვებული 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გაჩერდებოდა სამუხრუჭე კვალის მე-20 მეტრზე. დასახლებულ პუნქტში დაშვებული 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში, მძღოლ რ. მ-ს მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ელი და მე-6 პუნქტების მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც, მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

9. დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 21 ივნისის №... სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დგინდება შემდეგი: მოცემულ შემთხვევაში, იმის აუცილებელი გათვალისწინებით, რომ შემთხვევის ადგილის მიდამოში, სოფელ ზ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უშუალოდ გზის გასწვრივ ფაქტობრივად არ არის განაშენიანებული ტერიტორია და რომ კ. შ-ს მიმართულებით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რაიმე სახის საგზაო ნიშანი, მათ შორის – განსაკუთრებული მინიშნების საგზაო ნიშანი 5.23.1. „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“, რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას დასახლებული პუნქტის შესახებ, არ დგას, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, შემთხვევის ადგილი არ არის დასახლებული პუნქტი; ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 7.ბ პუნქტის შესაბამისად, დაუსახლებელ პუნქტში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია – არაუმეტეს, 90 კმ/სთ სიჩქარით.

10. დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 13 სექტემბრის №... სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დადგენილია შემდეგი: მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, შემთხვევის ადგილი არ არის დასახლებული პუნქტი, სადაც არ მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები და იმავე კანონის 33-ე მუხლის 7.ბ პუნქტის მიხედვით, დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია იმ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების, რომელ კატეგორიასაც მიეკუთვნება ავტომობილი „Ford Transit-ი“, მოძრაობა სხვა გზაზე – არაუმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით; შემთხვევის ადგილზე დატოვებული 40 მეტრი საერთო სიგრძის სამუხრუჭე კვალის მიხედვით, ავტომობილ „Ford Transit-ის“ მოძრაობის სიჩქარე დამუხრუჭების წინ შეადგენდა, დაახლოებით, 85 კმ/სთ-ს; მოცემულ შემთხვევაში, შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ავტომობილ „Ford Transit-ის“ მძღოლს რ. მ-ს, ტექნიკური თვალსაზრისით, ქვეითზე დაჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო შემთხვევა, არ აღინიშნება.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად: დასახლებული პუნქტი არის − განაშენიანებული ტერიტორია, სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნების გამცემი ექსპერტების ჩვენებებზე, კერძოდ, ექსპერტებმა (მათ შორის, ბრალდების მხარის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის ავტორებმა – ლ. ფ-მ და დ. გ-მ) სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ცალსახად განმარტეს, რომ შემთხვევის ადგილი არ ითვლება დასახლებულ პუნქტად. ამდენად, იქ მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე წარმოადგენდა, არაუმეტეს, 90 კმ/სთ-ს.

12. გარდა ამისა, საქმის მასალებით დადგენილია ისიც, რომ შემთხვევის ადგილის მიმდებარედ, სოფელ ზ-ს ტერიტორიაზე, უშუალოდ გზის გასწვრივ, ფაქტობრივად არ არის განაშენიანებული ტერიტორია და, ამასთან, კ. შ-ს მიმართულებით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რაიმე სახის საგზაო ნიშანი, მათ შორის – განსაკუთრებული მინიშნების საგზაო ნიშანი 5.23.1. „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“ (ისევე როგორც – „დასახლებული პუნქტის დასასრული”), რომლებიც საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას დასახლებული პუნქტის შესახებ, – არ დგას.

13. ამდენად, მხარეთა მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით, ექსპერტთა ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შემთხვევის ადგილი არ ითვლება დასახლებულ პუნქტად. აქედან გამომდინარე, მითითებულ ადგილას, როგორც დაუსახლებელ პუნქტში – „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის (რომელ კატეგორიასაც მიეკუთვნება ავტომობილი „Ford Transit“, სახ. ნომრით – ...) ნებადართული იყო 90 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა ბრალდების მხარის მოსაზრება, რომ შემთხვევის ადგილი არის დასახლებული პუნქტი და რომ რ. მ-სთვისაც კარგად იყო ცნობილი ამის შესახებ, რაც წარმოადგენს მხოლოდ პროკურორის ვარაუდს, რაც არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან. ამდენად, რ. მ-ს ქმედებაში არ იკვეთება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ელი და მე-6 პუნქტების მოთხოვნების დარღვევა.

15. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ რ. მ-ს მიმართ – უნდა აღსრულდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, კერძოდ:

16. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

17. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რ. მ-ს მიმართ არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და, ამავდროულად, მას ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია, მსჯავრდებულის მიმართ უნდა გავრცელდეს აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შეღავათი, კერძოდ: ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით შეფარდებული სასჯელი – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს – 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ონისე თუთისანის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 სექტემბრის განაჩენი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლითა და 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ონისე თუთისანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 სექტემბრის განაჩენი:

3. რ. მ. ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

4. რ. მ. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს და მიესაჯოს 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

5. რ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს მისი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 25 ოქტომბრიდან.

6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ რ. მ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია. ასევე უნდა გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის განჩინებით, რ. მ-ს უძრავ ქონებაზე, მდებარე – .... შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა.

7. ნივთიერი მტკიცებულებები: მიკრონაწილაკები, ლაქა, ნერწყვისა და ფრჩხილის ნიმუშები, ანაწმენდები – განადგურდეს; ავტომობილი „ფორდ ტრანზიტი“, სახ. ნომრით – ..., ტანსაცმელები და ფეხსაცმელები; დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს; CD დისკი, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი