საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.03.2025
საქმის ნომერი
2კ-1261აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.03.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100124009482068

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №261აპ-25 ქ. თბილისი

კ. ლ.261აპ-25 22 ივლისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 იანვრის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. კ–ის, – პირადი ნომერი: ............, – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2024 წლის 6 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, გ–ში, ა–ს ქუჩის №...-ში მდებარე მათსავე საცხოვრებელ სახლში, თანხასთან დაკავშირებით შელაპარაკებისას, ლ. კ–ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – ა. გ–ს, კერძოდ, ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავსა და სახეში. აღნიშნული ქმედებებით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.1.1. აღნიშნული ქმედებებით ლ. კ–ემ ჩაიდინა – ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.2. 2024 წლის 6 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, გ–ში, ა–ს ქ. №...-ში მდებარე მათსავე საცხოვრებელ სახლში, თანხასთან დაკავშირებით შელაპარაკებისას ლ. კ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – ა. გ–ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. ა. გ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.2.1. აღნიშნული ქმედებით ლ. კ–ემ ჩაიდინა – სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით:

2.1. ლ. კ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში;

2.2. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ლ. კ–ეს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანნა ცაგურიამ. აპელანტმა მოითხოვა ლ. კ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი, თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული, სასჯელის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 იანვრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანნა ცაგურიამ. კასატორი ითხოვს ლ. კ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობასა და მისთვის მკაცრი, თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული, სასჯელის განსაზღვრას.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებული ლ. კ–ეს დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

8. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ლ. კ–ის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დამნაშავედ ცნობისათვის და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ლ. კ–ის წარდგენილ ბრალდებაში გამართლება განაპირობა.

9. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა – ა. გ–მა (გამართლებულის მეუღლე) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლის) – ლ. კ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სხვა არცერთი დამოუკიდებელი, პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება, – საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

10. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის: მოწმეთა ჩვენებები, ასევე, დანაშაულის შესახებ 2024 წლის 6 მასიის შეტყობინება, საგამოძიებო ექსპერიმენტის 2024 წლის 6 მაისის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2024 წლის 6 მაისის ოქმი, შემაკავებელი ორდერის 2024 წლის 6 მაისის ოქმი) საკმარისია ლ. კ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ:

11.1. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა – უბნის ინსპექტორის/დეტექტივის – ჩვენებები არის ირიბი, რადგან ისინი ინციდენტის/ების – ლ. კ–ის მიერ მეუღლს – ა. გ–ის მიმართ ძალადობას ან/და მუქარის – შემსწრენი არ არიან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და მომხდარის შესახებ ინფორმაციას გადმოცემით ფლობენ დაზარალებულისაგან. საკასაციო სასამართლო კი ამჯერადაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-52).

11.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შემაკავებელი ორდერები და შეტყობინება უთითებს გამართლებულზე, როგორც დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირზე, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებების პირველწყარო არის მხოლოდ ერთი პირი – დაზარალებული, რომლის დაკითხვის, მისი სანდოობის და მის მიერ სხვადასხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ფარგლებში მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობის გამოკვლევის შესაძლებლობა არსებითი განხილვის ფარგლებში დაცვის მხარეს (დაზარალებულებმა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით) არ მიეცა (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №1098აპ-24, №1099აპ-24).

11.3. არ შეიძლება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება, ხოლო დაზარალებულმა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების – მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის – შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ, ორივე შემთხვევაში, ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20; №442აპ-21).

11.4. ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის (ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში), სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს პირის მიერ დაზარალებულის მიმართ, როგორც ძალადობა, ასევე აღნიშნული ქმედებით – ფიზიკური ტკივილის მიყენება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით ქმედების დაკვალიფირებისათვის – დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურობის აღქმა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

11.4.1. დაზარალებულის მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის საფუძველზე, ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებში, წინამდებარე სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, შეტყობინებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და მოწმეთა ირიბი/გარემოებითი ჩვენებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება მითითებული დანაშაულების აუცილებელი კომპონენტი – დაზარალებულების მიერ ტკივილისა და შიშის განცდა.

12. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (მეუღლის) – ლ. კ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე; ლ. კ–ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში; სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მოწმეები უშუალოდ არ შესწრებიან ლ. კ–ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი რომელიმე ფაქტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩადენას; მოწმეთა ჩვენებები და წერილობითი მამხილებელი მტკიცებულებები სადავო ფაქტებთან დაკავშირებით, ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ხოლო დაცვის მხარეს არსებით სასამართლო სხდომაზე არ ჰქონდა აღნიშნული მტკიცებულებების პირველწყაროს დაკითხვის და მის მიერ შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობის შემოწმების/შედავების შესაძლებლობა, – მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

13. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება ლ. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v. Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის და საქართველოს სსკ-ით დაცული ობიექტის მიუხედავად.

15. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

16. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

17. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 იანვრის განაჩენზე, ლ. კ–ის მიმართ, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანნა ცაგურიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე