საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.03.2025
საქმის ნომერი
2კ-1266აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.03.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 140100115006383539

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე №1266აპ-24 ქ. თბილისი

ბ–ი მ., 1266აპ-24 18 მარტი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩენზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. საბრალდებო დასკვნების მიხევით:

1.1. ფ. ე–ს ბრალად ედება: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება; პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით; ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება;

1.2. ლ. კ–ს ბრალად ედება: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება; პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით;.

1.3. მ. ბ–ს ბრალად ედება: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება; პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით;.

2. ფ. ე–ის, ლ. კ–ისა და მ. ბ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

2004 წლის 10 იანვარს, ც–ს რაიონის სოფელ გ–ში მცხოვრები, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ფ. ე–ი, მის მიერ მართული ,,ვაზ-2107-ის” მარკის ავტომანქანით, სახ. N...., ასევე – ქ. ვ–ში, .......თა ქუჩის N..-ში მცხოვრებ მთვრალ მ. ბ–თან და ქ. ვ–ში, ი–ს ქუჩა N ..-ში მცხოვრებ ლ. კ–თან ერთად, იმყოფებოდა ......ის ავტომაგისტრალზე, რა დროსაც გ–ს რაიონის სოფელ ა–ში, სოფელ ხ–ს გადასახვევთან, აღნიშნულ ავტომანქანასა და ძიებით დაუდგენელ ,,ზილ-131-ის” მარკის ავტომანქანას შორის მოხდა შეჯახება. აღნიშნულის საფუძველზე, ფ. ე–ი და მასთან ერთად მყოფი პირი შეკამათდნენ ,,ზილს-131-ში” მყოფ პირებთან, რაც გადაიზარდა კონფლიქტში. კონფლიქტს შეესწრო ქ–ს თ....ს გამგებელი, ნ. ყ–ი, რომელმაც მოდავე მხარეებს სიმშვიდისაკენ მოუწოდა და სცადა მათი დაწყნარება. ამავე დროს, მან მოსალოდნელი შედეგის თავიდან აცილების მიზნით, მომხდარის შესახებ მობილური ტელეფონის საშუალებით აცნობა ქ–ს სს განყოფილებას. შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე გავიდა ქ–ს შსს განყოფილების მორიგე ოპერატიული ჯგუფი: მ. ჭ–ს, რ. კ–ს, ნ. კ–ს, ვ. ზ–ს და ნ. ბ–ს შემადგენლობით. ისინი მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მოდავე მხარეებს მოუწოდეს სიმშვიდისაკენ. შემთხვევის ადგილზე მივიდა მომხდართან ახლოს მცხოვრები, ქ–ს შსს განყოფილების თანამშრომელი – ლ. ჭ–ც, რომელმაც ინციდენტის შეტყობის შემდეგ, გადაწყვიტა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში პოლიციის მუშაკების დახმარება. ფ. ე–ი, ლ. კ–სა და მ. ბ–თან ერთად, დაჯდა თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის საჭესთან, ავტომანქანა სწრაფი უკუსვლით დაძრა ადგილიდან, რა დროსაც ავტომანქანა შეეჯახა შემთხვევის ადგილზე მყოფ ლ. ჭ–სეს, რის შედეგადაც, იგი დაეცა ძირს და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება – თავის ტვინის შერყევის, მარცხენა წვივის წინა ზედაპირის ნახეთქი ჭრილობის სახით. ამის შემდეგ ისინი გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან ქ. ც–ს მიმართულებით. მათი დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთის მიზნით, ქ–ს შსს განყოფილების ოპერატიული ჯგუფის წევრები, ,,უაზის” მარკის ავტომობილით, სახ. N ..-ით, დანაშაულის ჩამდენ პირებს დაედევნენ სოფელ თ–ს ავტოსაგზაო საგუშაგომდე. ფ. ე–მა, ლ. კ–მა და მ. ბ–მა მიაღწიეს ქალაქ ც–ს ტერიტორიას, რის გამოც, ქ–ს შსს განყოფილების ოპერატიული ჯგუფის წევრებმა შეწყვიტეს დევნა. ქ. ც–ში შესვლის შემდეგ, ფ. ე–მა, მ. ბ–სა და ლ. კ–თან წინასწარი შეთანხმებით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, რომელსაც ინახავდა და ატარებდა მართლსაწინააღმდეგოდ, განიზრახა პოლიციის მუშაკებისთვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში ხელის შეშლა, დანაშაულებრივი განზრახვის აღსრულების მიზნით, მ. ბ–თან და ლ. კ–თან ერთად, რომლებიც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ და ატარებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს, მის მიერ მართული ,,გაზ-2107” მარკის ავტომობილით, ქ. ც–დან გაემართა სოფელ თ–ს მიმართულებით, რა დროსაც ისროლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან, თ–ს საგზაო პოსტს გასცდნენ, დაახლოებით, 60-70 მეტრით, ისევ შემოაბრუნეს ავტომანქანა და ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლით, კვლავ გაემართნენ თ–ს საგუშაგოსკენ. ისინი შენიშნეს ქ–ს შსს განყოფილების მუშაკებმა, რომლებიც ამ დროს ატრიალებდნენ თავიანთ ,,უაზის” მარკის ავტომანქანას, სასწრაფოდ გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და განერიდნენ შემთხვევის ადგილს. ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩამდენმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზიანებები მიაყენეს ქ–ს შსს განყოფილების ოპერატიული ჯგუფის ავტომანქანა ,,უაზს”, რომელიც გაჩერებული იყო თ–ს საგზაო საგუშაგოსთან და შიგნით არავინ იჯდა, ამასთან, დაეჯახნენ ავტომობილით, ძალით გადასწიეს სავალი გზიდან, რის შემდეგაც გზა გააგრძელეს და შევიდნენ ქ. ც–ში.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის განაჩენით:

3.1. ფ. ე–ი, – დაბადებული 19.. წელს, – დაუსწრებლად ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის 120-ე მუხლით (2004 წლის 10 იანვარს მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში.

გაუქმდა ფ. ე–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – დაპატიმრება.

3.2. ლ. კ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – დაუსწრებლად ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2004 წლის 10 იანვარს მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში.

გაუქმდა ლ. კ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – დაპატიმრება.

3.3. მ. ბ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – დაუსწრებლად ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2004 წლის 10 იანვარს მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში.

გაუქმდა მ. ბ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – დაპატიმრება.

გამართლებულებს განემარტათ, რომ უფლება აქვთ, აუნაზღაურდეთ მიყენებული ზიანი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ია მეფარიშვილმა. ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა: გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება; მ. ბ–ისა და ლ. კ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით (2004 წლის რედაქცია), სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის; ხოლო ფ. ე–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (2004 წლის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ია მეფარიშვილმა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მ. ბ–ისა და ლ. კ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით (2004 წლის რედაქცია), სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, ხოლო ფ. ე–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (2004 წლის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, შემდეგი საფუძვლებით: აპელანტის პოზიციით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ იქნა ერთმანეთთან შეთანხმებული, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდა მ. ბ–ის, ფ. ე–ისა და ლ. კ–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა.

7. გამართლებულების – ფ. ე–ისა და ლ. კ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. გ–ი, ასევე, გამართლებულ მ. ბ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. ბ–ი საკასაციო საჩივრის შესაგებლებით მოითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას და პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 132-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება, მათი ერთობლიობით – დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 496-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

11. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ მ. ბ–მა და ლ. კ–მა ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (2004 წლის რედაქცია), სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, ხოლო ფ. ე–მა – საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (2004 წლის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები, არ დასტურდება უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით. საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დგინდება ფ. ე–ის, ლ. კ–ისა და მ. ბ–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა, კერძოდ:

12. შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირების, მათ შორის, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულების – მ. ჭ–ს, ნ. ბ–ს, ვ. ზ–ს, მოწმეების – ნ. კ–ს, ნ. ყ–ის ჩვენებებით არ დასტურდება შემთხვევის ადგილზე ფ. ე–ის, ლ. კ–ისა და მ. ბ–ის ყოფნის ფაქტი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მითითებულ პირთა ჩვენებებზე, სახელდობრ: მათ ვერ გაიხსენეს ზუსტად რამდენი პირი იყო (ორი თუ სამი) თავდამსხმელი, რამდენი ადამიანი იჯდა ა/მანქანაში, აგრეთვე ვერ მიუთითეს მათი ვინაობა. მოწმეებმა ასევე, ვიზუალურადაც კი ვერ გაიხსენეს და აღწერეს ფ. ე–ი, ლ. კ–ი და მ. ბ–ი.

13. მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ განსასჯელთა ვინაობა მათთვის ცნობილი გახდა მხოლოდ მოგვიანებით – ცხინვალის პროკურატურიდან, მაშინ როდესაც, 2004 წლის 25 თებერვლის წერილის თანახმად, დგინდება, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ცხინვალის პროკურატურაში ინფორმაცია არ შესულა, ასევე არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე. მხოლოდ 2004 წლის 14 იანვრის N... წერილი (რომლის თანახმად, ქ–ს შ.ს. განყოფილების უფროსი, პოლიციის ლეიტენანტი ზ. რ–ე ქ. ც–ს პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებელ გ. ხ–ს ატყობინებს შემდეგს: მათ მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ თეთრი ფერის ა/მანქანა ,,ვაზ. 21.07-ს”, სახ. N........ მართავდა ც–ს რაიონის, სოფელ გ–ში მცხოვრები ფ. ე–ი, რომელსაც თან ახლდნენ ......ში მცხოვრები – მ. ბ–ი და ლ. კ–ი), მით უფრო, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში არ დაკითხულა წერილის ავტორი, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, არ არის საკმარისი და ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

14. ამდენად, დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებით, ასევე საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით დგინდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ გ–ში, სოფელ ხ–ს გადასახვევთან მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც სხვადასხვა პირებს შორის მოხდა კონფლიქტი და პოლიციის მანქანის მიმართულებით გასროლები, მაგრამ დასახელებულ შემთხვევასთან, უშუალოდ ფ. ე–ის, ლ. კ–ისა და მ. ბ–ს კავშირი უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამასთან, დეტალურად მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც ფ. ე–ი, ლ. კ–ი და მ. ბ–ი ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ მათ მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებებში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, პროკურორის სააპელაციო საჩივარში მითითებულ ყველა არგუმენტს (რომელთა თაობაზეც სახელმწიფო ბრალმდებელი ასევე უთითებს საკასაციო საჩივარში), გასცა დეტალური და ამომწურავი პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად ეთანხმება.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. გაბინაშვილი